თინათინ ნეკაშვილმა ერთი სემესტრი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში გაატარა
თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა თინათინ ნეკაშვილმა ერთი სემესტრი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში, ქალაქ ბერლინში, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და აღმზრდელობით მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაატარა. მას ყოველთვის სურდა საზღვარგარეთ კომპეტენციების ამაღლება და გამოცდილებების შეძენა, თუმცა, აანალიზებდა, რომ სამშობლოს სამუდამოდ დატოვება და ახალი ცხოვრების სრულიად სხვაგან დაწყება გამოწვევებთან იქნებოდა დაკავშირებული.
,,ვთვლი, რომ საქართველოს ახალგაზრდების რესურსები ძალიან სჭირდება და თავს ვალდებულად ვგრძნობ, რომ ჩემი ქვეყნის განვითარებაში თუნდაც პატარა წვლილი მაინც შევიტანო. შესაბამისად, ერთ სემესტრიანი გაცვლითი პროგრამა შესანიშნავი შანსი იყო ჩემთვის, მიმეღო გერმანული განათლება და გარანტირებულად დავბრუნებულიყავი სამშობლოში. კონკურსის გავლა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ვთვლი, რომ თსუ-ს უამრავი წარჩინებული სტუდენტი ჰყავს, რომელთაც მრავალმხრივ განვითარებული უნარ-ჩვევები და ცოდნა აქვთ, არა მარტო აკადემიურ ჭრილში, არამედ სხვა სფეროებშიც. შესაბამისად კონკურენციაც საკმაოდ მაღალი იყო. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ იმ კომპეტენტურმა ადამიანებმა, რომლებმაც ჩვენ კონკურსის ფარგლებში შეგვაფასეს, ნამდვილად მოახერხეს თითოეულ ჩვენგანში ინდივიდუალურობისა და იმ მზაობის დანახვა, რომელსაც საზღვარგარეთ ცხოვრება და სწავლა მოითხოვს. ჩემი აზრით, შედეგის მიღწევაში საკუთარი თავის რწმენა დამეხმარა, რომ მე ნამდვილად შესაფერისი კანდიდატი ვიყავი აღნიშნული პროგრამისთვის“, – აღნიშნავს თინათინი.
თინათინ ნეკაშვილი გერმანიაში ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლისას მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს: ,,ჩემ მიერ ბერლინში გატარებულმა ნახევარმა წელმა იმდენად დიდი შთაბეჭდილებები და გავლენა დატოვა ჩემზე, რომ ეს შეგრძნებები ცხოვრების ბოლომდე გამყვება. საშუალება მქონდა მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო სტუდენტებისთვის განკუთვნილ კურსებში, რომლებიც მოიაზრებდა გერმანული კულტურისა და ისტორიის შესწავლას. თუმცა, ჩემთვის, როგორც მომავალი ფსიქოლოგისთვის, განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგების ჩატარებულ ლექცია-სემინარებზე დასწრება და მათგან უამრავი იდეის მიღება ფსიქოლოგიის სფეროში მიმდინარე მოვლენებსა თუ სამომავლო გეგმებზე, რომლებსაც სიხარულით გავუზიარებ ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტსა და კოლეგებს.
გარდა ამისა, შესაძლებლობა მქონდა, შევხვედროდი ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, სხვადასხვა კულტურისა თუ ეროვნების წარმომადგენლებს, რომლებსაც არა მარტო ჩემი ქვეყნის ტრადიციები თუ თავისებურებები გავაცანი, არამედ მათგანაც უამრავი რამ შევიტყვე ჩვენგან განსხვავებულ კულტურებზე, რამაც მასწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ინტეგრაცია და ყველას მიმართ პატივისცემა, რაოდენ არსებითია მულტიკულტურულ საზოგადოებაში ტოლერანტობა და მიმღებლობა. გერმანიაში უამრავი ძვირფასი მეგობარი შევიძინე სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებთანაც დღემდე უახლოესი ურთიერთობა და უამრავი გეგმა მაქვს“.
თინათინ ნეკაშვილისთვის თსუ განსაკუთრებით ძვირფასი უნივერსიტეტია, რომელიც მას მერე უფრო დააფასა, რაც გარკვეული პერიოდით სხვა ქვეყანაში ისწავლა.
თუ რით განსხვავდება სწავლების მეთოდები აქაური უნივერსიტეტისგან იმ უნივერსიტეტში, სადაც გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი გაატარა, თინათინი გვპასუხობს: ,,პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემთვის ორივე უნივერსიტეტი უზომოდ პატივსაცემია. თსუ-ც და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ თანამედროვე განათლება და განივითარონ უნარები. თუმცა, ვფიქრობ, ალბათ კულტურებიდან გამომდინარეც, ბერლინის უნივერსიტეტში სტუდენტის მიერ მასალის დამოუკიდებლად დამუშავებაზე არიან ორიენტირებულნი. სემინარებზეც კი, კითხვა-პასუხის რეჟიმი და ლექტორთან ერთად მასალის ნაბიჯ-ნაბიჯ დამუშავება არ ხდება. რა თქმა უნდა, ლექტორს კითხვებს უსვამენ სტუდენტები და დეტალურ პასუხებსაც იღებენ, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით, აქტიური პერსონა უმეტესწილად მხოლოდ სტუდენტია. ჩვენს უნივერსიტეტში კი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლადაც ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ ასევე ყოველ კვირა სემინარისტების დახმარებით დეტალურად ვამუშავებთ მასალას და გაუგებარ საკითხებს ვარკვევთ. ერთის მხრივ, პირველი მეთოდი მეტ დამოუკიდებლობას გვაძლევს, მეორე მეთოდი კი შეგრძნებას გვიტოვებს, რომ ამხელა ცოდნის შეძენის პროცესში მარტონი არ ვართ და შეგვიძლია კომპეტენტური ადამიანის თანხლებით გავარჩიოთ მასალა. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომელი მეთოდია უკეთესი, რადგანაც ეს ყველაფერი სტუდენტის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული – თუ რომელ მეთოდს მიიჩნევს უფრო ეფექტურს“.
თინათინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდა და მეტი შემართებით აგრძელებს სწავლას. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იგი ბევრ პრობლემას არ აწყდება, მაინც ამჩნევს იმ გამოწვევებს, რომელიც თსუ-ს დასაძლევი აქვს. ,,რა თქმა უნდა, იდეალური არც ერთი დაწესებულება არ არის, მათ შორის არც ჩვენი საუნივერსიტეტო სივრცე. ხშირად ვაწყდებით გამოწვევებს, როდესაც სასწავლო მასალა, რომელიც სხვა ენიდან ქართულადაა თარგმნილი, ხშირად რთულად წასაკითხია. მესმის, რამდენ გამოწვევასთანაა დაკავშირებული ადვილად აღსაქმელი ენით სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა. შესაბამისად, ვისურვებდი, უფრო მეტი დრო დაეთმოს ამ საკითხზე მუშაობას და მასალები კიდევ ერთხელ ითარგმნოს, რაშიც დიდი სიამოვნებით შევიტანდი წვლილს ჩემი კომპეტენციებისა და შესაძლებლობის ფარგლებში და ვიზრუნებდი, რომ ფსიქოლოგების მომავალმა თაობებმა თავიანთ მშობლიურ ენაზე სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა შეძლონ“, – ასეთია თინათინის განწყობები და მზაობა, წვლილი შეიტანოს სასწავლო პროცესში მომავალი ფსიქოლოგებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად.
