საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ – თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტში

თარიღი: 2026-10-28 15:50:04

ენა მხოლოდ ურთიერთობის საშუალება არ არის – მასში ინახება ხალხის ისტორია, ცოდნა და კულტურული მეხსიერება. მისი დაცვა კი მხოლოდ ძველი სიტყვების შენარჩუნებას არ ნიშნავს. ენა მაშინაც ცოცხლობს, როდესაც ახალ რეალობას ერგება, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ენად რჩება და თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს პასუხობს.

სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 6-7 ოქტომბერს გამართული V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“, რომელიც თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების დაარსებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენციამ გააერთიანა ქართველი და უცხოელი მეცნიერები. მასში მონაწილეობდნენ მკვლევრები ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, ხორვატიიდან, შვედეთიდან და ბელგიიდან. ფორუმის მასშტაბს ისიც უსვამდა ხაზს, რომ მასში 12-ზე მეტი ქართული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულება მონაწილეობდა. მთავარი სათქმელი კი ნათელი იყო: ქართულმა ენამ თანამედროვე მეცნიერებასა და ციფრულ სამყაროში საკუთარი ადგილი უნდა შეინარჩუნოს.

კონფერენციის გახსნაზე თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა ნანა მაჭავარიანმა ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და მის განვითარებაში ინსტიტუტის როლზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის სათავეები ჯერ კიდევ სახარების თარგმნის პერიოდს უკავშირდება, მეათე საუკუნიდან კი ყალიბდება ქართული მთარგმნელობითი მეთოდოლოგია და ტერმინოლოგიური სკოლა. ქართულ ტერმინოლოგიაზე ინსტიტუციური მუშაობა 1941 წელს დაიწყო, როდესაც მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად ენათმეცნიერების ინსტიტუტიც დაარსდა.

ამ საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ენათმეცნიერთა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა თანამშრომლობას. მათი ერთობლივი მუშაობით იქმნებოდა და იხვეწებოდა მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მედიცინის, სამართლის, არქიტექტურის, ინჟინერიისა და სხვა დარგის ტერმინოლოგიური ლექსიკონები. ეს მხოლოდ სიტყვების თარგმნა არ ყოფილა – მთავარი იყო, ქართულ ენას რთული სამეცნიერო ცნებების გადმოცემაც შესძლებოდა და მეცნიერების სრულფასოვან ენად დარჩენილიყო.

ნანა მაჭავარიანის სიტყვებით, „წინა თაობების მეცნიერთა დიდი და დასაფასებელი დამსახურებაა, რომ უდიდესი სირთულეების მიუხედავად, შექმნეს დარგობრივი ქართული ტერმინოლოგია, რათა ქართულ ენას არ დაეკარგა თავისი სრულფასოვანი ფუნქცია და ყოფილიყო უმაღლესი მეცნიერების – ბირთვული ფიზიკის, მედიცინისა თუ ინჟინერიის ენა“.

ეს მემკვიდრეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ახალი ტექნოლოგიები ყოველდღიურად ჩნდება და მათთან ერთად ახალი ცნებების ქართულად გადმოცემის საჭიროებაც იზრდება. ნანა მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ბოლო ათწლეულებში ქართული ტერმინოლოგიური სკოლის განვითარებისთვის გადაიდგა: 2013 წლიდან იმართება ტერმინოლოგიის თემაზე სამეცნიერო კონფერენციები, 2014 წელს დაარსდა კრებული „ტერმინოლოგიის საკითხები“, 2015 წლიდან კი დაიწყო ქართული ტერმინთბანკის კონცეფციაზე მუშაობა. მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 2025 წელს ქართული ტერმინთბანკის გამოქვეყნებაც, რომელიც  უწყვეტად ივსება და ვითარდება.

ტერმინთბანკის მიზანი სხვადასხვა დროს შექმნილი დარგობრივი ლექსიკონებისა და ტერმინოლოგიური მასალების ერთ სივრცეში თავმოყრაა. ეს მეცნიერებსა და სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, შეადარონ არსებული ტერმინები, გააანალიზონ მათი მნიშვნელობა და შეარჩიონ უფრო ზუსტი, გამართული და შეთანხმებული ფორმები. ამგვარად, წლების განმავლობაში ბარათებსა და საარქივო დოკუმენტებში დაცული ცოდნა ციფრულ სივრცეში გადადის და მომავალი თაობებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ. მისი შეფასებით, ტერმინოლოგია გაცილებით მეტია, ვიდრე ვიწრო სამეცნიერო დარგი, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს, რამდენად ზუსტად შეუძლია ენას თანამედროვე ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გადმოცემა. „ტერმინოლოგია არ არის მხოლოდ მეცნიერების ვიწრო დარგი – ეს არის სამეცნიერო აზროვნების, პროფესიული კომუნიკაციისა და ცოდნის ტრანსფერის ფუნდამენტი, სწორედ ზუსტი, გამართული და მოქნილი ტერმინოლოგიური სისტემა განსაზღვრავს, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია ენას ასახოს თანამედროვე ტექნოლოგიური, სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი პროცესები. “,- აღნიშნა მან.

დარეჯან თვალთვაძემ ხაზი გაუსვა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დამსახურებას ქართული სამეცნიერო ენის განვითარებაში და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, ლია ქაროსანიძესა და მთელ განყოფილებას. მისი თქმით, ქართული ტერმინოლოგიის განვითარება დღეს უშუალოდ უკავშირდება ციფრულ ტექნოლოგიებს, საერთაშორისო თანამშრომლობასა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქის მოთხოვნებს.

„ტერმინოლოგიაზე ზრუნვა, არსებითად, სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას ნიშნავს“, – განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ. ეს მოსაზრება განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც ქართულ ენაზე ახალი ტექნოლოგიური ცნებების დამკვიდრება, მათი სწორად თარგმნა და ერთიანი ტერმინოლოგიური სტანდარტების შექმნა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

სწორედ ამიტომ, კონფერენციის პროგრამა მხოლოდ ისტორიულ საკითხებს არ შეხებია. მეცნიერებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის ტერმინოლოგია, ციფრული ლექსიკონები, საერთაშორისო სტანდარტები, ენობრივი პოლიტიკა, სასკოლო სახელმძღვანელოებში ტერმინების შეთანხმება და საჯარო სივრცეში ქართული ენის გამოყენება.

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა მოწვეული მომხსენებლების გამოსვლები. ევროპის ტერმინოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა ჰენრიკ ნილსონმა ისაუბრა ციფრულ ეპოქაში ეროვნული ტერმინოლოგიის მდგრადობაზე; განიხილა 2025 წელს  60-ზე მეტი  ავტორის მიერ შექმნილი წიგნი „ტერმინოლოგიის სახელმძღვანელო”, რომელშიც შესულია ლია ქაროსანიძის ნაშრომიც ქართული ტერმინოლოგიური მუშაობის ისტორიისა და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ. მთავარ მომხსენებლებს შორის იყვნენ საერთაშორისო სტანდარტების ექსპერტები:  ჰენდრიკ კოკარტი, რომელმაც  ტერმინების, ცნებებისა და განმარტებების საერთაშორისო სტანდარტებზე ისაუბრა და  ინგემარ სტრანდვიკი, რომელმაც ევროკავშირის მრავალენოვან კანონშემოქმედებაში ტერმინოლოგიური მუშაობის გამოწვევები განიხილა. ამ საკითხების შესახებ მსჯელობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ეროვნული ტერმინოლოგიის განვითარებისათვის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ორდღიან საერთაშორისო ფორუმზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა, დარგის ექსპერტებმა და მოწვეულმა მომხსენებლებმა განიხილეს თანამედროვე ტერმინოლოგიური მეცნიერების, ენობრივი პოლიტიკის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ლექსიკოგრაფიის აქტუალური საკითხები, კერძოდ:

ლექსიკოგრაფია და კორპუსული კვლევები:  ეროვნული მემკვიდრეობიდან ციფრულ სიახლეებამდე, უცხოური გამოცდილება (ლიეტუვა, პოლონეთი, ხორვატია).

ტერმინოლოგიური პოლიტიკა და განათლება: პოლონური, ლიეტუვური და ხორვატული საგანმანათლებლო და საინფორმაციო რესურსები, ქართული სახელმძღვანელოების ტერმინოლოგიური პრობლემები, ქართული ტერმინთბანკის პოპულარიზაცია საგანმანათლებლო სივრცეში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხები.

დარგობრივი ტერმინოლოგია: ჟესტური ენის, ავიაციის, სპორტის, სამართლის, ფიზიკის, სისხლისსამართლებრივი, ქიმიის, სამხედრო და გეოლოგიის სფეროების ტერმინოლოგიური პრობლემები და პოლისემიის დაძლევის გზები.

საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური და ეთნოკულტურული ტერმინოლოგია: ანტიკური ტერმინები, კულტურული მეხსიერება, ძველი ქართული და საეკლესიო წყაროების ლექსიკური ერთეულები.

თანამედროვე გამოწვევები: ხელოვნური ინტელექტის ტერმინოლოგია ქართულში, სარეკლამო ენის თავისებურებები, აბრების გამართვის საკითხები და სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ ტერმინთა ანალიზი.

კონფერენციის ფარგლებში მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში მოეწყო საიუბილეო ექსპოზიცია „ბარათებიდან ტერმინთბანკამდე“, სადაც წარმოდგენილი იყო სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მიერ შექმნილი დარგობრივი ლექსიკონები და საარქივო მასალები. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა  მოიგონეს თავიანთი ღვაწლმოსილი კოლეგები, ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკონების შემქმნელები, რედაქტორები.

გამოფენამ თვალსაჩინო გახადა გზა, რომელიც ქართულმა ტერმინოლოგიურმა სკოლამ ხელნაწერი ჩანაწერებიდან და ბარათების სისტემიდან თანამედროვე ციფრულ რესურსებამდე გაიარა.

ეს გზა ჯერ არ დასრულებულა. საჭიროა ტერმინთბანკის შემდგომი განვითარება, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა, ტერმინოლოგიური მუშაობის კოორდინაცია, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში ერთიანი მიდგომების დამკვიდრება და ახალგაზრდა მკვლევრების ამ საქმეში ჩართვა. ქართული ენის შესაძლებლობები სწორედ მაშინ იქნება სრულად გამოყენებული, როდესაც მას თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ყველა მნიშვნელოვანი ცნების ზუსტად გადმოცემა შეეძლება. საერთაშორისო კონფერენციამ „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული ტერმინოლოგიური სკოლის ტრადიციების შენარჩუნებისა და თანამედროვე ციფრულ ეპოქაში „ქართული ტერმინთბანკის“ განვითარების უდიდეს მნიშვნელობას.

V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ენობრივი მემკვიდრეობის დაცვა წარსულის შენარჩუნებასთან ერთად მომავლის შექმნაცაა. ქართული ტერმინოლოგიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება მყარი საფუძველია იმისთვის, რომ ენამ ციფრულ ეპოქაშიც შეინარჩუნოს თავისი ადგილი და ახალ ცოდნას საკუთარი სიტყვებითა და ცნებებით უპასუხოს.

Facebook
Twitter
LinkedIn