საერთაშორისო აღიარება

თარიღი: 2023-08-14 12:13:33

საყოველთაოდ ცნობილია სტატისტიკის მნიშვნელობა ქვეყნების, საზოგადოებების განვითარებაში, მართვის ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქვეყნებს შორის მაკრომაჩვენებლების, ცხოვრების დონის საერთაშორისო შედარებების საქმეში და სხვა. მიმდინარე წლის  16-20 ივლისს ქ.ოტავაში (კანადა) სტატისტიკის საერთაშორისო ინსტიტუტის (International Statistical Institute – ISI) ეგიდით ჩატარდა მსოფლიო სტატისტიკის კონგრესი (World Statistics Congress 2023 – WSC2023). მონაწილეთა რაოდენობა გახლდათ 1500-ზე მეტი, მათ შორის იყვნენ მკვლევრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მსხვილი კომპანიების ლიდერები და პოლიტიკოსები.

მკითხველს აქვე მინდა ორიოდე სიტყვით მოვახსენო აღნიშნული ინსტიტუტის (ISI) შესახებ – იგი დაარსდა 1885 წელს ქ.ლონდონში გამოჩენილი 81 სტატისტიკოსის მიერ, ხოლო დღესდღეობით მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ქ.ჰააგაში (ჰოლანდია). მისი დევიზია – „სტატისტიკური მეცნიერება უკეთესი მსოფლიოსთვის“, ხოლო მიზანი და ფუნქციები მდგომარეობს სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკის ოფიციალური სამსახურების დაკავშირებაში სტატისტიკის წინაშე მდგარი რთული პრობლემების და საკითხების გადაწყვეტის მიზნით. სიტყვა მეცნიერება აქ გამიზნულად არის გამოყენებული და ხაზგასმული, რამეთუ სტატისტიკა არ არის მხოლოდ რაოდენობრივი მდგომარეობის დადგენა, არამედ ის გადადის ახალ თვისებრიობის შესწავლაში, ანუ როგორც საკუთრივ მეცნიერება განუსაზღვრელია, ასევე სტატისტიკაც. აღნიშნული ინსტიტუტი გახლავთ გამორჩეული, დამოუკიდებელი სტატისტიკური ორგანიზაცია, რომლის სტრუქტურაში შედის 7 ასოციაცია (ოფიციალური სტატისტიკის საერთაშორისო ასოციაცია, სტატისტიკური  დაკვირვების  საერთაშორისო ასოციაცია, მათემატიკური სტატისტიკის და ალბათობის ბერნულის საზოგადოება, საერთაშორისო ეკონომეტრიკული საზოგადოება, სტატისტიკური განათლების საერთაშორისო ასოციაცია, სტატისტიკური გამოთვლების საერთაშორისო ასოციაციაცია), 21 კომიტეტი, იგი ფარავს 150 ქვეყანას/რეგიონს.

კონგრესზე წარმოდგენილი თემატიკა საკმაოდ ფართო და საყურადღებო იყო: სტატისტიკის მეთოდოლოგია; ოფიციალური სტატისტიკის აქტუალური ასპექტები; გარემოს სტატისტიკა; სტატისტიკური მოდელირება; ფინანსების და ბიზნესის სტატისტიკა; სასურსათო უსაფრთხოების სტატისტიკა; სამუშაო ძალის ბაზრის სტატისტიკა; სოციალური უთანასწორების სტატისტიკა; შიდა და საერთაშორისო მიგრაციის სტატისტიკა; კოვიდ-19-ის მსოფლიოზე ზეგავლენის სტატისტიკა; ალტერნატიული სტატისტიკა და სხვა; კონგრესზე ჯამში ფუნქციონირებდა 100-მდე სექცია და ქვესექცია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფრიად საყურადღებოა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის თეიმურაზ ბერიძის მიწვევა ზემოთაღნიშნულ კონგრესზე,  სადაც იგი წარსდგა მოხსენებით თემაზე „Occupational analysis of demand and supply of skilled labor – a cornerstone of comprehensive labor market information for TVET (Technical and Vocational Education and Training planning” (,,კვალიფიცირებული სამუშაო ძალაზე მოთხოვნა/მიწოდების ტექნიკური და პროფესიული განათლება და მომზადება – გამოკვლევა, როგორც სამუშაო ბაზარზე ინფორმაციის დაგეგმვის ქვაკუთხედი“). მოხსენებაში გამახვილებული იყო ყურადღება კვალიფიცირებულ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა/მიწოდების, უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულების  სიჭარბე (საქართველოსთვის დამახასიათებელი  ნიშანია) და, შესაბამისად, კვალიფიკაციის შეუსაბამობა  სამუშაო  ადგილებთან, კვალიფიცირებული სამუშაო ძალის მიგრაცია ქვეყნის შიგნით და უცხოეთში, სამუშაო ძალის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა საკითხებზე). განსაკუთრებით აღინიშნა, რომ უმუშევრობა შედარებით უფრო მაღალია კვალიფიცირებულ სამუშაო ძალაში, ვიდრე არაკვალიფიცირებულ. ამის ერთ-ერთი ახსნა გახლავთ ის, რომ კვალიფიცირებული სამუშაო ძალა თანხმდება მხოლოდ მაღალ ანაზღაურებაზე, ხოლო დაბალკვალიფიცირებული ხშირ შემთხვევაში დაბალ ანაზღაურებაზე. მოხსენებაში გამახვილებული იყო ყურადღება საინჟინრო სპეციალობებზე ახალგაზრდების მომზადებაზე, რამეთუ დღეს საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებლებში ძირითადად მოთხოვნაა ეკონომისტებზე და იურისტებზე.

კონგრესის მუშაობის ფარგლებში ადგილი ჰქონდა ღირშესანიშნავ მოვლენას – საყოველთაოდ ცნობილ სტატისტიკოსს, პროფესორს კალუამპუდი რადკჰაკრიშნა რაო-ს (ინდოეთი) მიენიჭა საერთაშორისო პრიზი სტატისტიკაში. მისი კვლევები ძირითადად მოიცავდა სტატისტიკური  მეთოდოლოგიისა და  მეთოდების განვითრებას გასული საუკუნის მეორე ნახევარში.

კონგრესის დახურვისას სტატისტიკის სართაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა სტეფენ პენეკმა და დირექტორმა კონჩიტა კლეივეგმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ამგვარი ღონისძიების ჩატარების დიდი მნიშვნელობა. მომავალი კონგრესი ჩატარდება 2025 წელს ქ.ჰააგაში (ნიდერლანდები).

ვფიქრობთ, პროფესორ თეიმურაზ ბერიძის აღნიშნული ვიზიტი კანადაში კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის საერთაშორისო სტატისტიკური საზოგადოების საერთო ოჯახში ჩართვას.

                                                                                       დავით კბილაძე,

საქართველოს დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი

Facebook
Twitter
LinkedIn