თსუ-ს წარმატებული კურსდამთავრებულის თემო დარბაიძის ამბიცია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი სფეროს ციფრულ განვითარებას უკავშირდება

თარიღი: 2026-06-16 21:21:26

თანამედროვე სამყაროში, სადაც სამართალი და ტექნოლოგიები ერთმანეთთან სულ უფრო მჭიდროდ იკვეთება, ახალგაზრდები, რომლებიც ამ ორი სფეროს დაკავშირებას ცდილობენ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. სწორედ ასეთია თემო დარბაიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, რომელმაც 2025 წელს წარმატებით მოიპოვა სრული დაფინანსება და სასწავლო გრანტი ნიდერლანდებში, როტერდამის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში – ერასმუსის უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ კი პროგრამა წარჩინებით დაასრულა და სამართლისა და ტექნოლოგიების მაგისტრის ხარისხი მიიღო.

თემო დარბაიძის შეფასებით, მისი წარმატების საფუძველი ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ჩაიყარა, რადგან ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც საქართველოში სამართლის შესწავლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. „მართალია, პროგრამაზე ძირითადად ქართული კანონმდებლობა ისწავლება, თუმცა სტუდენტებს საერთაშორისო სამართლის მიმართულებითაც ეძლევათ მნიშვნელოვანი ცოდნის მიღების შესაძლებლობა. სწორედ ეს გამოცდილება აღმოჩნდა ძალიან სასარგებლო ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისას“,  – აღნიშნავს იგი.

თემოს პროფესიულ განვითარებაში განსაკუთრებული როლი გაცვლითმა პროგრამებმა და საერთაშორისო პროექტებმა შეასრულა. მისი თქმით, უნივერსიტეტში სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე სწორედ სტუდენტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შეთავაზებაა: „ბაკალავრიატის პერიოდში მონაწილეობა მივიღე მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ექვსთვიანი გაცვლითი პროგრამა ბრატისლავაში, რომელმაც, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, უდიდესი გამოცდილება მომცა. სწორედ ამ გამოცდილებამ გამიმარტივა ნიდერლანდებში სწავლა და გარემოსთან ადაპტაცია“, – გვითხრა მან და დასძინა, რომ საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა სტუდენტებისთვის მხოლოდ დამატებითი აქტივობა არ არის. ეს მათი კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორია: „ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სრული დაფინანსება მოვიპოვე, სხვადასხვა პროექტში ჩემი აქტიური მონაწილეობა იყო. ამიტომ ყველას, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა სურს, ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენონ მსგავსი შესაძლებლობები“, – ამბობს იგი.

დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებრივი საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში აღწევს, სამართალიც ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგას. თემო დარბაიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი და როტერდამში მიღებული ცოდნა გამოადგება საქართველოში ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად: „მინდა, რომ ქართულ იურისპრუდენციაში უფრო ფართოდ დაინერგოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. არსებობს მრავალი სამართლებრივი AI-ინსტრუმენტი, რომელთა სწორად გამოყენების შემთხვევაში სამუშაო პროცესი ბევრად ეფექტური და საინტერესო ხდება“, – თქვა მან.

მისი აზრით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მხოლოდ პროგრამების გამოყენებას არ ნიშნავს, აუცილებელია საზოგადოების და პროფესიული წრეების ცნობიერების ამაღლებაც: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას თან ახლავს პასუხისმგებლობაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იურისტებს, სტუდენტებსა და სხვა სპეციალისტებს ჰქონდეთ სწორი ცოდნა ამ ტექნოლოგიების შესაძლებლობებისა და შეზღუდვების შესახებ. მსურს, ამ პროცესებში საკუთარი წვლილი შევიტანო და ხელი შევუწყო საქართველოს სამართლებრივი სფეროს ციფრულ განვითარებას“, –  ამბობს იგი, რომელმაც ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება საზღვარგარეთ უკვე შეიძინა.

თემო დარბაიძის წარმატება მხოლოდ პირადი მიღწევა არ არის. ეს მაგალითია იმ სტუდენტებისთვისაც, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას გეგმავენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ხედვა სამართალსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის თანამშრომლობის შესახებ, რადგან სწორედ ეს მიმართულება შეიძლება იქცეს უახლოეს წლებში ქართული იურისპრუდენციის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად.

Facebook
Twitter
LinkedIn