თსუ-ს სტუდენტური კაპელა საერთაშორისო ფესტივალის გრან პრის მფლობელია

თარიღი: 2023-05-29 17:43:33

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა მე-19 საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის Mundus Cantat 2023 გამარჯვებული და გრან პრის (The Grand Prix) მფლობელი გახდა. უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი ლაშა მიროტაძის ხელმძღვანელობით ფესტივალზე Mundus Cantat 2023 საქართველოს სახელით მონაწილეობდა. კონკურსის მასპინძელი ქვეყანა კი პოლონეთი იყო.

კონკურსში მონაწილეობას 11 ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის, ლიეტუვის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ისრაელის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი გუნდი იღებდა.

Mundus Cantat 2023-ის კონკურსი ორ ტურად გაიმართა და ფინალურ ეტაპზე, საქართველოსთან ერთად, აშშ-ის, ჩეხეთის რესპუბლიკის და პოლონეთის წარმომადგენელი გუნდები გადავიდნენ. საერთაშორისო ფესტივალზე გუნდები 3 კატეგორიაში მონაწილეობდნენ: საეკლესიო, ფოლკმუსიკა, გოსპელი და ჯაზი. კატეგორიებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით. ფინალურ – გრან პრის ეტაპზე თითოეულ კონკურსანტ გუნდს უნდა წარმოედგინა ორი ნაწარმოები, რომელთაც თავად შეარჩევდნენ.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტს და თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ჩვენი კონკურსზე წასვლა ნამდვილად არ გამოვიდოდა.

რაც შეეხება უშუალოდ კონკურსს, კონკურსანტი გუნდები იყვნენ ამერიკიდან, ლატვიიდან, ისრაელიდან, ჩეხეთიდან… არა მარტო ევროპიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ვესწრებოდით ყველა მონაწილის გამოსვლას, ვუსმენდით, არაჩვეულებრივი გუნდები იყვნენ – აკადემიური და პროფესიონალური შესრულებით გამოირჩეოდნენ. თუმცა, უკვე მეორე ტურში, სადაც ოთხი გუნდი გადავიდა, ჟიურიმ ერთხმად გრან პრის მფლობელად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა დაასახელა. ჩვენი ფინალური პროგრამა ორ ნაწარმოებს ითვალისწინებდა  – იოსებ კეჭაყმაძის „კეკელ-ჯან“ და  „ავე მარია“. მე მომენიჭა კონკურსის საუკეთესო დირიჟორის წოდება და ასევე გადმოგვეცა დიპლომი ნომინაციაში – „ხალხის სიმპათია“ – გამარჯვებისთვის. თსუ-ს სტუდენტური კაპელა გახდა კონკურსის მთავარი სპონსორის  – კომპანია „ზიაია“-ს რჩეულიც.

ამ ეტაპზე ჩვენი გეგმები ძალების აღდგენას უკავშირდება, თუმცა თსუ-ს კაპელა ემზადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიმნის შესასწავლად, რომელზეც კონკურსია გამოცხადებული. რეპეტიციებს ვაგრძელებთ. არ ვჩერდებით. ორიენტირებულები ვართ წინსვლაზე“, – ამბობს თსუ-ს კაპელას ხელმძღვანელი, დირიჟორი ლაშა მიროტაძე.

კონკურსის ჟიური ევროპის წამყვანი სპეციალისტებით იყო დაკომპლექტებული. საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მიღება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურ გუნდებს შეუძლიათ. ფესტივალი მოიცავს როგორც კონკურსს, ისე მონაწილეთა შეხვედრებს ამ დარგის წამყვან სპეციალისტებთან.

ფესტივალის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო აფრო-ამერიკული მუსიკის თემატიკაზე გამართულ სემინარში, რომელსაც ჰარდინგის უნივერსიტეტის პროფესორი კლიფ განუსი ატარებდა. კაპელა, ასევე, დაესწრო შეხვედრას თემაზე – ქართული თანამედროვე საგუნდო მუსიკა, რომელსაც ატარებდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ლიანა ჭონიშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn