თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები პედიატრიის სწავლებას ახალ კლინიკაში გაივლიან

თარიღი: 2025-09-26 17:04:11

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი სასწავლო წელს სიახლით ხვდება: ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები პედიატრიის სასწავლო კურსს ახალი კლინიკის ბაზაზე, ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრში –  „თერაპიის სახლში“ – გაივლიან.

„დიდი სიხარულით მინდა ვთქვა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მაია ბიწკინაშვილის მხარდაჭერით, წელს ახალი კლინიკური ბაზა გვაქვს. აქ ჩვენი სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც შეიძენენ“, – ამბობს პედიატრიის კათედრის გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რუსუდან ქარსელაძე ჩვენთან საუბარში.

გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ,,თერაპიის სახლის” თანამედროვე შენობაში ხელმისაწვდომია მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც სტუდენტებს კვალიფიციურ სპეციალისტებთან მუშაობის შესაძლებლობა აქვთ.

,,საუნივერსიტეტო სწავლებისთვის იდეალური გარემო და არაჩვეულებრივი, გულისხმიერი კოლექტივი დაგვხვდა. ვფიქრობ, აქ სტუდენტებს სწავლისთვის ყველა პირობა აქვთ შექმნილი: ლექცია-სემინარები ტარდება ძალიან კარგად მოწყობილ აუდიტორიაში, დეკანატმა გადმოგვცა მულაჟები, საკმაოდ ძვირადღირებული და ეფექტური სიმულატორები და ასევე გვაქვს საშუალება სტუდენტებს ვაჩვენოთ სარეაბილიტაციო სამსახურის მუშაობა, რაც სხვა კლინიკებში ნაკლებად არის შესაძლებელი”, – ასე აფასებს პროფესორი რუსუდან ქარსელაძე ახალ კლინიკურ ბაზას.

ახალი თანამშრომლობის შესახებ ვესაუბრეთ ,,თერაპიის სახლის” დირექტორსაც, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ლალი ანდრიაშვილს: ,,უნივერსიტეტის პედიატრიის კათედრის კლინიკური ბაზის ჩვენთან გადმოსვლა ორმხრივად მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ჩვენი გუნდისთვის. ,,თერაპიის სახლი” არის ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი, რომელსაც მრავალმხრივი სამედიცინო პრაქტიკა და ევროპული სტანდარტით მუშაობის 35 წლიანი გამოცდილება აქვს. ზოგიერთი რეაბილიტაციური სერვისის მიღება საქართველოში მხოლოდ ჩვენთანაა შესაძლებელი: სამკურნალო ევრითმია, ოსტეოპათია, რიტმული მასაჟი, ლიმფის მანუალური დრენაჟი, ზეთის დისპერსიული აბაზანები, არტ თერაპია. სტუდენტებს შეუძლიათ დააკვირდნენ ამ მეთოდებს, ლექტორებს კი საშუალება აქვთ, რომ სწავლების პროცესში სტუდენტებს აჩვენონ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის და პროფილის პაციენტები, მათზე მორგებული მკურნალობის ეტაპები. სწორედ ამ მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა მნიშვნელოვანი მომავალი კოლეგებისთვის”.

ხაზგასასმელია, რომ თანამედროვე პედიატრიის გამოწვევები, როგორიცაა მაგალითად, აუტიზმი და ბავშვთა განვითარების შეფერხება, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტების კვლევის საგანია. პროფესორმა რუსუდან ქარსელაძემ ყურადღება გაამახვილა, რომ ამჟამად 8 დოქტორანტი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და კლინიკური ბაზა მათი კვლევისთვისაც მნიშვნელოვანია.

ახალ კლინიკურ ბაზაზე საუბრისას, პროფესორმა რუსუდან ქარსელაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ჩატარების საშუალებასაც იძლევა. ოქტომბრიდან დაგეგმილია საერთაშორისო მულტიცენტრული კვლევების დაწყება, რომლებიც ბრონქულ ასთმას, ალერგიულ რინიტსა და სხვა საკითხებს შეეხება. „ჩვენს კათედრას უკვე აქვს საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობის გამოცდილება, ხოლო ახალი ინფრასტრუქტურა ამ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – აღნიშნავს პროფესორი.

პროფესორი რუსუდან ქარსელაძე ხაზს უსვამს ,,თერაპიის სახლის” მრავალმხრივ შესაძლებლობებს პრაქტიკული და მეცნიერული მუშაობის მიმართულებით, თუმცა ასევე განმარტავს: ,,ერთადერთი, რაც ჩვენი ახალი კლინიკური ბაზის ნაკლად შეიძლება მივიჩნიოთ, სტაციონარის არ ქონაა, თუმცა სტუდენტებს ჰოსპიტალურ სექტორზე დაკვირვების შესაძლებლობა ექნებათ ინგოროყვას კლინიკაში, ასოცირებულ პროფესორ ქეთევან ბარაბაძესთან“.

ამ ეტაპზე „თერაპიის სახლის“ კლინიკურ ბაზაზე სასწავლო პროცესში ჩართული არიან თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები და დოქტორანტები. სამომავლოდ დაგეგმილია რეზიდენტების მიღებაც.

Facebook
Twitter
LinkedIn