მთავრობას პროექტის შედეგები დაეხმარება უკეთ დაგეგმოს ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკა
თსუ-ს მეცნიერები აქტიურად ეხმაურებიან იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე დგას, იქნება ეს საერთაშორისო პოლიტიკის ტრანსფორმაციები, ეკონომიკური კრიზისები თუ ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივები. სწორედ ამ მიდგომის ნათელი მაგალითია მიმდინარე სასწავლო წელს დასასრულს მიახლოებული პროექტი – „საქართველო–ევროკავშირის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების ევოლუცია და განმსაზღვრელი დეტერმინანტები“.
პროექტი აერთიანებს თსუ-ს გამოცდილი პროფესორებისა და ახალგაზრდა მკვლევრების ძალისხმევას და მიზნად ისახავს უპასუხოს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კითხვას: რა მიმართულებით და რა შედეგებით შეიძლება განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან?
კვლევის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ მისი შედეგები მონოგრაფიის სახით გამოიცემა და გახდება როგორც აკადემიური წრეებისთვის, ასევე პოლიტიკის შემქმნელთათვის მნიშვნელოვანი საყრდენი. თსუ-ს ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემის ადგილი – ის აქტიური მონაწილეა ქვეყნის მომავლის დაგეგმვის პროცესში.
პროექტის – „საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ევოლუცია და განმსაზღვრელი დეტერმინანტები“ – მნიშვნელობაზე, საკითხის სიღრმისეული შეწავლის აუცილებლობასა და კვლევის მიზნებზე მოგვითხრობს პროექტის ხელმძღვანელი, თსუ-ს პროფესორი თემურ შენგელია:
– 2025-2026 სასწავლო წელი ახალ და დამაიდებელ პერსპექტივებს სახავს სამეცნიერო თუ სასწალო პროცესის სრულყოფის თვალსაზრისით. მიმდინარე სასწავლო წელს ვაპირებთ დავასრულოთ პროექტი, რომელიც უკავშირდება რთულ და კომპლექსურ პრობლემას სახელწოდებით – ,,საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ევოლუცია და განმსაზღვრელი დეტერმინანტები“. პროექტს მე ვხელმძღვანელობ, ხოლო პროექტში მონაწილე ასოცირებული პროფესორები არიან: უ.სამადაშვილი, ლ.ხიხაძე, ხ.ბერიშვილი და დოქტორანტები: მ.გოგუაძე და მ.არნაძე. როდესაც ვამბობთ, რომ ეს პრობლემა რთული და კომპლექსურია, ვგულისხმობთ იმას, რომ მისი შესწავლით შევძლებთ იმის არგუმენტაციას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის, ევროკავშირთან ინტეგრაცია.
საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სისტემის ტრანსფორმაციისა და საქართველოს პოლიცენტრიკული ორიენტაციის პირობებში ქვეყნის აქცენტები გადატანილია ეკონომიკურ ურთიერთობათა დივერსიფიკაციაზე. ცხადია, რომ ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარებას. ისტორიულად ევროპას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური განვითარების პროცესში. ინტეგრაციის არჩევანის საკითხი ეროვნული განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქვეყნის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, არსებობის დასაწყისიდანვე. გეოპოლიტიკურად საქართველო განთავსებულია ევროპა-აზიის გასაყარზე. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქვეყანა განიხილავდა ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც ეკონომიკური პროგრესის საწინდარს. თავისი ისტორიული არჩევანი საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით გააკეთა. ამ შეთანხმების ძალაში შესვლით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა სრულიად ახალ ხარისხობრივ დონეზე გადავიდა.
საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავების გავლენის შესწავლა მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებისთვის. საკითხს ართულებს ის ფაქტი, რომ 2024 წლიდან საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში გაჩნდა ღრმა ეკონომიკური კრიზისის სიმპტომები, რამაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნის სასტარტო პოზიციის ცვლილებაზე. ამასთან, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების შესწავლა, ევროკავშირთან ინტეგრაციული თანამშრომლობის გაფართოების კონტექსტში, წარმოადგენს მეცნიერული კვლევის მნიშვნელოვან სფეროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემას კვლევების საკმაოდ ფართო სპექტრი დაეთმო, შეფასებები, ძირითადად, მიმდინარე კრიზისის დაწყებამდე ხდებოდა, იმ პირობებში, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება ინტეგრაციის არჩევის შესახებ არ იყო მიღებული. საპროგნოზო მნიშვნელობები გამოითვლებოდა 2024 წლამდე საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც არსებულ ვითარებასთან შედარებით შეიძლება მიუღებლად ოპტიმისტურად ჩაითვალოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის ვექტორში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, მეტად მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის გაანალიზება, ამ სფეროში არსებული პრობლემებისა და პერსპექტივების ობიექტური შეფასება, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს საკვლევი პრობლემის აქტუალობას.
საქართველო და ევროკავშირი ბოლო წლებში მეტ ყურადღებას აქცევენ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ქვეყნისთვის ეს ურთიერთობები არა მხოლოდ სტატუსს, არამედ ეკონომიკური განვითარების ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს. ახალი კვლევა სწორედ ამ პროცესებს ასახავს – მიზანია შევაფასოთ საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობა, შევნიშნოთ გამოწვევები და წარმოვიდგინოთ მომავალი პერსპექტივები.
კვლევამ გამოავლინა, თუ როგორ მოქმედებს ასოცირების ხელშეკრულება, რა ცვლილებები მოხდა ბოლო წლებში და რა მიმართულებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები. ასევე შეფასდა, როგორ შეიძლება გაიზარდოს საქართველოს საგარეო ვაჭრობის მოცულობა და რა სტრატეგიულ შესაძლებლობებს იძლევა ინტეგრაცია ევროკავშირთან.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ურთიერთობების გაღრმავება ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პროგნოზები ნათლად ასახავს სავაჭრო მოცულობის ზრდის პერსპექტივებს, ხოლო ახალი მიდგომები აძლევს საქართველოს ლავირების შესაძლებლობას, რომ საკუთარი ინტერესები მაქსიმალურად დაიცვას.
კვლევის დასკვნები საინტერესოა იქნება არა მხოლოდ ექსპერტებისთვის, არამედ ხელისუფლებისთვისაც. მთავრობას პროექტის შედეგები დაეხმარება უკეთ დაგეგმოს ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკა და წარმატებით გადაჭრას არსებული პრობლემები.
