თემურ შენგელიას ხელმძღვანელობით შესრულებული მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი

თარიღი: 2023-01-27 14:24:24

გასულ წელს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე 10  მიზნობრივი სამეცნიეროკვლევითი პროექტი განხორციელდა, რომელიც შემდგომ სამეცნიერო სტატიის ფორმით  საერთაშორისო, სამეცნიერო, პრესტიჟულ რეფერირებად  ჟურნალებში გამოქვეყნდება. რამდენიმე პროექტის შესახებ ჩვენ უკვე გესაუბრეთ, ამჟამად  წარმოგიდგენთ მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევით პროექტს: „მცირე ბიზნესის  ანტიკრიზისული რეგულირების  მეთოდები  Covid-19    პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში

წინამდებარე კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მცირე ბიზნესის გარე გარემოს არასტაბილურ ეკონომიკურ პირობებში, სისტემურდინამიური მეთოდოლოგიის გამოყენებით, ანტიკრიზისული რეგულირების თანამედროვე მეთოდოლოგიური მექანიზმების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ  მის  შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თემურ შენგელიამ განაცხადა: COVID-19 პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობამ  უფრო არსებითი ზეგავლენა მოახდინა მცირე ბიზნესზე,  ვიდრე  მსხვილ და საშუალოზე, რაც საბუთდება იმით, რომ მცირე ბიზნესი საბაზრო პროცესებისადმი უფრო მგრძნობიარე, ხოლო ამ პროცესებზე  მისი რეაგირების მექანიზმი შედარებით  ინერტულია, რადგანაც მას არ გააჩნია ის დაცვითი მექანიზმი, რომელიც ახასიათებს  მსხვილ ბიზნესს“, – აღნიშნა  პროფესორმა თემურ შენგელიამ, რომელიც   საკვლევი თემისა და  კვლევების შედეგების შესახებ  უფრო ვრცლად საუბრობს:

„მცირე ბიზნესის  ანტიკრიზისული რეგულირების  მეთოდები  Covid-19                                   პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში

(პროექტის მონაწილეები: ხელმძღვანელი, პროფესორი  თ. შენგელია;  ასოცირებული პროფესორები:  უ. სამადაშვილი,  ლ. ხიხაძე,  ხ. ბერიშვილი. თსუ დოქტორანტი ნ. ადამია და თსუ მაგისტრი გ. ორაგველიძე)

. . .

მეცნიერული კვლევის თვალსაზრისით  2022  წელი   განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა „საერთაშორისო ბიზნესის“ კათედრისთვის.  სხვა მნიშვნელოვან  პროექტებთან და გრანტებთან ერთად,  დასრულდა   მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტზე: „მცირე ბიზნესის  ანტიკრიზისული რეგულირების  მეთოდები  Covid-19  პანდემიისა და პოსტპადემიურ პერიოდში“ მუშაობა.  

 2019 წლის დეკემბრის თვეში, ჩინეთის ქალაქ უჰანში გაჩენილი ვირუსი  სულ რამდენიმე თვეში გლობალურ პანდემიად იქცა და მსოფლიო ეკონომიკაზე  დამანგრეველი  ზეგავლენა მოახდინა.  ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ შეცვალა მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ტენდენციები და მართლწესრიგი. კორონავირუსით გამოწვეულმა ნეგატიურმა შოკმა გავლენა იქონია მაღალგანვითარებული ქვეყნების – აშშ-ის, ევროკავშირის, იაპონიის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე. პანდემიის ზეგავლენის ხარისხი და მასშტაბები დღემდე დაუდგენელია ამომწურავი ინფორმაციის არარსებობის გამო. დღესაც კაცობრიობა ებრძვის პანდემიის შედეგად მიმდინარე პროცესებს.  ამ კონტექსტში უაღრესად საინტერესო იყო Covid-19-ის მცირე ბიზნესის განვითარების ტენდენციებზე ზეგავლენის დადგენა, რადგან ის წარმოადგენს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სეგმენტს, განიცდის ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორების  ინტენსიურ ზეგავლენას. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა Covid-19 პანდემია. მცირე ბიზნესზე COVID-19 პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობა უფრო არსებით ზეგავლენას ახდენს, ვიდრე  მსხვილ და საშუალოზე, რადგან მცირე ბიზნესი საბაზრო პროცესებისადმი უფრო მგრძნობიარე, ხოლო მისი რეაგირების მექანიზმი შედარებით  ინერტულია. იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დაკავშირებულია COVID-19 პანდემიასთან, წარმოიშობა მცირე ბიზნესის ანტიკრიზისული რეგულირების მეთოდებისა და მიდგომების ახლებური ფორმირების, მათი აპრობაციისა და პრაქტიკული რეალიზაციის  აუცილებლობა, რაც განსაზღვრავს ჩვენ მიერ შერჩეული პრობლემის აქტუალობას. 

ეკონომიკური კრიზისების, რისკების, მათი დაძლევის გზებისა და მეთოდების პრობლემა საკმარისად კარგადაა შესწავლილი ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ, რომელთა შორისაა: ჯ.შუმპეტერი, ფ.ხაიეკი, დ.გობსონი,  დ.აკერლოფი,  ფ. ნაიტი, ვ. მაი, ვ. პაპავა, ა. სილაგაძე, თ. შენგელია, რ. აბესაძე, ი. არჩვაძე, უ. სამადაშვილი, ხ. ბერიშვილი, ლ. ხიხაძე,  ა. სულაბერიძე  და სხვები.  მნიშვნელოვანი წვლილი მცირე ბიზნესის ანტიკრიზისული რეგულირების კვლევაში შეიტანეს საზღვარგარეთის მეცნიერებმა ა. დიასმა, ლ. ლეკმატმა, მ. ლოულესმა, მ. დელოფმა, კ. მარიშმა, რ. ჯონსმა, მ. კოულინგმა, შ. ტოსტერსონმა და სხვებმა. უკანასკნელ წლებში მეცნიერთა მიერ ფართოდ ანალიზდება Covid-19 პანდემიის ზეგავლენა მცირე ბიზნესზე და პანდემიური კრიზისის დაძლევის გზები ეკონომიკასა და ბიზნესში. ამ მხრივ ნიშანდობლივია: ტ. ტაისონის, ა. ტარკის, ლ. ხარისის, დ. შეტის, დ. გერდემანის, ბ. ლარსენის, ფ. კოკის და სხვათა ნაშრომები.  

ქართველი და უცხოელი მეცნიერების თეორიული და პრაქტიკული კვლევების ფართო სპექტრის მიუხედავად, კოვიდ-19 პანდემიის მცირე ბიზნესზე ზეგავლენის დაძლევის ეფექტიანი ტექნოლოგიებისა და მოდელების შექმნა არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ანტიკრიზისული რეგულირების ინსტრუმენტებში, რომლებიც არსებით ზეგავლენას ახდენენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. 

 კვლევის საგანს წარმოადგენდა ისორგანიზაციულ-მმართველობითი და ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშობა მცირე ბიზნესის ანტიკრიზისული რეგულირების პროცესში და ორგანიზაციის ადაპტაცია გარე გარემოს ფლუქტუაციების (ლათ. fluctuatio – მერყეობა) მიმართ.

პროექტში მონაწილე მეცნიერების წინაშე დაისვა შემდეგი ამოცანები:

  • Covid-19 პანდემია: მსოფლიოს ეკონომიკისა და გლობალური  ბიზნესის განვითარების ტენდენციებისა და   საქართველოს შესაძლებლობების დადგენა;     
  • მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ანალიზი კოვიდ-19 პანდემით გამოწვეული კრიზისის პირობებში;
  • ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის პროცესში მცირე ბიზნესში ეკონომიკური გაურკვევლობის ძირითადი ფაქტორების სისტემატიზაცია და ანტიკრიზისული რეგულირების როლის დადგენა;
  • მცირე ბიზნესის ეკონომიკური შედეგების მიღწევაში ანტიკრიზისული ღონისძიებების საზღვარგარეთის გამოცდილების შესწავლა და ანალიზი;
  • არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში მცირე ბიზნესის ანტიკრიზისული  რეგულირების კონცეფციის შემუშავება;
  • არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში მცირე ბიზნესის დიაგნოსტიკის მეთოდების დადგენა;
  • პოსტპანდემიურ პერიოდში მცირე ბიზნესის ანტიკრიზისული ღონისძიებების რეალიზაციის ტექნოლოგიების შემუშავება;
  •  ანტიკრიზისული ღონისძიებების რეალიზაციის ტექნოლოგიების შემუშავების    მიზნით მატრიცული მეთოდის გამოყენება;
  •  მცირე ბიზნესის განვითარების უზრუნველსაყოფად სისტემურ-დინამიური სცენარების შემუშავება;
  •  მცირე ბიზნესის განვითარების უზრუნველსაყოფად ციფრული  ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობა.

კვლევის მიზანში და ამოცანებში წარმოჩენილი კონცეფციის შემოწმება-დადასტურება შესაძლებელი გახდა სისტემური, ეკონომიკურ-ინსტიტუციური მიდგომების, ისტორიული-დიალექტიკური, მეცნიერული აბსტრაქციის, პოზიტიურ-ნორმატიული და სტატისტიკური ანალიზის მეთოდების გამოყენების საფუძველზე. სისტემურ-დინამიკური, ანტიკრიზისული მართვის ტექნოლოგიების კვლევა განხორციელდა მიზეზ-შედეგობრივი, ეკონომიკური პროცესების სცენარული ტექნოლოგიების აგების პრიორიტეტის დადგენის საფუძველზე. გამოყენებულ იქნა: მატრიცული, ფორმალიზაციის, ეკონომიკური ანალიზის, მოდელირების, პროგნოსტიკული, ექსპერტული შეფასების, დიაგნოსტიკის მეთოდები.

  ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის მნიშვნელობა და პრაგმატულობა აისახა  კვლევის  შედეგებში, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია:

  • შესწავლილიასაზღვარგარეთის ქვეყნებში  Covid-19 -ის პანდემიის  პირობებში  მცირე ბიზნესის ანტიკრიზისული  რეგულირების გამოცდილება;    
  • კვლევის საფუძველზე გამოვლენილ და გაანალიზებულ იქნა პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში  მცირე ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები;  
  • დადგინდა გარე ეკონომიკური გარემოს დინამიკის სინერგიული შედეგები (მათ შორის: კოვიდ-19 პანდემიის, სახელმწიფო რეგულირებისა და მხარდაჭერის, მცირე ბიზნესის არასტაბილურობის, ციფრული ტრანსფორმაციის, მოხმარების ქცევის ცვლილების გამომწვევი და სხვა ფაქტორები);
  • ნაშრომში დასაბუთებულია  მცირე ბიზნესის ანტიკრიზისულ  რეგულირებაში სისტემური მიდგომის გამოყენების აუცილებლობა;
  • დადგენილ იქნა ანტიკრიზისული სცენარები, რომლებიც   ძირეულად განსხვავდებიან   კლასიკური ანტიკრიზისული  მიდგომისაგან;
  • კვლევაში გამოყენებულ იქნა მატრიცული მიდგომა, რომელიც ეფუძნება მცირე საწარმოების ბიზნესმოდელების კრიზისული  თავისებურებების იდენტიფიკაციას და მცირე საწარმოების ანტიკრიზისული სტრატეგიების დადგენას; 
  • დასაბუთდა მცირე ბიზნესის ანტიკრიზისული მართვის მიზნით ციფრული და კოგნიტური ტექნოლოგიების გამოყენების აქტუალობა.

ნაშრომში წარმოდგენილი დასკვნები და რეკომენდაციები მიმართულ იქნა საქართველოში ხელისუფლების მიერ მცირე ბიზნესის განვითარების პოლიტიკისა და  ღონისძიებების დაგეგმვის, პოსტპანდემიური კრიზისის დაძლევის ორიენტირების  დასადგენად.

Facebook
Twitter
LinkedIn