თსუ-მ წელს 7191 პირველკურსელი მიიღო

თარიღი: 2026-09-23 17:13:35

თსუ-ში ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო და უნივერსიტეტს 7191 პირველკურსელი შეემატა.

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის, ზურაბ გოგშელიძის თქმით, უნივერსიტეტი ახალ ციკლს სრული მზადყოფნით ხვდება: „ორგანიზაციული და ადმინისტრაციული პროცესები, მათ შორის პირველკურსელთა ხელშეკრულებების გაფორმება და აკადემიური რეგისტრაცია, უკვე დასრულებულია. წელს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას, ისე სასწავლო გარემოს მოქნილობასა და სტუდენტების საჭიროებებზე მორგებას. მზად ვართ, ათასობით სტუდენტს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო გარემო შევთავაზოთ“.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თსუ-მ წელსაც შეინარჩუნა ქვეყნის ლიდერის პოზიცია – აბიტურიენტთა უმრავლესობისთვის უნივერსიტეტი კვლავ პირველი არჩევანი აღმოჩნდა. სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ ტრადიციულად მაღალი მოთხოვნით სარგებლობს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, სადაც 2645 სტუდენტი ჩაირიცხა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებაზე ჩარიცხულია 1909, იურიდიულ ფაკულტეტზე – 1230, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 906, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე – 345,  ხოლო ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 156 სტუდენტი;

როგორც ზურაბ გოგშელიძე აღნიშავს, სტუდენტთა წლევანდელ ნაკადზე დაკვირვებისას რამდენიმე საინტერესო ტენდენციაა შესამჩნევი: ,,პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თსუ კვლავ რჩება რეგიონებიდან წამოსული ახალგაზრდების ძირითად მიზიდულობის ცენტრად – ეს ცხადყოფს, რომ უნივერსიტეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბრად ხელმისაწვდომი და მიმზიდველია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებების მიმართ ახალგაზრდების ინტერესი. სტუდენტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ იმ პროფესიებს, რომლებიც მომავალში მაღალკონკურენტულნი და მოთხოვნადნი იქნება”.

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, უნივერსიტეტში აქტიურად ინერგება უმაღლესი განათლების რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებები. დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, მიმდინარე სიახლეები მიზნად ისახავს საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მიახლოებას, პრაქტიკული კომპონენტებისა და სტუდენტების კვლევითი უნარების გაძლიერებას.

,,რაც შეეხება გამოწვევებს, ნებისმიერი მასშტაბური ცვლილება, ბუნებრივია, მოითხოვს გარკვეულ ადაპტაციას – როგორც აკადემიური პერსონალის, ისე ადმინისტრაციისა და სტუდენტების მხრიდან. მთავარი გამოწვევა არის დროის მოკლე მონაკვეთში ყველა ახალი რეგულაციის პრაქტიკაში უმტკივნეულოდ დანერგვა, თუმცა სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, ფაკულტეტებთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან მჭიდრო კოორდინაციით, წარმატებით უმკლავდება ამ პროცესს და ყველა ტექნიკური თუ ორგანიზაციული ხასიათის საკითხი ოპერატიულად წყდება”, – განაცხადა ზურაბ გოგშელიძემ გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბარში.

თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი პირველკურსელებს სწავლის დაწყებას ულოცავს და ურჩევს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც თსუ მათ სთავაზობს. ,,სააუდიტორიო ლექციების გარდა, თსუ არის ცხოვრებისეული სკოლა, მეგობრობის, მეცნიერული ძიებისა და პიროვნული ზრდის სივრცე. იყავით თამამები, გამოიჩინეთ ინიციატივები და არ შეუშინდეთ გამოწვევებს. იამაყეთ იმით, რომ ხართ თსუ-ელები!” – ამბობს ზურაბ გოგშელიძე.

Facebook
Twitter
LinkedIn