ეკლიანი გზით ვარსკვლავებისაკენ

თარიღი: 2024-04-29 12:48:03

მაშინ, როცა ლექციაზე დავალებებსა თუ ახალი ინფორმაციის ნაგლეჯებს სტუდენტები ტელეფონის ეკრანზე თითების წკაპუნით ინიშნავენ, თიკას ბლოკნოტი ან პატარა უბის წიგნაკი აქვს გადაშლილი და შავი კალმით წერს. ლურჯი სკოლაში მობეზრდა. სანამ სტუდენტები ბოლო კითხვებს სვამენ მასალის დეტალების დასაზუსტებლად, თვითონ უკვე პასუხებს ეძებს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება.

თინათინ ჭილაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტია. გზას ამ პროფესიისკენ მესამე წელია მიუყვება და, ცოდნის დაგროვების პარალელურად, ინტერესიც იზრდება. „შემიძლია არეული დავალაგო და ყველაზე მეტად ეს მომწონს. არადა, ძალიან ბევრი დღემდე მეუბნება, რომ ეს სპეციალობა ჩემთვის არაა, მაგრამ აქამდეც ზუსტად ის მამოძრავებდა, სხვებს რომ ეგონათ, ამას ვერ შევძლებდი  და ახლაც ეს მამოძრავებს…  ამიტომაც დღეს აქ ვარ“, – ასეთი ნაცნობი იყო თავიდანვე თინათინისთვის სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომელიც დროთა განმავლობაში ძალად გადააქცია და საკუთარი განვითარებისკენ მიმართა. ალბათ ამიტომაა, რომ იმ გამბედაობების ჩამონათვალში, რასაც არასდროს ინანებს, ჟურნალისტიკის არჩევას უკვე უკავია თავისი კუთვნილი ადგილი.

თუმცა აქამდე იყო ამბავი, რომელსაც თიკას ზღაპარი ჰქვია და, რომელიც საქართველოს დასავლეთ ნაწილში, წალენჯიხის სოფელ ქალაღალში იწყება.

აქ სულ 9 წლამდე იზრდებოდა და ეს დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ცხოვრების ყველაზე ტკბილი ფიქრები დაეტია – სახლის აივნიდან მთელი სოფლის დანახვისას ნაფიქრი. თბილისში გადმოსვლის შემდეგ თინათინის წიგნში სხვა ბავშვური მოგონებები იწერება, მაგრამ იმ აივანს, სოფლის ხედით, ჯერ არც ფერები დაუკარგავს, არც მონატრების მომწარო გემო: „მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თანატოლები არ არიან იქ, ყოველ ჯერზე მაინც ერთი სული მაქვს, მანქანის ფანჯრიდან გადავყო თავი და ბებოებს და ბაბუებს მაინც გადავძახო, რომ ჩამოვედი“.

სოფელში ზაფხულის ცხელ დღეებში ჩადის. არდადეგებამდე სკოლის თვეები კი ყოველ წელს ერთმანეთზე უფრო სასიამოვნოდ დატვირთული იყო. ზოგადი განათლება რომ მხოლოდ წიგნები და საშინაო დავალება არაა, თინათინმა მას შემდეგ გამოსცადა საკუთარ თავზე, რაც სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ბერტას“ ჩაუდგა სათავეში. „სკოლაში ნაკლები მხარდაჭერა გვქონდა, მაგრამ მაინც ვცდილობდით ყველაფერს, რადგან გვაინტერესებდა და, ვფიქრობ, ამანაც შეუწყო ხელი ჩემს ლიდერულ თვისებებს და მერე ჟურნალისტობასაც“, – აღნიშნავს თავად. დარგული ნერგები, ჩატარებული ტრენინგები, პრეზენტაციაზე მოწვეული CENN, მოხუცთა თავშესაფარში სტუმრობა – ასეთია „ბერტას“ საქმიანობის მოკლე „რეზიუმე“, მაგრამ კლუბის ლიდერისთვის სხვა მიღწევა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ის, რომ მთელი სკოლისთვის რაღაც კარგს აკეთებდა, მხოლოდ მას შემდეგ გაიაზრა, რაც მასწავლებლების გულწრფელი მხარდაჭერა იგრძნო და კი, ამას იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე უნდა დასჭირვებოდა. „სკოლაში ნარჩენების ოთხი დამახარისხებელი დავდგით. ჩემდა გასაკვირად, ადმინისტრაციამ ეს საქმიანობა სერიოზულად აღიქვა, რაც ადრე ასე საერთოდ არ ყოფილა“, – შემორჩენილი გულისწყვეტით იხსენებს თიკა.

დღეებისა და წლების უკან მოტოვების პარალელურად, მის დღის განრიგში რაღაც ხელუხლებელი დარჩა, რაღაც შეიცვალა ან სამუდამოდ წაიშალა კიდეც. ერთი ისაა, რომ სკოლის ნაცვლად უნივერსიტეტის გზას ტკეპნის ყოველდღიურად, თორემ დილით არსაიდან თავისით მოფრენილი მოტივაციით გაღვიძება და საღამოს სწავლა ახლაც თავის ადგილზეა.

მეცადინეობის შემდეგ მეგობრებთან დროის გატარებაც სულ არ გამქრალა, მაგრამ ფორმა, ასე თუ ისე, მაინც იცვალა და „ეს უბრალოდ გაზრდის ბრალია“, როგორც თავად ამბობს. თავისუფალი დროც სადღაც ყოველთვის გამოიძებნება, თუკი ამ დროს უცნობი სიმღერების ძებნასა და აღმოჩენას მიჰყოფთ ხელს. თიკას თავშესაქცევიც ესაა. ბოლოს ალიშია კისის „It’s On Again“ აეკვიატა, სიმღერა მარტოსულ გმირზე. მსგავსი განზოგადება მის ხასიათთან ისევეა ახლოს, როგორც ცა – დედამიწასთან, მაგრამ მელოდიას თუ გავყვებით, ტალღებმა იქნებ მთავარ ამოსავალ წერტილამდეც მიგვიყვანოს. „აქ ეგოიზმისთვის ადგილი არაა, ჩვენ ამას ვაკეთებთ ხალხისთვის“, – სიმღერის ამ ეპიზოდს ჰგავს თიკას მთავარი ღირებულებებიც ურთიერთობისას: „ვცდილობ, შემეძლოს თანადგომა, ვიყო გამგებიანი, ყურადღებიანი და გარშემო მყოფების ენერგიის წყარო“.

და მაინც, ყველაზე შორეული და თან ბავშვობიდან გამოყოლილი ოცნება, პარადოქსულად, არც მუსიკას ეხება, არც სკოლიდან შემორჩენილ აქტივობებს, არც ჟურნალისტიკას. ერთ დღესაც, ალბათ, როცა ყველა არეულობას დაალაგებს, ისევ დაუბრუნდება დასაწყისს სახელად ანიმაცია „პრინცესა და ბაყაყი“. პრინცესა ტიანას მსგავსად, კაფეს გახსნის, არცერთ დღეს არ დააღამებს სიმღერის, სიცილებისა და თვალებში ანთებული ვარსკვლავების გარეშე და იცხოვრებს ძველი ნიუ ორლეანის მისტიკისა და ჯაზის გვერდით.

ელენე ჩოხელი,

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებატა ფაკულტეტის

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn