თსუ-ში ახალი პროექტის – ტერმინთბანკის – ვებგვერდის (საცდელი ვერსია) პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 2025-11-26 20:40:39

25-26 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით  IX კონფერენცია  –  „სამეცნიერო ტერმინოლოგია“ გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება იმ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ინსტიტუტის ტერმინოლოგიის განყოფილებამ ახალი პროექტის – ტერმინთბანკის – ვებგვერდის (საცდელი ვერსია) პრეზენტაცია გამართა. ასევე,  თსუ-ს პროფესორებმა თანამედროვე ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული აქტუალური მოხსენებები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის: დარგობრივი ლექსიკონების მნიშვნელობა ტერმინთბანკის შექმნაში, ტერმინოლოგიის საკითხები ფიზიკაში, ციფრული სლენგი და ტერმინოლოგიური დიფუზია თანამედროვე ქართულ დისკურსში, მასალები ტექნიკური ტერმინოლოგიის ახალი რედაქციისთვის, რამდენიმე ქართული ტერმინის შესახებ აეროკოსმოსურ სფეროში და სხვა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, სამეცნიერო ტერმინოლოგიის თაობაზე კონფერენცია 2013 წლიდან  იმართება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული დარგის სპეციალისტები. ამავე დროს, 2018 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ, იმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 2014 წლიდან დაარსდა  ტერმინოლოგიის კრებული სახელწოდებით: „ტერმინოლოგიის საკითხები“, რომელშიც ქვეყნდება თეორიული მასალა და სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიური საკითხები. 2017 წელს დაფუძნდა საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიური ასოციაცია, რომელიც გახდა ევროპის ორი საერთაშორისო ტერმინოლოგიის ასოციაციის წევრი. ამ ხნის განმავლობაში ითარგმნა ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო, რომელიც იუნესკოს თაოსნობით შეიქმნა. მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილი სპეციალისტები.

„წლევანდელი  კონფერენცია იმითაც  არის გამორჩეული, რომ ჩვენი ინსტიტუტის ტერმინოლოგიის განყოფილებამ წარმოადგინა ტერმინთბანკი. ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ თავის ენას მოუაროს, იმ თვალსაზრისით, რომ შექმნას თავის ენაზე ტერმინოლოგია და ეს ტერმინოლოგია განათავსოს ტერმინთბანკში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მოთხოვნებსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. აღსანიშნავია  ის ფაქტიც, რომ ამიერკავკასიაში ამ მიმართულებით ლიდერები ვართ. ამ პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის  განყოფილების გამგეს ლია ქაროსანიძეს,  ფინანსური დახმარებისთვის  და სრული მხარდაჭერისთვის  კი  მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ხელმძღვანელობას“, – განაცხადა  თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ნანა მაჭავარიანმა.

კონფერენციის გახსნაზე როგორც საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა,   ტერმინოლოგიის საკითხების განხილვა  ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენის განვითარებისათვის. „დღეს  ჩვენ იმ გარემოში ვცხოვრობთ, როდესაც სხვადასხვა დარგი პროგრესული სიჩქარით ვითარდება, რის შედეგადაც ამ პროცესს შემოჰყვება უამრავი ახალი ტერმინი. მნიშვნელოვანი და  აუცილებელია, რომ  ქართული ენა მზად  დახვდეს ამ პროცესებს.  როგორც ჩვენმა წინა თაობებმა   შეძლეს, რომ, სხვადასხვა დარგის განვითარების პარალელურად,  თავისი შესატყვისი ლექსიკა დაამკვიდრეს და  გაამდიდრეს ენა,  ასე უნდა გაკეთდეს ახლაც,  რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი სხვადასხვა ბარბარიზმისგან. რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე შრე, არის ისეთი ტერმინებიც, რომლებიც უცვლელად  მკვიდრდება, მაგრამ, ასევე,  არის ისეთი სიტყვები, რომლებსაც თავად ენის საფუძველში უნდა მოეძებნოს თავისი ძირი და  ფორმა. ქართული ენა ამ მხრივ უნიკალურია,  რადგან ბევრ რამეს ითვისებს, ბევრსსაც –  უკუაგდებს…  ჩვენი ვალია, რომ ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, დარგის მუშაკებს, რიგით მოქალაქეებს შევთავაზოთ ისეთი ტერმინები, რომლებიც მათთვის მისაღები  იქნება  და თავისუფლად დამკვიდრდება მიმოქცევაში“,  – აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კონფერენციაზე თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებმა ლია ქაროსანიძემ და მაგდა დოლიძემ   ქართული ტერმინთბანკის ვებგვერდი (საცდელი ვერსია) https://termbank.ice.tsu.ge/ka წარადგინეს. „შეიქმნა ქართული ტერმინთბანკი  – ტერმინოლოგიური ლექსიკონების ელექრონული ბაზა, რომელზეც ჩვენი ინსტიტუტი  2016 წლიდან  მუშაობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დახმარებითა და ხელშეწყობით, ტენდერის საფუძველზე, შევძელით ამ პროექტის განხორციელება. წლევანდელ კონფერენციაზე გვქონდა საშუალება – წარგვედგინა ეს პროექტი; გავაცანით საზოგადოებას – თუ რა პრინციპით იმუშავებს  (ჯერჯერობით ეს არის საცდელი ვერსია). ბაზა, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში შეივსება და ტერმინთბანკი შეასრულებს მთავარ ფუნქციას – ეს არის ნორმატიული, სტანდარტული ტერმინების ბაზის შექმნა, რომელსაც დაეყრდნობა და გამოიყენებს მთელი საქართველო“, – აღნიშნა ლია ქაროსანიძემ.

კონფერენციაზე თავიანთი მოხსენებები წარმოადგინეს მეცნიერებმა: ქეთევან დათუკიშვილმა და  თამარ ვაშაკიძემ (ერთი უცხო ტერმინის (online) შესახებ),   მანანა ბუკიამ (ტერმინოლოგიის ისტორიიდან – მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ტერმინოლოგიური გამოცდილება), ზურაბ გვიშიანმა და  თამაზ ხმელიძემ (წყლის ინჟინერია – ტერმინები და განმარტებები), გურამ გოგიშვილმა (ხელოვნური ინტელექტის ენაში ქართული მათემატიკური ტერმინოლოგიის გამოყენებისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შესახებ),  ლინდა გიორგაძემ და ინგა ფალიანმა (სახელმწიფო მმართველობის ლექსიკონი – სარედაქციო საკითხები) ლიანა სუთიძემ (დარგობრივი ლექსიკონების მნიშვნელობა ტერმინთბანკის შექმნაში), ზურაბ ბერიამ (ტერმინოლოგიის საკითხები ფიზიკაში),  სოფიკო ჭაავამ (აკაკი შანიძის ინიციატივა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის შედგენისა და სალექსიკოლოგიო კომისიის დაარსების შესახებ (XX საუკუნის 30-იანი წლების საარქივო მასალების მიხედვით)), ვახტანგ ენდელაძემ (ციფრული სლენგი და ტერმინოლოგიური დიფუზია თანამედროვე ქართულ დისკურსში), ეკა ფუხაშვილმა (სამედიცინო (სტომატოლოგია) ნეოლოგიზმების მორფოლოგიურ-სემანტიკური ანალიზი),  მაკა მჭედლიშვილმა (უცხო სიტყვათა ლექსიკონები და ნეოლოგიზმები XX საუკუნის ქართულში), ლელა მეტრეველმა (ტერმინოლოგიური საკითხები საბაზო საფეხურის ქიმიის სასკოლო სახელმძღვანელოებში),  რობერტ ხაჩიძემ (აბრევიატურის პრობლემები ქართულ საავიაციო ტერმინოლოგიაში), ნიკა ხვედელიძემ (ახალი ინგლისურ-ქართული საავიაციო ტერმინოლოგიური ლექსიკონი და მისი განახლების მნიშვნელობა),  ნინო დათეშიძემ, ნათელა მუზაშვილმა, მარინე ოსაძემ და ლია ქაროსანიძემ (ქართული ტერმინთბანკის მასალები საავიაციო ტერმინთა ლექსიკონისათვის) და სხვ.

Facebook
Twitter
LinkedIn