ტერმინოლოგიური სიჭრელისა და გაუმართავი ტერმინების ენაში დამკვიდრების პრობლემასთან დაკავშირებული კონფერენცია თსუ-ში

თარიღი: 2024-07-02 14:02:29

,,კონფერენციის გამართვის აუცილებლობა განაპირობა ქართულ ენაში არსებულმა მძიმე ვითარებამ. ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში ტერმინოლოგიური მუშაობა შეუთანხმებლად, არაკოორდინირებულად მიმდინარეობს, რამაც განაპირობა ტერმინოლოგიური სიჭრელე და გაუმართავი ტერმინების დამკვიდრება ენაში. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ფუნქციის დასუსტებამ გამოიწვია ცალკეულ ჯგუფთა შეუთანხმებელი მუშაობა ტერმინოლოგიაში. ბოლო წლების  განმავლობაში ბევრი ისეთი მაგალითია, რომელთა განხილვა ნამდვილად გვიმტკიცებს ერთ ჭეშმარიტებას – შეუთანხმებელ ტერმინოლოგიურ მუშაობას კარგი შედეგი არ მოაქვს“, – ამ პრობლემას გამოკვეთს თსუ-ს არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია ქაროსანიძე, რომელიც ხაზს უსვამს თსუ-ში გამართულ მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას – „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის, კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, მკვლევრები ლიეტუვიდან, ავსტრიიდან, მონღოლეთიდან, ისლანდიიდან, შვედეთიდან, კანადიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, ლატვიიდან; ფორუმის მონაწილეთა შორის იყვნენ ევროპის ტერმინოლოგიური ასოციაციის (EAFT) პრეზიდენტი ჰენრიკ ნილსონი და ტერმინოლოგიის საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრის (Infoterm) დირექტორი ქრისტიან გალინსკი. კონფერენცია გამოირჩევა მონაწილეთა და საკითხთა სიმრავლით (პროგრამები იხ. ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგთა ასოციაციის ვებგვერდებზე – ice.ge; termbank.ge).

ტერმინოლოგიური კონფერენცია, უპირველესად, სხვადასხვა ინსტიტუციებისა და განსხვავებულ პროფესიათა წარმომადგენლების შეხვედრის ადგილია. ეს კონფერენციის ორგანიზატორთა ჩამონათვალშიც ჩანს. თანაორგანიზატორები ყოველ წელს იცვლებიან, წამყვანი ორგანიზაციები კი არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი (ice.ge) და საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგთა საზოგადოებაა (termbank.ge).

,,2013 წელს ენათმეცნიერების ინსტიტუტში, თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების თაოსნობით, პირველად გაიმართა ტერმინოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილი ადგილობრივი კონფერენცია, რომელსაც თავდაპირველად ერქვა „ტერმინოლოგია – ქართული ენის ხვალინდელი დღე“, 2014 წლიდან დღემდე კი იმართება სახელწოდებით – „სამეცნიერო ტერმინოლოგია“. 2018 წელს შევცვალეთ კონფერენციის ფორმატი და ადგილობრივის ნაცვლად გავმართეთ საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით –  „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“.  ეს იყო პირველი მცდელობა – გავცნობოდით უცხოელ ტერმინოლოგებს და, პირიქით, ქართველ სამეცნიერო საზოგადოებას გაეცნო ევროპული ტერმინოლოგიური მუშაობა. ევროპულ ტერმინოლოგიურ საზოგადოებასთან ურთიერთობას, ცხადია, ეს მიზანი აქვს: გავეცნოთ ტერმინოლოგიის სპეციალისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან, გავეცნოთ ტერმინოლოგიური ბაზების, ტერმინთბანკების შემქმნელებს, მოვიწვიოთ ევროპარლამენტის ტერმინოლოგიური საბჭოსა თუ სხვადასხვა ევროპული ტერმინოლოგიური ასოციაციების წარმომადგენლები, მოვისმინოთ და გავიზიაროთ მათი გამოცდილებები, გავიგოთ მეტი ტექნიკური მხარდაჭერის თანამედროვე პროგრამებისა თუ    თანამედროვე ევროპული ტერმინოლოგიური სტანდარტების შესახებ. კონფერენცია „ტერმინოლოგია – თანამედროვეობა და მემკვიდრეობა“ არის ერთი რგოლი იმ მნიშვნელოვანი საქმისა, რომელსაც საბოლოოდ უმთავრეს მიზნამდე მივყავართ – ესაა ქართული ენის ადგილის დამკვიდრება თანამედროვე ციფრულ სამყაროში“, – ამბობს ლია ქაროსანიძე.

კონფერენციის გახსნისას ქართული ტერმინოლოგიის განვითარებისათვის შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელი გადაეცათ მარინე ოსაძესა და ნათელა მუზაშვილს, რომლებიც, 40 წელზე მეტია, მუშაობენ ტერმინოლოგიის განყოფილებაში და ღირსეულად აგრძელებენ ქართული ტერმინოლოგიური სკოლის ტრადიციებს. მათი რედაქტორობითა და თანარედაქტორობით გამოცემულია სხვადასხვა დარგის მრავალი ტერმინოლოგიური ლექსიკონი.

Facebook
Twitter
LinkedIn