ერთი წელი გავიდა ბატონ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებიდან…
ბატონი თენგიზ ცერცვაძე იყო აბსოლუტურად გამორჩეული პიროვნება საქართველოს სამედიცინო საზოგადოებაში – მოღვაწეობით, გარეგნობით, რაფინირებული ურთიერთობის ტალანტით. ის იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის ხელმძღვანელი. თენგიზ ცერცვაძე იყო საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი. პირველმა საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჯერ კიდევ 1984 წელს, დაიწყო შიდსის პრობლემაზე მუშაობა. მისივე ძალისხმევით ქვეყანაში შეიქმნა შიდსთან ბრძოლის თანამედროვე ტიპის სამსახური, რომლის ძალისხმევითაც ქვეყანამ შეძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია (მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით).
უდიდესია თენგიზ ცერცვაძის დამსახურება ქართული ჰეპატოლოგიური სკოლის განვითარებაში, პირველ რიგში ვირუსული ჰეპატიტების დარგში. ის იყო მსოფლიოში უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი. უაღრესად მნიშვნელოვანია მისი წვლილი B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის დანერგვის, აგრეთვე COVID-19-ის კლინიკური მართვის საქმეში.
თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოპოვებული იყო 20-ზე მეტი საერთაშორისო გრანტი და განხორციელებული ამდენივე ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო პროექტი აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციური დაავადებების დარგში. შრომების ნაწილი შესრულებულია წამყვან ამერიკელ მეცნიერებთან და ცენტრებთან ერთად. მთელი რიგი სამეცნიერო ფაქტები პირველადაა მოპოვებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და/ან საქართველოში, ხოლო ზოგიერთი კვლევა ინოვაციურია საერთაშორისო მასშტაბით.
2009 წელს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და პიონერული კვლევებისთვის მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია.
თენგიზ ცერცვაძე იყო სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის და მრავალი საერთაშორისო საზოგადოების/ასოციაციის წევრი, საქართველოს შიდსის ასოციაციის პრეზიდენტი.
ის არის ავტორი 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე გამოცემებში. ის სისტემატურად მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების მუშაობაში, მათ შორის მოწვეული სპიკერის რანგში.
თენგიზ ცერცვაძე დაჯილდოვებული იყო საქართველოს ბრწყინვალების და ღირსების ორდენებით, აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF) ჯილდოთი, ევროპის ბიზნეს ასამბლეის „დედოფალ ვიქტორიას მედლით“. იგი არჩეული იყო თბილისის საპატიო მოქალაქედ. 2011 წელს საქართველოში მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის მას მიენიჭა ეროვნული პრემია.
თენგიზ ცერცვაძე წლების განმავლობაში ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ საექიმო, სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ინფექციურ დაავადებათა დარგში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.
თენგიზ ცერცვაძე გამოირჩეოდა არაორდინარული ნიჭიერებით, ლიდერის თვისებებით, კეთილსინდისიერებით, უანგარობით, საქმისადმი და ადამიანებისადმი უდიდესი ერთგულებითა და სიყვარულით, მაღალი ერუდიციით. ის იყო ნამდვილი ინტელიგენტი, შესანიშნავი მეგობარი, მეუღლე.
თენგიზ ცერცვაძე წავიდა ვალმოხდილი ქვეყნის წინაშე. მისი სახელი სამუდამოდ არის ჩაწერილი საქართველოს გამოჩენილ შვილთა სიაში.
თსუ მედიცინის ფაკულტეტის სახელით
მაია ბიწკინაშვილი – ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი
ლალი შარვაძე – ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი
აკაკი აბუთიძე – ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი
