თეონა ნემსაძეს თსუ-მ იმედები გაუმართლა

თარიღი: 2024-05-23 17:03:05

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარჩინებულმა მაგისტრანტმა თეონა ნემსაძემ სწავლების პირველ საფეხურზე სწავლა გერმანიაში, კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში განაგრძო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში (სრული დაფინანსებით). მარიამი სწავლას  მუშაობასაც უთავსებს და ტერაბანკში, პორტფელური რისკების ანალიზისა და რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზეც  წარმატებით საქმიანობს. ბედნიერია, რომ უნივერსიტეტის  არჩევანში გაუმართლა…  კარგის მოლოდინი, რა თქმა უნდა, ჰქონდა, მაგრამ ასე თუ დააფასებდა თსუ მის სწავლისადმი ინტერესსა და  მონდომებას,  ნამდვილად არ ელოდა. 

„თსუ-ში ყოველთვის მიფასდება ის, რაშიც მთელ სულს და გულს ვდებ, რისთვისაც თავდაუზოგავად ვშრომობ. ჩემი აკადემიური მოსწრების გამო ხშირად მიმიღია სტიპენდია და შიდა დაფინანსება. აქ მასწავლიდნენ და მასწავლიან საუკეთესო ლექტორები, რომელთა მადლობელიც ყოველთვის ვიქნები. ისინი თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ ცოდნა გაგვიზიარონ. ყოველთვის მაქვს შესაძლებლობა მივმართო მათ და ნებისმიერ საკითხში დახმარების იმედი მქონდეს – იქნება ეს სალექციო თემატიკასთან დაკავშირებული კითხვები, რეკომენდაციების საჭიროება თუ სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, მოსმენა და პატივისცემა. ყველაზე მეტად ვაფასებ ლექტორების სტუდენტების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას.

თსუ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, უამრავი შესაძლებლობა მომცა, რასაც აბიტურიენტობის პერიოდში ვერც კი წარმოვიდგენდი. როდესაც ვაბარებდი თსუ-ში, მქონდა კარგის მოლოდინი, მაგრამ იმედები გადაჭარბებით გამიმართლდა,“ – აცხადებს თეონა, რომელიც თვლის, რომ  თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პირველ სემესტრში ჯგუფების არსებობა არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება. სწორედ ასე შეიძინა მეგობრები და  უმნიშვნელოვანესი ადამიანები.

როდესაც თეონა აბიტურიენტი იყო, ზუსტად იცოდა, რომ სწავლას ტექნიკური მიმართულებით გააგრძელებდა.  სწორედ ამიტომ აირჩია ეკონომიკის მიმართულება: „ეკონომიკური მოდელების აგება, ცვლადების ურთიერთქმედების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გამოტანა ჩემთვის ყველაზე საინტერესოა. მოდულზე სწავლის პერიოდში შევისწავლეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები. ეს ყოველივე მეხმარება – ვიყო შრომის ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანი. ეკონომიკურზე სწავლა გულისხმობს უამრავი კუთხით განვითარებას და, შესაბამისად, სამომავლოდ დასაქმების უამრავ შესაძლებლობას.

იმისთვის, რომ უფრო მეტად შრომისუნარიანი ვიყოთ, არ უნდა გვაშინებდეს ახალი გამოწვევები, მუდმივად უნდა ვფიქრობდეთ განვითარებაზე, თავდაუზოგავად ვიშრომოთ და, რაც მთავარია, გვიყვარდეს ის, რასაც ვაკეთებთ, რადგან „სიყვარულის გარეშე დიდი საქმე არ გაკეთდება“. – ასე ფიქრობს თეონა, რომელსაც სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს.  მართალია შემდეგ საფეხურზე სწავლის გაგრძელება ჯერ არ გადაუწყვეტია, მაგრამ თუ გადაწყვიტა, არჩევანი აუცილებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება!

Facebook
Twitter
LinkedIn