თქვენი ხმა კრიზისში: ჰუმანიტარული კომუნიკაციის გაძლიერება საქართველოში

თარიღი: 2025-10-01 15:11:52

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტთა ერთი ნაწილი 25-29 სექტემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში იღებდა მონაწილეობას.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მიმდინარე წელს დაიწყო ახალი პროექტი „თქვენი ხმა კრიზისში: ჰუმანიტარული კომუნიკაციის გაძლიერება საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობით მედიისა და კომუნიკაციების დამწყები სპეციალისტების დაინტერესებას, მომზადებასა და ჩართვას კრიზისული კომუნიკაციის მართვის პროცესებში. პროექტის საპილოტე ფაზა მოიცავს პარტნიორ უნივერსიტეტებთან შეხვედრებს, სტუდენტებისთვის სპეციალიზებულ ტრენინგებსა და შემდგომ საინფორმაციო სესიებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ პროექტში ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად განიხილება.

ტრენინგებზე, რომელიც დაბა ჩაქვში გაიმართა, საუბარი იყო ჰუმანიტარული კომუნიკაციის, კრიზისულ სიტუაციებში დროული მოქმედებების, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო სტანდარტების, ჰუმანიტარული კრიზისის დროს მედიის ჩართულობის შესახებ. გაიმართა დისკუსიები ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივების თაობაზე.

ტრენინგის მონაწილეებმა ისწავლეს ჰუმანიტარული კრიზისის დროს ეფექტიანი სტრატეგიის ელემენტების მუშაობის პრინციპები, საფრთხეების განსაზღვრა, საპასუხო ინსტრუმენტების შერჩევა, მესიჯბოქსის შემუშავება და გამოყენება; ჩაერთვნენ საქმიან თამაშში, რომელიც მოიცავდა კონკრეტულ კრიზისულ სიტუაციაში 4 მიდგომის ჩამოყალიბებას, კრიზისის შიდა და გარე კომუნიკაციის წარმართვას, სამუშაო ჯგუფების შექმნას, სამუშაო ჯგუფის ფუნქციების განსაზღვრასა და განაწილებას, კონკრეტული სამიზნე ჯგუფის იდენტიფიცირებას, საკომუნიკაციო ტექნიკების გამოყენებას და სხვ.

ტრენინგებს უძღვებოდნენ კომუნიკაციის ექსპერტები წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან: პავლინა რაკიტსკაია, სოფიო ხუციშვილი, თამარ კამკამიძე, მაია ქარდავა, კახა მამულაძე, ელენე რეხვიაშვილი, ანა ლომთათიძე.

აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა შემაჯამებელ სხდომაზე წარადგინეს წითელ ჯვართან თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივების საკუთარი ხედვა. როგორც თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ აღნიშნა, სოციალური მეცნიერებების და, მათ შორის, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებისა და კრიზისული სიტუაციების სწორად გაშუქების მიზნით მომავალში ლექციების, ტრენინგების, ერთობლივი კვლევების და ველზე სიმულაციური სამუშაოების ჩატარებაა შესაძლებელი, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებს პრაქტიკულ უნარებს და ცოდნას, წითელ ჯვარს – მეცნიერულად დასაბუთებულ რეკომენდაციებსა და ახალგაზრდობის ჩართულობას, ხოლო საზოგადოებას – ეფექტურ ჰუმანიტარულ კომუნიკაციას შემატებს.

აღნიშნული პროექტის გასაცნობად და მომავალი თანამშრომლობის დეტალების განსახილველად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ოქტომბერში, თბილისში გეგმავს ერთობლივ შეხვედრას, რომელზეც, სხვა პარტნიორებთან ერთად, თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულებაც იქნება მიწვეული.

Facebook
Twitter
LinkedIn