თინათინ ცისკარიძე დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებას შეძლებს როგორც თსუ-სგან, ასევე ლ’აკვილას უნივერსიტეტისგან

თარიღი: 2026-02-17 15:03:35

თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების დოქტორანტი, თინათინ ცისკარიძე, იმ სტუდენტთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც საკუთარ აკადემიურ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ხედავს. მან „Erasmus +“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იტალიაში, ლ’აკვილას უნივერსიტეტში ისწავლა და იმუშავა, რაც მისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა.

„საზღვარგარეთ სწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დარგისთვის, როგორიც ფიზიკაა, რადგან იქ სწავლა არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო გარემოში მუშაობის გამოცდილებასაც აძლევს სტუდენტს“, – გვიყვება თინათინი და იხსენებს, რომ ევროპული განათლების სისტემას ჯერ კიდევ მაგისტრატურაზე ჩაბარების დროს ნიდერლანდებში, ლაიდენის უნივერსიტეტში გაეცნო, სადაც კოსმოლოგიის მიმართულებით სწავლობდა.  სწორედ მაშინ გაუჩნდა სურვილი – დოქტორანტურის ეტაპზეც ჰქონოდა საზღვარგარეთ კვლევითი ვიზიტების შესაძლებლობა. ამ სურვილის ასრულებაში მას თსუ-სა და ლ’აკვილას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტიც დაეხმარა. აღნიშნული შეთანხმება ყველა საფეხურის სტუდენტს აძლევს გაცვლითი პროგრამით სარგებლობის საშუალებას, თუმცა თინათინის შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ორმაგი დოქტორანტურის (Cotutelle) გაფორმებაც. ეს ნიშნავს, რომ იგი დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებას შეძლებს როგორც თსუ-სგან, ასევე ლ’აკვილას უნივერსიტეტისგან.

ორმაგი ხარისხის მისაღებად დოქტორანტი ვალდებულია, მინიმუმ 6 თვე პარტნიორ უნივერსიტეტში გაატაროს. თინათინ ცისკარიძემ  ეს შესაძლებლობა 2025 წლის შემოდგომის სემესტრში გამოიყენა. „შევძელი ჩემს თანახელმძღვანელთან, პროფესორ ზურაბ ბერეჟიანთან უფრო ინტენსიური და სისტემური მუშაობა, რაც დამეხმარა სადოქტორო ნაშრომის წინ წაწევაში და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებაში“, – აღნიშნავს დოქტორანტი.

იტალიური გამოცდილების შეფასებისას, თინათინმა ყურადღება სასწავლო პროცესის სპეციფიკაზეც გაამახვილა: „ლ’აკვილას უნივერსიტეტში თსუ-სთან შედარებით სემესტრში ნაკლები სასწავლო კურსია, რაც, ჩემი აზრით, სტუდენტებს საშუალებას აძლევთ – თითოეულ მიმართულებას უფრო სიღრმისეულად და საფუძვლიანად მიუდგნენ“.

საერთაშორისო გამოცდილების მქონე თინათინ ცისკარიძე წარმატების საწყისად მშობლიურ უნივერსიტეტს მიიჩნევს. იგი თსუ-ს კურსდამთავრებულია და, როგორც თავად ამბობს, ბაკალავრიატის საფეხურზე მიღებული ცოდნა დღემდე მისი აკადემიური წინსვლის მთავარი საყრდენია: „თსუ-მ მომცა მყარი თეორიული და აკადემიური საფუძველი, რომლის წყალობითაც შემდგომ შევძელი სწავლების წარმატებით გაგრძელება საზღვარგარეთ“.

Facebook
Twitter
LinkedIn