თემურ ნადარეიშვილმა ფიზიკა ფიზიკის გარეთ გაიტანა
უნივერსიტეტი პროფესორისა და სტუდენტის ურთიერთობაა – ცოდნის გადაცემის პროცესი, როცა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ჯადოსნური კვანძები იკვრება და სიცოცხლის განმავლობაში ამ კვანძების მეშვეობით ადიან მწვერვალებზე. ვინ იცის, რამდენი ახალგაზრდა ეზიარა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფიზიკის უსასრულო ლაბირინთებიდან გამოსავალ გზას და რამდენს გაუღვივდა სამყაროს შეცნობის სურვილი, როცა ლექციაზე პირველად მოუსმინა ერთ გულანთებულ, ფიზიკაზე შეყვარებულ, გულწრფელ და ამავე დროს შექსპირის სამყაროში მოკირკიტე პედაგოგს.
დღეს მისი დაბადების დღეა.
70 წელი შეუსრულდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების ელემენტარული ნაწილაკების და კვანტური ველების კათედრის ასისტენტ-პროფესორს, თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ველის კვანტური თეორიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომელს თეიმურაზ ნადარეიშვილს.
მან 1979 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1999 წლიდან კი სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას ეწევა. გამოცემული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, არის ფიზიკის ამოცანათა სამი კრებულის ავტორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ველის კვანტური თეორია, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, კვანტური მექანიკის პრინციპული საკითხები, თვითშეუღლებული გაფართოების პრობლემა არარელატივისტურ და რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში.
ბატონი თემური თითქმის 30 წელია კითხულობს ლექციებს, ატარებს პრაქტიკულ მეცადინეობებსა და სემინარებს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ზოგადი და თეორიული ფიზიკის საკვანძო საკითხებში; ხშირად ხვდება სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, კითხულობს საჯარო ლექციებს ფიზიკის, როგორც მეცნიერების, პოპულარიზაციისთვის. მისი ახლობლები ამბობენ, რომ თემურ ნადარეიშვილმა „ფიზიკა ფიზიკის გარეთ გაიტანა“ და თავისი საჯარო ლექციები შემეცნების წყაროდ აქცია.
ვინც თემურ ნადარეიშვილს იცნობს, იცის ისიც, რომ მისი უზღვავი ენერგია ვერ დაიტია მხოლოდ ფიზიკამ და არანაკლებ წარმატებას მიაღწია მთარგმნელობით სფეროშიც. მის კალამს ეკუთვნის არაერთი შესანიშნავი თარგმანი ინგლისურიდან და რუსულიდან, თარგმნის უ. შექსპირს, ა. პუშკინს, მ. ლერმონტოვს და სხვა კლასიკოსებს. მკითხველისთვის ცნობილია მისი ჩანაწერების პოპულარული ციკლი ,,დაუვარცხნელი აზრები”, ,,ჩანაწერებში დატყვევებული ფიქრები” და სხვა.
თემურ ნადარეიშვილი ყველას მეგობარი, არაჩვეულებრივი მეუღლე და მამაა. ის იშვიათად ბავშვური გულწრფელობით ხიბლავს გარემოცვას, რაც ამ ადამიანისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას განაპირობებს – ვერ ნახავთ საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტს ან კოლეგას, რომელიც თემურს არ ახასიათებდეს როგორც კვალიფიციურ, მცოდნე ლექტორსა და სასიამოვნო პიროვნებას.
გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ ულოცავს ბატონ თემურს დაბადებიდან 70 წლისთავს და ხანგრძლივ წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს!