რა პირობები უნდა შექმნას უნივერსიტეტმა კონკრეტულად უსინათლო ან მცირედმხედველი სტუდენტებისთვის?
13-16 თებერვალს თსუ–ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებთან მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. თსუ-ს თანამშრომლებს მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს მხედველობის დარღვევების მქონე პირებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანის“ წარმომადგენლებმა.
ტრენინგი ჩატარდა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის – „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion – CISI) ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) პროგრამის მიერ.
ტრენინგს უძღვებოდნენ არასამთავრო ორგანიზაცია ,,მარიანის” წარმომადგენლები – მარიამ და ანა მიქიაშვილები.
თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა, 202-ე საჯარო სკოლის (უსინათლო ბავშვთა სკოლა) დირექტორის მოადგილემ მარიამ მიქიაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ამ პროექტის ფარგლებში 11 კურსი დაინერგა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე კონკრეტულად განათლების პროგრამის სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის. გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, პროექტში ჩართულია თელავის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებიც. პროექტს ჰყავს უცხოელი პარტნიორები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ ეტაპზე ტრენინგები მხოლოდ თსუ-ში ჩატარდა, იგეგმება მისი ჩატარება ბათუმშიც: „ასეთი ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოების ცნობიერება საკმაოდ დაბალია. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ შშმ პირებთან ურთიერთობაში არ არის საკმარისი მხოლოდ ის, რომ ადამიანი იყოს კეთილი და კარგი, ამას სჭირდება სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება. აქედან გამომდინარე, ეს ტრენინგები ერთგვარი საშუალებაა, რომ უნივერსიტეტის პერსონალმა – როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ისე ლექტორებმა, გარკვეული ცოდნა და უნარები შეიძინონ, თუ როგორ იმუშაონ და რა მხარდაჭერა გაუწიონ უსინათლო და მცირედმხედველ სტუდენტებს“, – აღნიშნა მარიამ მიქიაშვილმა.
რა პირობები უნდა შექმნას უნივერსიტეტმა კონკრეტულად უსინათლო ან მცირედმხედველი სტუდენტებისთვის? მარიამ მიქიაშვილის განმარტებით, ამ გარემოსთვის საჭიროა:
– უშუალოდ სასწავლო რესურსების, სასწავლო მასალების მისაწვდომობა – იგულისხმება წიგნები, ელექტრონულ ფორმატში მიწოდებული საგამოცდო მასალები კომპიუტერისა და კომპიუტერის ეკრანის წამკითხველი ხმოვანი პროგრამის საშუალებით, რათა უსინათლო პირმა ამ ტექსტის გაცნობა შეძლოს; ასევე შეიძლება იყოს კონკრეტული წიგნის აუდიო ვერსია, ან ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი მასალები;
– სტუდენტს უნდა ჰქონდეს წვდომა ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე, რათა საკუთარი კომპიუტერისა და ხმოვანი პროგრამის საშუალებით შეძლოს ციფრულ ბიბლიოთეკებში ლიტერატურაზე მუშაობა;
– ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო მასალები იყოს ელექტრონულ ფორმატში ან ბრაილით დაბეჭდილი;
– მნიშვნელოვანი ასპექტია ისიც, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს სათანადო ფიზიკური გარემო და დამხმარე საშუალებები უსინათლო ან მცირედმხედველი სტუდენტებისთვის – მაგალითად, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებულ კომპიუტერებში ეწეროს ხმოვანი პროგრამები, რომ სტუდენტმა შეძლოს კომპიუტერებთან დაჯდომა და მუშაობა;
– ასევე აუცილებელია მცირედმხედველი სტუდენტისთვის არსებობდეს გამადიდებელი მოწყობილობა, რომლითაც შეძლებს გარკვეული ტექსტის გადიდებას და ასე წაკითხვას;
– მათთვის აუცილებელი და საჭიროა სწორი და კარგი განათება აუდიტორიებში;
– აუდიტორიების კარზე წარწერები უნდა იყოს ბრაილის შრიფტით და დიდი ზომითაც, რათა მცირემხედველმა სტუდენტმაც შეამჩნიოს და უსინათლომაც.
– უნივერსიტეტის შენობებში უნდა იყოს ტაქტილური ბილიკები და ტაქტილური, რელიეფური რუკები, შენობის გეგმები, რომლებითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი თუ ლექტორი შეძლებს გაიგოს – რომელი აუდიტორია სადაა და როგორ მივიდეს ადმინისტრაციის კორპუსში;
– მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტში არსებობდეს პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შშმ პირისთვის მხარდაჭერის გაწევაზე – ეს იქნება ბრაილის შრიფტი თუ სხვა ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელიც უსინათლო სტუდენტს შეიძლება დასჭირდეს. ეს პიროვნება უნდა იყოს შესაბამისი ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე და მათ უნდა ჰქონდეთ ვალდებულება, რომ დამხმარე საშუალებით აღჭურვონ სტუდენტი;
– უსინათლო სტუდენტს უნივერსიტეტში სწავლის პირველ ეტაპზე უნდა გამოუყონ მობილობის ტრენერი, რომელიც სივრცეში დამოუკიდებლად გადაადგილებაში დაეხმარება და აათვისებინებს სივრცეს, რათა შემდგომ სტუდენტმა დამოუკიდებლადაც შეძლოს კორპუსებს შორის და კორპუსის შიგნით სიარული.
მარიამის თქმით, ლექტორებისა და სხვა პერსონალის მხრიდან, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გავესაუბროთ და თავად სტუდენტს, რომლისთვისაც ვგეგმავთ ღონისძიების გატარებას, ვკითხოთ – რა საჭიროება აქვს და რამდენად არის მისთვის მისაღები კონკრეტული ღონისძიება. ეს ფორმატები – როგორ შეიძლება სტუდენტმა ჩააბაროს გამოცდა, საიდან და როგორ უნდა მიიღოს მასალა, რაზეა პასუხისმგებელი ადმინისტრაცია ან ლექტორი, გაწერილი უნდა იყოს დოკუმენტში, რომელსაც დაეყრდნობა მთელი სამუშაო პროცესი. ეს მიდგომა უნდა იყოს ერთიანი იმისთვის, რომ სწორი, სისტემური და შედეგიანი სურათი მივიღოთ.
თსუ-ს შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ მახარაძემ საჭირო და მნიშვნელოვანი უწოდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) სტუდენტებთან მუშაობის უნარ-ჩვევების შეძენას უნივერსიტეტების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის. მისი თქმით, ამიტომაცაა საჭირო ტრენინგები, რომელიც მათ დაეხმარებათ, რომ უნივერსიტეტის თანამშრომლები მზად იყვნენ სწორად იმუშაონ სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებთან. „მთავარია, რომ, როგორც ლექტორმა, ასევე ადმინისტრაციულმა პერსონალმა, მისაღები ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია სსსმ პირებს. ამასთან, ეს კომუნიკაცია იყოს სწორად წარმართული და არ იყოს ღირსების შემლახავი ან, გარკვეულწილად, თუნდაც პოზიტიური დისკრიმინაციის მატარებელი. არ არის საჭირო, ასეთ სტუდენტს ურიგოდ გაუწიო მომსახურება, ან ქულა მოუმატო იმიტომ, რომ შეგეცოდა, უბრალოდ, მათ უნდა შეუქმნა გარემო, რომელშიც ის სრულფასოვან სტუდენტად იგრძნობს თავს“, – აღნიშნა თამარ მახარაძემ.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვართ ინფორმირებულები თანამედროვე მიდგომების შესახებ, ხშირად ლექტორები და საზოგადოების წევრები „ვეხმარებით“ ამ ადამიანებს ისე, რომ მათ ვაგრძნობინებთ, რამდენად განსხვავებულები არიან ჩვენგან და რამდენად არიან ჩვენზე დამოკიდებულები, რაც ღირსების შემლახავია და არაფერი საერთო არ აქვს იმ მიდგომებთან, რასაც გვაწვდის გაეროს შშმ პირთა დაცვის კონვენცია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიუერთდა და ის სოციალური მოდელი, რომლის დანერგვასაც ჩვენი სახელმწიფო ცდილობს. „ვფიქრობ, რომ მსგავსი ტრენინგები ჩვენს უნივერსიტეტს ამზადებს იმისათვის, რომ ამ სტუდენტებს მომზადებული დავხვდეთ და არ შეგვეშინდეს ვინ მოვა – ეტლით მოსარგებლე, სმენის არმქონე, სმენადაქვეითებული, უსინათლო თუ მცირედმხედველი სტუდენტი. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ნებისმიერი შეზღუდვის მქონე სტუდენტს მოვემსახუროთ ისე, რომ მან მიიღოს ის ცოდნა, რაც უნდა მისცეს უნივერსიტეტმა, ხოლო კომუნიკაციისა და ურთიერთობისას კი ღირსეულ მოქალაქედ იგრძნოს თავი“, – აღნიშნა მან.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებთან მუშობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ტრენინგები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1-2 მარტსაც ჩატარდება. ტრენინგებს ჩაატარებს შშმ პირთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ და მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.