თემურ შენგელიას ახალი ჯილდო

თარიღი: 2026-03-03 14:05:07

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს თეიმურაზ (თემურ) შენგელიას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ფილიპე გოგიჩაიშვილის მედალი მიენიჭა.

,,ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედალი გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისთვის. ფილიპე გოგიჩაიშვილი გახლდათ ქართული აკადემიური ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ეკონომიკის ფაკულტეტის პირველი დეკანი. სწორედ ამიტომ, მისი სახელობის ჯილდო დარგის სპეციალისტებისთვის უდიდესი პრესტიჟის მატარებელია.  მინდა უღრმესი მადლიერება გამოვხატო უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხელმძღვანელობის, ასევე, თსუ-ს აკადემიური საბჭოს მიმართ ჩემი მოკრძალებული შრომის ასეთი მაღალი ჯილდოთი დაფასებისათვის“, – აღნიშნავს პროფესორი თემურ შენგელია.

თემურ შენგელია 1999  წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ აირჩია თსუ-ს პროფესორად. 2006 წლიდან იგი ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის კათედრის გამგე, სრული პროფესორი, სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელია.  2018 წლიდან დღემდე არის თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი.

. . .  

თემურ შენგელიამ, 1986 წელს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური და სოციალური   პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენის მეთოდოლოგიის სრულყოფა“ და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1987 წელს არჩეულ იქნა დოცენტად. 1998 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ინოვაციათა ეფექტიანობა და მაკროეკონომიკური ზრდა“ და მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1999-2004 წლებში თემურ შენგელიას ეკონომიკური მეცნიერების დარგში მიღწევებისთვის დაენიშნა საქართველოს  პრეზიდენტის პირველი ხარისხის სტიპენდია.

2019 წელს ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური  მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით, 2018 წელს  – აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის თსუ-ს ეკონომიკის ინსტიტუტის მედლით, 2002 წელს – ღირსების მედლით, 1996 წელს – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

პროფესორი თეიმურაზ შენგელია 200-ზე  მეტი სამეცნიერო ნაშრომის,  მათ შორის, 12  მონოგრაფიის, 18 სახელმძღვანელოს ავტორია ქართულ, ინგლისურ, პოლონურ, რუსულ, უკრაინულ ენებზე. 2012 წელს სახელმძღვანელომ – თ. შენგელია. ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები. ნაწ.1 და ნაწ.2, თსუ – გაიმარჯვა ჟურნალ „ეკონომიკის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში: „საუკეთესო სახელმძღვანელო ბიზნესში“.

2006-დან 2015 წლამდე  პროფესორმა თეიმურაზ შენგელიამ პროფესიული სწავლება და  სტაჟირება გაიარა: ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში (Freie Universität Berlin – FU Berlin), ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში (Vrije Universiteit Amsterdam – VU), ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში (WU – Wirtschaftsuniversität Wien), ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების სააგენტოში (ATTF), დოიჩებუნდეს ბანკში, კვიპროსის საპროცესინგო კომპანია „მონეტიქს ლიმიტედში“,  ინგლისის ბანკის სასწავლო ცენტრში, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საერთაშორისო საკითხებში ტექნიკური დახმარების  ოფისში.

2001 წლიდან იგი არჩეულია საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად; 2001 წლიდან აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტია, 2014 წლიდან არჩეულია ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიის (International Academy Bizness end Economics) (იტალია), 2016 წლიდან საერთაშორისო ბიზნესის (Academy of International Business (AIB) (აშშ) წევრად.

პროფესორი თეიმურაზ შენგელია არის რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი   სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე. იგი არის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი. დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

Facebook
Twitter
LinkedIn