რა სურვილებს ჩაუთქვამენ თსუ-ს თანამშრომლები 2026 წელს?
თარიღი: 2025-12-16 16:49:13
საახალწლოდ უნივერსიტეტის სივრცე ულამაზესად ირთვება და მის ყველა თანამშრომელს, პროფესორსა და სტუდენტს საუკეთესო განწყობა ექმნება. სწორედ ამ განწყობამ გვიკარნახა – მორთული პატარა ყუთით მიგვეკითხა თსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის და ამ ყუთში 2026 წლის სურვილების ჩაყრა გვეთხოვა. გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციამ მისია პირნათლად შეასრულა და მოვაგროვეთ წერილები, რომლებშიც თითოეულის საახალწლო სურვილებია აღნუსხული. უმეტესობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან ხელფასების გაზრდას და კეთილდღეობისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას ელოდება. რა ჩაუთქვეს ახალ 2026 წელს თსუ-ს თანამშრომლებმა? – მათ დავპირდით, რომ მათი სურვილები გაზეთში აისახებოდა…

- მინდა, რომ 2026 წელს მშვიდობა იყოს უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები მხოლოდ სწავლაზე იქნებიან ორიენტირებულნი და არა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულნი.
- ვისურვებდი პროფესიონალ, ზრდილობიან აკადემიურ პერსონალს 2026 წელს.
- თსუ-ს თანამშრომლებს ვუსურვებ წარმატებას, ახალ მიღწევებს, თამამი პროექტების განხორციელებას, პოზიტიურ ატმოსფეროს სამსახურში, ღირსეულ შრომის ანაზღაურებას.
- ვისურვებდი უნივერსიტეტის ახალი გაუმჯობესებული ვებგვერდის შექმნას, კარგ სამუშაო პირობებს და მაღალ ანაზღაურებას.
- მინდა, რომ სამსახურში ყოფნისას სტაბილურობის შეგრძნება გვქონდეს და მუდამ შიში არ გვამოძრავებდეს ცვლილებებისა, რომელსაც კადრების შემცირების არასასურველი შედეგები ახლავს.
- ვისურვებდი უნივერსიტეტის ფაკულტეტების სრულ შენარჩუნებას და გაძლიერებას.
- ჩემი სურვილია ხელფასის მომატება და ცოტა მეტი პატივისცემა.
- მსურს, უმაღლესი განათლების რეფორმა წარმატებით განხორციელდეს.
- ვისურვებდი გარშემო ბედნიერ, გახარებულ, წარმატებულ ახალგაზრდებსა და თანამშრომლებს.
- ვუსურვებ შემდგომ წარმატებას როგორც სტუდენტებს, ასევე აქ მომუშავე თითოეულ ადამიანს. დაფასებულიყოს მათი ერთგულება დედა უნივერსიტეტისადმი.
- ვისურვებ თსუ-ს წინსვლას და მეგობრულ გარემოს, მეტ შესაძლებლობებს როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მომუშავე პერსონალისთვის. დაე, დაფასდეს იმ ადამიანების შრომა, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან უნივერსიტეტს.
- დიდი სურვილი მაქვს, 2026 წელს შტატიანი თანამშრომლები გავხდეთ, რათა ჯანმრთელობის დაზღვევა დაგვიფინანსდეს და ჩვენი ჯანმრთელობა დაცული გახდეს. ეს მიდგომა მატერიალურ შეღავათს მოგვცემს. იმედია, ბატონი რექტორი ჩვენს სურვილებს გაითვალისწინებს.
- ერთადერთი სურვილია – თუ დღევანდელი მოცემულობა უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება, დარჩეს იგივე და არ მოხდეს ფაკულტეტების შემცირება, მისაღებ სტუდენტთა კლება.
- კარგი იქნებოდა ეფექტური კომუნიკაცია უნივერსიტეტის პერსონალსა და თსუ-ს ხელმძღვანელობას შორის. თუ მმართველი რგოლის მხრიდან თანამშრომლებისთვის კეთილდღეობის შექმნა ერთ-ერთი პირველი მიზანი გახდება, უნივერსიტეტი კიდევ უფრო გაძლიერდება – სწორედ ამას ვისურვებდი 2026 წლისთვის.
- 2026 წელს სურვილს ვუგზავნი, რომ თსუ იყოს კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი, ადამიანებზე ორიენტირებული; რომ ეს იყოს ადგილი, სადაც თანამშრომლებსა და სტუდენტებს ეამაყებათ ყოფნა.
- მინდა აღვნიშნო ძირითადი სურვილები: თსუ-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შრომის სათანადოდ დაფასება უნდა გახდეს მმართველი რგოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სამართლიან და კონკურენტულ ანაზღაურებას უნდა ერთვოდეს წამახალისებელი მექანიზმები – მადლობის სიგელები, პრემიები და პროფესიონალის აღიარების სხვა ფორმები, რომლებიც თანაბრად და გამჭვირვალედ უზრუნველყოფს თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებას. დღევანდელი რეალობა გვაჩვენებს, რომ დაბალი ხელფასი და მაღალი სამუშაო დატვირთვა ახალგაზრდა თანამშრომლების მნიშვნელოვან ნაწილს აიძულებს – დატოვოს უნივერსიტეტი. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის ინსტიტუციის განახლებასა და პოტენციალს, რადგან სწორედ ახალგაზრდებში იმალება ის ენერგია, ახალი ხედვა და ინიციატივა, რაც კონკურენტუნარიან აკადემიურ სივრცეს ქმნის. ამასთან, უნივერსიტეტში დარჩენილი კადრების ნაწილის მიერ სამუშაო პროცესის ერთგვაროვნება და შაბლონური მიდგომები ხშირად იწვევს სირთულეებს, რაც გავლენას ახდენს მომსახურების ხარისხზე და უნივერსიტეტის მთლიან განვითარებაზე. მინდა, რომ 2026 წელი იქცეს ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობის წლად. მხოლოდ ამ პირობებში იქნება შესაძლებელი, რომ უნივერსიტეტმა სრულად გამოიყენოს თავისი აკადემიური პოტენციალი და წარმატებით აისახოს ეს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
- მომავალი წელი უნივერსიტეტისათვის მინდა იყოს ინოვაციების, სტაბილურობის, მშვიდობისა და საერთაშორისო აღიარების წელი, რათა უნივერსიტეტმა კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი პოზიცია, როგორც ქვეყნის წამყვანმა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრმა.
- ვისურვებ პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შემოთავაზებას ადმინისტრაციის მხრიდან.
- ვისურვებდი – უნივერსიტეტი იყოს მოწინავე და ღისეულად იკავებდეს ლიდერის პოზიციას ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.
- 2026 წლისთვის მსურს უნივერსიტეტის ავტონომიის შენარჩუნება.
- ვისურვებდი, რომ პრემიების ადრინდელი ტრადიცია დაბრუნდეს და წაგვახალისონ თანამშრომლები.
- 2026 წლის მთავარი სურვილია რუსთავამდე მიწისზედა მეტროს გაყვანა, რათა განათლების რეფორმას საფრთხე არ შეექმნას.
- ვისურვებდი ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის საახალწლო პრემიების დარიგებას; ქალთა დღესთან დაკავშირებით, წახალისების მიზნით, საჩუქრების გადმოცემას; ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების შესაქმნელად საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფას.
- ჩემი სურვილია ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსება.
- ვისურვებდი სახელმწიფომ უფასო სწავლებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტს გამოუყოს იმდენი ფინანსები, რითაც შესაძლებელი გახდება – ხელფასები მიუახლოვდეს ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების ხელფასებს; თანამშრომლები იყვნენ უფრო ლაღები და ბედნიერები; დასაოჯახებლები დაოჯახდნენ…
- ვისურვებუდი თსუ-სთვის ძველი დიდების დაბრუნებას.
- მინდა, რომ განათლების რეფორმა უმტკივნეულოდ ჩატარდეს და უნივერსიტეტის შენობებს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს გასხვისების თვალსაზრისით.
- დაე, 2026 წელი იყოს ჩვენი ქვეყნისათვის ერთიანობის, მშვიდობის და გამარჯვებების წელი, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის იყოს განათლების, იდეების, ეროვნულობის და თავისუფლების სიმბოლო.
Facebook
Twitter
LinkedIn
ნინო კაკულია
ნინო კაკულია - თსუ-ის პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის ხელმძღვანელი, გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი. ამ პოზიციაზე მუშაობს 2006 წლიდან. არის ტელე-ჟურნალისტი. 1995-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში გადაცემა ,,ალიონის“ ჟურნალისტად და უძღვებოდა პოლიტიკურ მიმოხილვებს, პრესის მიმოხილვას. ავტორია არაერთი პუბლიცისტური ჩანახატისა. არის 27-მდე დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორი. არის საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის წევრი. არის ა/ო საქართველოს ჟურნალისტთა ახალი თაობა - ,,ალიონი 21“-ის დამფუძნებელი.
ყველა სტატია
