თინათინ ფაიქიძემ ერთი სემესტრი მასარიკის უნივერსიტეტში გაიარა

თარიღი: 2025-06-20 18:10:47

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტმა თინათინ ფაიქიძემ ერთი სემესტრი ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში ისწავლა. იგი ევროპული სამართლის ისტორიასა და ფილოსოფიას გაეცნო და გაიარა საგნები ევროპის კიბერსამართლის, პერსონალური მონაცემების დაცვის, საგადასახადო და შედარებითი სამართლის შესახებ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან საზღვარგარეთ მიღებულ განათლებაზე მოსაზრებები და შეფასებები გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ გაუზიარა.

როგორც თინათინი გვიყვება, ქალაქ ბრნოში სწავლა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ,,გარდა იმისა, რომ საუკეთესო ლექტორები მასწავლიდნენ, იყო ბევრი დამატებითი აქტივობა. როგორც კი ჩავედი, პირველივე კვირას დაგეგმილი იყო გაცნობითი შეხვედრები და ღონისძიებები, რაც ძალიან მეხმარებოდა ადაპტაციაში. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა კონფერენცია კიბერუსაფრთხოების თემაზე, სადაც ოქსფორდის პროფესორები ჰყავდათ ჩამოყვანილი“, – იხსენებს სტუდენტი.

სანამ მასარიკის უნივერსიტეტში სწავლას დაიწყებდა, თინათინმა, სტანდარტულად, საგნების არჩევის ეტაპი გაიარა. მისი თქმით, უნივერსიტეტს მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდა და სილაბუსებს ყურადღებით გაეცნო. სურდა, რომ ისეთი საგნები გაეარა, რომელიც მის მშობლიურ უნივერსიტეტში არ ისწავლებოდა. როდესაც მის ფავორიტ სასწავლო კურსებზე ვკითხეთ, ასე გვიპასუხა: ,,ჩემთვის გამორჩეული იყო საგნები კიბერსამართალისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით, რამაც ისე დამაინტერესა, რომ მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად უკვე ჩამოვყალიბდი – თუ რა მინდა“.

თინათინ ფაიქიძეს თსუ-სა და მასარიკის უნივერსიტეტის ერთმანეთთან შედარება ვთხოვეთ. ,,თსუ-ს ნამდვილად დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ მას თავისი ძლიერი მხარეები აქვს, თუმცა ჩეხეთის უნივერსიტეტში სწავლის პროცესი, აკადემიური გარემო და სტუდენტებთან მუშაობის სტილი ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო”, – აღნიშნავს რესპონდენტი. მისი შეფასებით, ძალიან მოსახერხებელი იყო იქაური უნივერსიტეტის ციფრული პლატფორმა, სადაც მასალები, ლექციები და დავალებები იტვირთებოდა. თინათინი ხაზს უსვამს, რომ ლექციებზე სტუდენტების რაოდენობა შედარებით მცირე იყო, რაც დადებითად მოქმედებდა სწავლის პროცესზე (ინდივიდს უფრო მეტ დროს უთმობენ).

გასული თვეების განმავლობაში ჩვენს რესპონდენტზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ადგილობრივების დამოკიდებულებამ დატოვა. ხშირად ესმოდა სტერეოტიპული მოსაზრებები, რომ ჩეხები თითქოს ცივი და არაკომუნიკაბელური ხალხია, რეალურად კი სრულიად საპირისპირო გარემო დახვდა – მას თავიდანვე ყველგან თბილად და მეგობრულად შეხვდნენ. თინათინი ჩეხეთს მოწესრიგებულ და ორგანიზებულ ქვეყნად ახასიათებს. ,,ეს დისციპლინა ყოველდღიურობაში კომფორტს ქმნიდა და  ყველაფერი უცნაურად სასიამოვნო იყო”, – გვითხრა თინათინმა.

ბოლოს თინათინს ვკითხეთ – თუ რა ისწავლა და რას გამოარჩევდა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებიდან: ,,იქ გატარებულმა დრომ მართლა ბევრ რამეზე დამაფიქრა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და სასარგებლო გამოცდილება, რომელმაც მასწავლა, როგორ მეცხოვრა უცხო გარემოში და როგორ მქონოდა საკუთარი თავის და შესაძლებლობების იმედი”. 

Facebook
Twitter
LinkedIn