თინა კაცია-ავალიშვილისა იუბილარია!
ღვთით კურთხეულ უმშვენიერეს აფხაზეთის მიწაზე თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და სილამაზით ყოველთვის გამოირჩეოდა კავკასიური ბზის კორომებით ალაგ-ალაგ დაბურული ,,აბჟუად“ წოდებული უნიკალური მხარე ოჩამჩირე. აქ ერთმანეთის მიყოლებით გვერდიგვერდ იყო განლაგებული ქართული და აფხაზური სოფლები. ერთ დროს მეცეცხლური მეზობლები, აფხაზები და ქართველები სიყვარულით ელაციცებოდნენ ერთმანეთს და ერთად იყოფდნენ ლხინსა და ვარამს. მათი ტრადიციები და ზნე-ჩვეულებები ერთიმეორის სისხლში ერთნაირად დუღდა და ურთიერთობით ნაფერებ გულებს სიხარულით ავსებდნენ.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი საქართველოში მოსახლეობის დიდი მიგრაციის ეპოქად იქცა. ხშირად სამეგრელოს მთიანი მხარიდან ბედის საძებნელად აიყრებოდნენ კოლხური მოდგმის ლამაზი შთამომავლები და აფხაზეთის ზღვისპირეთისაკენ გაუდგებოდნენ გზას. აქ ჩამოსულები ცარიელ ნაკურთხ მიწაზე დასცემდნენ კარავსაც და გაიჩენდნენ ჯარგვლის საბუდარს აფხაზთა ფაცხისა და ოდების გვერდით. იწყებოდა ახალი ცხოვრება შრომითა და ჯაფით შედუღაბებული კეთილი მეზობლების თანადგომით. აფხაზი მასპინძლები უშურველად უწვდიდნენ ხელს ოდიშელ მეზობლებს და ეხმარებოდნენ ცხოვრების ჭაპანის წევაში.
ასე გაჩნდა მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ოჩამჩირის ერთ-ერთ აფხაზურ მთიან სოფელ ღვადაში შთამომავლობით დახუნძლული კაციების გვართა ტომი. კეთილი აფხაზი მეზობლების წყალობით, ხის მორებისგან შეიკრა მეგრული ჯარგვალი და მთელ აბჟუას ემცნო ახალი ოჯახის დაბადება – კაციების გვართა მოდგმისა. დიდი ოჯახის განაყოფზე შეიქმნა ნიკოლოზის და ევას ულამაზესი წყვილი, რომლებმაც ხუთი ულამაზესი შვილი აჩუქეს სამშობლოს, სამი ვაჟიშვილი და ორი ქალიშვილი. უფროსი ქალიშვილი თინა კაცია მეორე მსოფლიო ომის დროს მოევლინა სამყაროს. იზრდებოდა ორი და – ღვთიური სილამაზით ხელდასხმულები – სოფლის სიწმინდისა და სათნოების გარემოში, აფხაზურ-ქართული ტრადიციების ატმოსფეროში.
წლების შემდეგ, ბედმა თინას ცხოვრების მეგზურად კოლხეთის მიწის შვილი – ოთარ ავალიშვილი არგუნა. შეიქმნა სიყვარულით სავსე ოჯახი, რომელსაც უფალმა მოუვლინა ორი ულამაზესი ქალ-ვაჟი.
ბედის ირონიით, ოთარ ავალიშვილმა ადრე აიმანძილა ამ წუთისოფლიდან და დარჩა შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ ავალიშვილების ოჯახურ ტრადიციებს და სახელოვნად ემსახურებიან ოჯახსა და სამშობლოს.
ქალბატონი თინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ლაბორანტის პოზიციას იკავებდა ათეული წლების განმავლობაში. რამდენიმე წლის უკან, მიუხედავად მისი ენერგიული შემართებისა, უდიდესი სიბრძნით გაჯერებული გამოცდილებისა, გულწრფელად დაემშვიდობა საყვარელ სათანამშრომლოს და შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან გადაინაცვლა. ბედნიერი დედა, ბებია და პაპიდა ისევ იმ აუწონავი სიყვარულით სარგებლობს და მიუყვება ცხოვრების შარაგზას.
დღეს ქალბატონი თინა იუბილარია! წლებმა შეუმჩნევლად გაირბინეს და მერვე ათეულიც კარებზე მოადგა. კოლხური მიწიდან მოყოლილი მადლის ძალით ისევ ახალგაზრდული შემართებით მიუყვება წუთისოფლის ბილიკებს მისი მრავალრიცხოვანი ოჯახის გვერდით. ხშირად სტუმრობს აფხაზეთში მის დედმამიშვილებსა და მონატრებულ მშობლიურ მიწა-წყალს. უგუნურ მავანთა და სასტიკ მოვლენათა გამო, იგი სტუმრად გრძნობს თავს ენგურზე შუაზე გაყოფილ აფხაზეთში… მაგრამ სჯერა – სანთელ-საკმეველი თავის გზას იპოვის და ის სიყვარული, რომელიც საუკუნეების წინ დაიბადა აფხაზთა და ქართველთა გულებში, ისევ გაცოცხლდება, იზეიმებს გამარჯვებასა და გამთლიანებას და ერთად აგუგუნდება „ურაიდა რაიდა“, როგორც სიმბოლო აფხაზთა და ქართველთა ძმობისა და ერთობის ჰიმნი.
ქალბატონო თინა, მადლობა თქვენ უანგარო ღვაწლისთვის, სიკეთის თესლის გაღვივებისთვის ქართველებსა და აფხაზებს შორის. თქვენ ხართ მაგალითი სიყვარულისა, რომელიც ღირსებით და სინათლით ატარეთ ამ წუთისოფელში! იხარეთ და იმზიანეთ დიდხანს თქვენი განუმეორებელი სილამაზითა და კდემამოსილებით ამ სამყაროში!
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა