რა ისწავლა თეკლა ფარქოსაძემ ლიმერიკის უნივერსიტეტში?

თარიღი: 2025-02-17 15:51:15

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების მესამე კურსის  სტუდენტი თეკლა ფარქოსაძე, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში ერთი სემესტრი სწავლობდა.  

,,საზღვარგარეთ 4 თვე გავატარე. ამ პერიოდის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება მივიღე როგორც აკადემიური, ასევე, ცხოვრებისეული. აკადემიური თვალსაზრისით ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლე, ინგლისურ ენასთან ერთად დავხვეწე და გავაუმჯობესე გერმანული ენაც. გარდა უცხო ენებისა, ვისწავლე აკადემიური კვლევების ჩატარება და ნაშრომების წერაც, ამასთანავე, უკეთ გამომდის დროის მენეჯმენტიც. აკადემიურ გამოწვევას წარმოადგენდა განსხვავებულ სამართლის სისტემასთან მუშაობა. ირლანდიაში სწავლა მომიწია პრეცედენტული სამართლის სისტემით, რომელიც საკმაოდ განსხვავებულია ქართული სამართლის სისტემისგან. კმაყოფილი ვარ, რომ გამოცდილება ამ მხრივაც მივიღე. ეს ყველაფერი ნამდვილად უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც მომავალში დამეხმარება თავდაჯერებულმა გავაგრძელო წინსვლა და უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე სწავლა კვლავ უცხოეთში განვაგრძო.

დამოუკიდებლად ცხოვრება იმაზე მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, ვიდრე წარმოდგვიდგენია ხოლმე. ასეთ დროს საჭიროა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური და ფსიქოლოგიური მზადყოფნაც.

ერთი სემესტრის განმავლობაში ვისწავლე ურთიერთობა სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან, შევიძინე უცხოელი მეგობრები და გავეცანი მათ კულტურას. ამ პერიოდში ჩემი თვალით ვნახე და გავიაზრე – თუ რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა სამყარო. მე და ჩემმა ქართველმა მეგობრებმა სიამაყით წარმოვადგინეთ ჩვენი სამშობლო უცხოელებთან, რომლებიც დაინტერესდნენ და აღფრთოვანდნენ ქართული კულტურითა და ისტორიით. ამ 4 თვის განმავლობაში უკეთ ვისწავლე საკუთარ თავზე ზრუნვა და ემოციების მართვა“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას თეკლა ფარქოსაძე.

ლიმერიკის უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული თეკლა ფიქრობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება, შეძლებისდაგვარად, მეტი ჯგუფური სამუშაოების გამოყენება სწავლის პერიოდში. მისი აზრით, მოცემული აქტივობები გაამყარებს სტუდენტების როგორც ცოდნას, ასევე, პირად კავშირებსა და ურთიერთობებს. თუ რა მისცა მას, პირადად, თსუ-ში სწავლამ – ამ კითხვაზე თეკლა ფარქოსაძე გვპასუხობს:  ,,რა თქმა უნდა, დიდი პრივილეგიაა ისწავლო ნომერ პირველ სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცაღა, ვფიქრობ, კიდევ უფრო დიდი პატივია წარმოადგინო შენი უნივერსიტეტი საზღვრებს გარეთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომცა აკადემიური საფუძველი და თავდაჯერებულობა, რომ ბედი მეცადა და გამომეყენებინა ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა, მაგალითად, ერასმუსის პროგრამა. უნივერსიტეტმა, ასევე, მომცა ის ცოდნა და უნარები, რომელიც საჭირო იყო სხვადასხვა გარემოში ადაპტაციისთვის“.

Facebook
Twitter
LinkedIn