ბენეფიციარებთან მუშაობის ტრენინგი იწყება

თარიღი: 2022-10-26 19:12:16

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პერიოდულად, სტუდენტებს  სხვადასხვა  სახის პროექტის დაფინანსებას  სთავაზობს, რომელშიც მათ შესაძლებლობა აქვთ მათთვის საინტერესო საქმიანობაში ჩაერთონ და, გამოცდილების მიღებასთან ერთადპროფესიული კუთხით განვითარდნენ.

„ბენეფიციარებთან მუშაობის ტრენინგი“ – ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც წელს დაფინანსდა. ტრენინგი გაიმართება 5 და 6 ნოემბერს.

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური მუშაობის აქტიური სტატუსის მქონე 10 სტუდენტი. მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე. ტრენინგს გაუძღვება მოწვეული სტუმარი – სოფი მუშკუდიანი. ტრენინგი ჩატარდება ორ ეტაპად.

მელანო კარელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, რომელიც საკუთარი დროის უმეტეს ნაწილს სწავლა-განათლებას უთმობს. ამის პარალელურად მუშაობს და თავისუფალი დრო ნაკლებად რჩება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად მიაჩნია მსგავსი სახის პროექტების არსებობა, რადგან ეს შესაძლებლობაა, რომ განვითარდეს. მისი აზრით, ეს პროექტი დამატებითი მოტივაცია იქნება, რომ აკეთოს ის საქმე, რაც უყვარს: „პრაქტიკოსი სოციალური მუშაკი ვარ, პარალელურად ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობ და ჩემი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე ბენეფიციარებთან უშუალო შეხება მაქვს. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი მეტ ცოდნას შემმატებს ამ კონკრეტულ სფეროში და საშუალებას მომცემს მივიღო გამოცდილება, თუ როგორ უნდა წარვმართო ინტერვიუ სწორად“, – გვითხრა მელანომ.

ნინი ნიკოლაძეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია, რომელიც ყოველი ახალი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაციაში გადის პრაქტიკას. „ვსწავლობ სოციალური მუშაობის ფაკულტეტზე და ამავდროულად გავდივარ პრაქტიკებს ყოველ სემესტრში. პრაქტიკა გავიარე World Vision-ში ლტოლვილებთან, 24 ოქტომბრიდან კი ვიწყებ ზრუნვის სააგენტოში. ამავდროულად მუშაობა უნდა დავიწყო „Space“  ბანკში მისიის მენეჯერის პოზიციაზე“, – გვითხრა მან.

მსგავსი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ნინი მაინც აპირებს „ბენეფიციართა მუშაობის ტრენინგში“ ჩართვას და იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო მეტ დეტალს შეიტყობს ბენეფიციარებთან მუშაობის სპეციფიკაზე და გაიცნობს საინტერესო ადამიანებს: „ზოგადად, ვცდილობ სოციალურად აქტიური სტუდენტი ვიყო და ყველა საინტერესო პროექტში ჩავერთო, განსაკუთრებით ისეთში, რომელიც ჩემს პროფესიას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, არ მინდოდა – ეს შესაძლებლობა დამეკარგა“, – ამბობს ის.

ნინის აზრით, მსგავსი პროექტების არსებობა ძალიან კარგია, ზოგადად, სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის, გამოცდილების მისაღებად და ეს დამატებითი მოტივაციაა. „ვფიქრობ, სტუდენტის კარიერული წინსვლისა და მოტივაციისთვის მსგავსი პროექტები აუცილებელია და მეც ამიტომ გადავწყვიტე, მიმეღო პროექტში მონაწილეობა. ძალიან საინტერესოა, როცა შენი პროფესიის შესახებ სხვა ადამიანების აზრს იზიარებ და საინტერესო აქტივობებით იღებ განათლებას. აღსანიშნავია ფულადი პრიზიც, რომელიც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მისცემს სტუდენტებს“, – გვითხრა ნინიმ.

„ბენეფიციარებთან მუშაობის ტრენინგის“  პირველ ეტაპზე მოწვეული ტრენერი ჩაატარებს ორდღიან ტრენინგს, რომელზეც სტუდენტები შეისწავლიან ბენეფიციარებთან მუშაობის სპეციფიკას, როგორ უნდა შეძლონ საჭირო მომენტში შესაბამის ორგანიზაციასთან დაკავშირება და რისი უფლებები აქვთ, როცა ბენეფიციართან უწევთ მუშაობა.  ტრენინგის ეს ნაწილი სტუდენტებს დაეხმარება მათი მომავალი საქმიანობის არსს და მნიშვნელობას უფრო ღრმად ჩასწვდნენ.

ტრენინგის თეორიული ნაწილის დასრულებისთანავე იწყება მეორე ეტაპი, რაც მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს, რა დროსაც სტუდენტებს გადაეცემათ კონკრეტული საქმე. ამ საქმეზე მუშაობისას სტუდენტების დავალება იქნება, რომ ჩამოაყალიბონ – როგორ მოიქცევიან კონკრეტულ სიტუაციაში ბენეფიციართან მუშაობისას და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ტრენინგის ორივე დღის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში გამარჯვებული სტუდენტები დასაჩუქრდებიან ფულადი ჯილდოებით:

1 ადგილი – 300 ლარი

2 ადგილი – 200 ლარი

3 ადგილი – 100 ლარი

ნიკა ინასარიძე,

    თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn