შეჯამდა თსუ-სა და გაუ-ს ერთობლივი კვლევითი პროექტის ერთწლიანი მონაკვეთი
2023 წელს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი იქნა 3-წლიანი სამეცნიერო პროექტი „საზოგადოება გარდაქმნის ეპოქაში: თანამედროვე საქართველოს სოციალური სტრუქტურა”, რომელიც მიზნად ისახავს, პირველად ქართული სოციალური მეცნიერებების ისტორიაში, შეისწავლოს და ჩამოაყალიბოს ქართული საზოგადოების სტრატიფიკაცია.
აღნიშნული კვლევა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. მკვლევართა გუნდსაც, შესაბამისად, ამ ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეადგენენ. კვლევაში ჩართულნი არიან: ზაზა რუხაძე (კვლევის ხელმძღვანელი, გაუ-ს დეკანი), ბაქარ ბერეკაშვილი (გაუ-ს პროფესორი, მკვლევარი), სანდრო ცაგარელი (თსუ-ს დოქტორანტი და პროექტის კოორდინატორი), ანა პაპიაშვილი (თსუ-ს დოქტორანტი, მკვლევარი).
კვლევა გულისხმობს თანამედროვე ქართული საზოგადოების სოციალური ქსოვილის დახასიათებას, თუ რა ჯგუფებისგან შედგება ჩვენი საზოგადოება და რით ხასიათდებიან უშუალოდ ისინი.
კვლევა აღნიშნულისთვის იყენებს სოციალური მილიოს კონცეპტს.
რატომ სოციალური მილიო?
თანამედროვე კვლევებში სოციალურ მილიოში ძირითადად მოიაზრებიან თანამოაზრეთა ჯგუფები, რომლებსაც ერთნაირი ღირებულებები, პრინციპები, ცხოვრების სტილი, ახლობლებთან ურთიერთობები , მენტალიტეტი და სხვ. ახასიათებთ. შესაბამისად, მას ხშირად უწოდებენ ჰორიზონტალურ კლასს.
კვლევის მიზანია, დაახასიათოს ის საზოგადოება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც საქართველოსთვის ხასიათდება მნიშვნელოვანი ცვლილებებით – ახალი ეკონომიკური წესრიგით, ახალი ღირებულებებითა და ცხოვრების წესით.
ამ პროექტს გამოარჩევს მისი მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს, რომელშიც ერთად იქნება დამუშავებული თეორიული ჩარჩო და მონაცემები. შესაბამისად, თეორიულ მუშაობასთან ერთად, განხორციელებული იქნება ღრმა მონაცემთა ანალიზი ევროპულ cross-country მონაცემთა ბაზებზე (International Social Survey Programme; Eurobarometer; European Social Survey; European Value Study), რომელიც დამატებით უპირატესობას ანიჭებს ამ კვლევით პროექტს, რადგან შესაძლებელს ხდის სხვა ქვეყნებთან შედარებას, დაჯგუფებას, მსგავსებების და განსხვავებების გამოვლენას, შედეგების სანდოობასა და მნიშვნელობას, ასევე როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორის მიერ მის გამოყენებას დაგეგმარების, შედეგიანი სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურული პოლიტიკის ან ცალკეული პროექტების წარმოების მიზნით.
„მონაცემთა მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევითი საქმიანობა, მოგეხსენებათ, დიდი ფუფუნებაა ჩვენს რეალობაში. ამდენად, ზემოთ ხსენებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ამ და სხვა პროექტების ფარგლებში, ვფიქრობთ, დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს. ამჯერად პროექტი აჯამებს საქმიანობის ერთ წელს. აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს საზოგადოების სტრუქტურის დახასიათებისათვის, როგორც მეთოდოლოგიური, ისე თეორიულ-კონცეპტუალური მიმართულებით. პროექტის უცხოელ კონსულტანტებთან თანამშრომლობით გაფართოვდა მონაცემთა ბაზების და წყაროების ჩამონათვალი, რომლის დამუშავების საფუძველზე უნდა შედგეს ჩვენი საზოგადოების სოციალური რუკა, თუ რა ძირითადი ჯგუფებისგან შედგება ჩვენი სოციუმი და რით ხასიათდებიან ეს ჯგუფები. მეორე მხრივ, ლიტერატურაზე მუშაობამ, სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად გაამდიდრა კვლევა ტრანზიციულ პერიოდამდე ქართული საზოგადოების დახასიათების კუთხით“, – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში თსუ-ს დოქტორანტი და პროექტის კოორდინატორი სანდრო ცაგარელი.
პროექტზე მუშაობა გრძელდება. მიმდინარე და შემდგომი წელი დატვირთული იქნება მოხსენებებით საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე, რომლებზეც, სამკვლევრო ჯგუფი კვლევის შუალედურ და საბოლოო შედეგებს წარადგენს.