ტრიესტის უნივერსიტეტში გატარებული ერთი სემესტრი

თარიღი: 2025-04-07 21:10:36

ლაშა მაჩაბელი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობას ეუფლება. უკვე დამამთავრებელ კურსზე მყოფი განსაკუთრებულად იხსენებს იტალიაში გატარებულ სემესტრს, როცა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტრიესტის უნივერსიტეტში სწავლობდა. ლაშას თქმით, ეს გამოცდილება მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და მის როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ განვითარებას შეუწყო ხელი.

,,ტრიესტის უნივერსიტეტში სწავლა ჩემთვის დაუვიწყარი გამოცდილება იყო. იქ ვსწავლობდი „დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებს“, თუმცა, სალექციო კურსები „ევროპული პოლიტიკის ციფრული, ეკოლოგიური და სოციალური ტრანსფორმაციების“ მიმართულებიდანაც ავირჩიე. იქ გავეცანი ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა საერთაშორისო სამართალი, ევროპული ინტეგრაცია, საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია და გლობალური გამოწვევები. ლექციები იყო ცოცხალი და ინტერაქციული – პროფესორები მაძლევდნენ საშუალებას ჩავრთულიყავი დისკუსიებში, გამეზიარებინა ჩემი ქვეყნის გამოცდილება და დამესვა შეკითხვები”, – ამბობს ლაშა.

გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბრისას  ლაშამ მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებაზე გაამახვილა ყურადღება. მას კლასგარეშე აქტივობების შესახებაც ვკითხეთ და გვიპასუხა, რომ აქტიურად მონაწილეობდა Erasmus Student Network-ის ღონისძიებებში. ეს სტუდენტს საშუალებას აძლევდა – უკეთ გაეცნო სხვადასხვა კულტურა და შეეძინა მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

მთავარი, რაც ლაშას საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილებას გამორჩეულს ხდის, უამრავი მოგზაურობაა. იგი ესტუმრა იტალიის ქალაქებს, როგორიცაა რომი, მილანი, ვენეცია, ფლორენცია და კომო; ასევე დაათვალიერა საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრია, უნგრეთი და ჩეხეთი.

სანამ ტრიესტის უნივერსიტეტში სწავლას დაიწყებდა, ლაშამ, სტანდარტულად, საგნების არჩევის ეტაპი გაიარა: ,,პირველ რიგში, მსურდა ისეთი კურსები ამერჩია, რომლებიც ჩემს მთავარ აკადემიურ მიმართულებას – საერთაშორისო ურთიერთობებს – შეესაბამებოდა. მაგალითად, „საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია“ და „საერთაშორისო და ევროკავშირის სამართალი“ პირდაპირ კავშირშია ჩემს სპეციალობასთან. ამავდროულად, მინდოდა გამეფართოებინა ჩემი ჰორიზონტი და შემესწავლა თემები, რომლებიც აქამდე ნაკლებად მქონდა შესწავლილი – მაგალითად, „ერი, რელიგია და კონფლიქტი სამხრეთ აზიაში“. ამ საგანმა საშუალება მომცა მეტი გამეგო სამხრეთ აზიის რეგიონის კომპლექსური დინამიკის შესახებ. ლექციებზე განვიხილავდით რელიგიურ და ეთნიკურ კონფლიქტებს, ისტორიული მოვლენების გავლენას თანამედროვე პოლიტიკაზე და რეგიონის როლს გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში”.

თსუ-სა და ტრიესტის უნივერსიტეტს შორის არსებული მსგავსების განხილვისას ლაშა აღნიშნავს, რომ ორივე უნივერსიტეტი ძლიერი აკადემიური ტრადიციებით გამოირჩევა და ორივე მათგანში ლექციები ინტერაქციულია. განსხვავებებზე საუბრისას კი განმარტავს: ,,თსუ-ში სწავლისას მეტი აქცენტია სტუდენტის ყოველდღიურ ჩართულობაზე – ლექციები, სემინარები, პრეზენტაციები და ხშირი შეფასებები ქმნის სწავლის მუდმივ ტონუსს. ტრიესტში კი სისტემა უფრო მოდუნებულია: აკადემიური მოსწრება, ძირითადად, ფინალური გამოცდებით ფასდება, რაც ჩემთვის თავიდან უცხო იყო. იტალიაში ზეპირი გამოცდების სტილი გავრცელებულია, რამაც ახალი გამოცდილება მომცა, თუმცა მოითხოვდა მეტ მომზადებას და თავდაჯერებულობას. ასევე, ტრიესტში მეტი აქცენტი კეთდება დამოუკიდებელ კვლევაზე და ინდივიდუალურ მუშაობაზე, ხოლო თსუ-ში მეტად გუნდური მიდგომაა”.

ლაშას თქმით, იტალიაში ყოფნისას მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თავად ქვეყნის მრავალფეროვნებამ და მისმა უნიკალურმა გარემომ დატოვა: ,,აღფრთოვანებული ვიყავი იტალიის ქალაქებით, მისი მდიდარი კულტურით, ტრადიციებითა და, რა თქმა უნდა, გემრიელი კერძებით, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდა. ძალიან სასიამოვნო იყო ერთ დღეს ტრიესტში ყოფნა, სადაც ზღვისპირა სიმშვიდითა და ქალაქის მრავალფეროვანი კულტურის ხიბლით ვტკბებოდი, მეორე დღეს ვენეციაში გონდოლით გასეირნება, შემდგომში კი ფლორენციის, მილანის, რომისა და სხვა გასაოცარი ქალაქების სიდიადით აღფრთოვანება. განსაკუთრებით აღსანიშნავია იქაური ხალხი – უკიდურესად კომუნიკაბელური, მხიარული და თბილი. მათი ენერგია და სიცოცხლისადმი სიყვარული ნამდვილად გადამდები იყო”.

დაბოლოს, ლაშას ვკითხეთ  – თუ რა ისწავლა და რას გამოარჩევდა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებიდან: ,,ახალ გარემოსთან შეგუება, ენის ბარიერის გადალახვა, ოჯახისგან შორს, უცხო ქვეყანაში ცხოვრება, ლექციებისა და სოციალური ცხოვრების დაბალანსება ხშირად ნამდვილი გამოწვევა იყო. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ სირთულეებმა მაჩვენა, რომ წინსვლა რეალურად მაშინ არის შესაძლებელი, როცა ვსწავლობთ ადაპტაციას და დროის გონივრულ მართვას. მიმაჩნია, რომ ეს გამოცდილება გახდება საფუძველი იმ მიღწევებისთვის, რაც მომავალში მელის.”

Facebook
Twitter
LinkedIn