ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნის დიდი ისტორია
ქართული მორფოლოგიური ტერმინოლოგიის ჩამოყალიბება უპირველესად აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის სახელს უკავშირდება. მისი მთავარი პრინციპი იყო, რომ სამედიცინო განათლება საქართველოში მშობლიურ ენაზე უნდა წარმართულიყო. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის ჩამოყალიბებისთანავე, 1918 წლიდან, მან დაიწყო ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნასა და პირველი ქართული სახელმძღვანელოს მომზადებაზე ზრუნვა.
ნათიშვილის მუშაობის შედეგები დიდხანს არ დაყოვნებულა. 1919 წელს გამოიცა ქართულ-ლათინური ანატომიური ლექსიკონის პირველი ნაწილი — „ძვლები“, 1920 წელს — „კუნთები“, ხოლო 1921 წელს — „შიგნეულობა“.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1920 წელს გამოცემულ პირველ ქართულენოვან სახელმძღვანელოს — „ადამიანის ნორმალურ ანატომიას“. წიგნი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართული სამედიცინო განათლებისთვის, რომ იგი შემდგომ ათჯერ გამოიცა. ეს სახელმძღვანელო დღეს უკვე არა მხოლოდ სამედიცინო განათლების ისტორიის ნაწილია, არამედ ბიბლიოგრაფიული იშვიათობაც. იგი დღემდე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს და მრავალი ექიმისა და ანატომიის სპეციალისტისთვის ერთგვარ სამაგიდო წიგნად რჩება.
ნათიშვილის საქმიანობა მხოლოდ სახელმძღვანელოს შექმნით არ დასრულებულა. 1930 წელს მან გამოსცა სამენოვანი — ქართულ-რუსულ-ლათინური — „ნორმალური ანატომიის ტერმინოლოგია“, რომელიც 3600 ტერმინს მოიცავდა. ამ ნაშრომებით ალექსანდრე ნათიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ სამედიცინო ენაში ანატომიური ტერმინების სისტემურ დამკვიდრებას.
ალექსანდრე ნათიშვილისთვის ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნა მხოლოდ ერთი დარგის ამოცანა არ ყოფილა. იგი ცდილობდა, სამედიცინო და ბიოლოგიური მეცნიერების სხვადასხვა სფეროსთვის შექმნილიყო შესაბამისი ქართული ლექსიკა. მის სახელთან არის დაკავშირებული ზოოვეტერინარული ინსტიტუტის სტუდენტებისთვის „შინაურ ფრინველთა და ცხოველთა ანატომიური ტერმინოლოგიის“ სამენოვანი გამოცემაც. ასევე, სამხატვრო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის მან შეადგინა „მიმიკისა და პლასტიკისათვის“ განკუთვნილი რუსულ-ქართული ლექსიკონი. ამგვარად, ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის განვითარება ნათიშვილისთვის მხოლოდ სამედიცინო განათლების საკითხი კი არა, სხვადასხვა პროფესიული სფეროს განვითარების აუცილებელი პირობა იყო.
1946 წელს დაარსებულ ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში ალ. ნათიშვილმა თავის მოწაფეებთან ერთად, სამეცნიერო კვლევების პარალელურად, ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარებაზეც გააგრძელა მუშაობა. ეს ტრადიცია ინსტიტუტში მომდევნო თაობებმა განაგრძეს.
პროფესორმა ზ. მაისურაძემ შეადგინა და გამოსცა სამენოვანი „სამედიცინო ტერმინოლოგია“, ხოლო ვ. აბაშიძემ — „სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი“, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ანატომიურ ტერმინებს.
ქართული ანატომიური ტერმინოლოგიის შემდგომ დახვეწაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ლ. შელიას. 1976 წელს ლ. შელიამ გამოაქვეყნა – „საერთაშორისო ანატომიური ტერმინოლოგია“ – ქართულ, რუსულ და ლათინურ ენებზე. ნაშრომის საფუძვლად გამოყენებული იყო პარიზის ანატომიური ნომენკლატურა და ანატომთა VII და VIII საერთაშორისო კონგრესების მიერ მიღებული ცვლილებები. ეს უკვე ახალი ეტაპი იყო — ქართული ანატომიური ტერმინოლოგია საერთაშორისო სამეცნიერო ნომენკლატურას კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა.
სამი წლის შემდეგ, 1979 წელს, ლ. შელიამ გამოსცა „ანატომიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი“. მისი მნიშვნელობა იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ ქართულ ენაზე მანამდე არ არსებობდა ასეთი ტიპის ლექსიკონი, სადაც თითოეულ ტერმინს ახლდა მოკლე და გასაგები განმარტება.
1989 წელს ლ. შელიამ კ. გუნიასთან ერთად შექმნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი — „დასურათებული ანატომიური ტერმინოლოგია“. სამენოვან ტერმინთა ნუსხას აქ თითოეული ცნების შესაბამისი ილუსტრაციაც ახლდა. ნახატების ავტორი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი კ. გუნია იყო. ამ გამოცემამ ანატომიური ტერმინოლოგია კიდევ უფრო თვალსაჩინო და სტუდენტისთვის ადვილად აღსაქმელი გახადა.
1997 წელს ლ. შელიამ, მ. კორძაიამ და მ. ჭიჭინაძემ ერთობლივად გამოაქვეყნეს „ანატომიური, ჰისტოლოგიური და ემბრიოლოგიური ლექსიკონი“, რომელიც 8500 ტერმინს მოიცავს. ეს გამოცემა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების გზაზე — ერთ წიგნში გაერთიანდა სამი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დისციპლინის პროფესიული ენა.
სამედიცინო მეცნიერების საერთაშორისო განვითარების პარალელურად, ქართულ სამედიცინო ლიტერატურაში სულ უფრო ფართოდ გავრცელდა ინგლისურენოვანი ტერმინები. გაჩნდა ახალი საჭიროება — ქართული ტერმინოლოგიური რესურსები შესაბამისობაში მოსულიყო თანამედროვე საერთაშორისო სამეცნიერო ენასთან. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაშრომი შექმნა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ნ. მამფორიამ — ოთხენოვანი „საერთაშორისო ანატომიური ნომენკლატურა“. სამწუხაროდ, ავტორს საკუთარი ნაშრომის გამოცემის ხილვა აღარ დასცალდა. თუმცა, აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის ძალისხმევით, წიგნი 2009 წელს გამოიცა და ქართული ანატომიური ტერმინოლოგიის განვითარების ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა.
ალექსანდრე ნათიშვილისა და მისი მოწაფეების მიერ დაწყებული საქმე გრძელდება… ქართული ანატომიური და სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნის ისტორია დასრულებული ისტორია არ არის. თანამედროვე მეცნიერება ყოველდღიურად გვთავაზობს ახალ ცნებებს, ტექნოლოგიებსა და კვლევით მიმართულებებს, რომელთათვისაც ქართულ ენაზე ზუსტი და პროფესიულად გამართული ტერმინოლოგიის შექმნა კვლავ აქტუალურ ამოცანად რჩება.
ამ ტრადიციის გაგრძელების მნიშვნელოვანი მაგალითია ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში მომზადებული ვოლფგანგ დობერის „ადამიანის ანატომიის ჯიბის ატლასი“, რომელიც 907 ილუსტრაციას მოიცავს. წიგნის ქართულად თარგმნის იდეა ეკუთვნის ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორს, ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორს ზ. კოკაიას. თარგმანი შეასრულა ბიოლოგიის დოქტორმა თამარ ლორთქიფანიძემ. გამოცემაზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თსუ-ის პროფესორმა დ. კორძაიამ და მედიცინის დოქტორმა ია კირვალიძემ, რომლებმაც ტერმინებს ქართული ენის მოკლე განმარტებებიც დაურთეს. ეს ახალი გამოცემა მხოლოდ კიდევ ერთი სახელმძღვანელო არ არის. იგი იმ დიდი ტრადიციის გაგრძელებაა, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ ალექსანდრე ნათიშვილმა დაიწყო — მეცნიერების მშობლიურ ენაზე სწავლებისა და ქართული სამედიცინო სიტყვის დამკვიდრების იდეით.
