თსუ-დან ამერიკის უნივერსიტეტამდე

თარიღი: 2024-05-01 18:22:57

თეკლა ჭელიძე 2016 წელს სრული დაფინანსებით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია – სკოლის პერიოდიდანვე ინტერესდებოდა ქიმია-ბიოლოგიის მეცნიერებებითა და სამედიცინო სფეროთი, ამიტომაც გულდაგულ შეუდგა ცოდნის მიღების საკმაოდ რთულ და საინტერესო პროცესს. შედეგმაც არ დააყოვნა – როგორც საუკეთესო მაჩვენებლების მქონე სტუდენტი, რამდენჯერმე მოხვდა ამერიკის Star Academy-ს პროგრამაში. „ამერიკაში მეორე კურსის დასრულების შემდეგ, 2018 წლის ზაფხულს გავემგზავრე Star Academy-ს  პროგრამით. მაშინ ის სრულიად ახალი კომპანია იყო და ერთ-ერთი პირველი მონაწილე მე ვიყავი, სხვა სტუდენტებთან ერთად. პირობა ასეთი იყო – უნდა გცოდნოდა ინგლისური B1-B2 დონეზე და გქონოდა აქტიური სტუდენტის სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს შანსი გამოვიყენე და  პირველივე წელს გავემგზავრე მიჩიგანის შტატში“, – გვიყვება თეკლა. ამავე პროგრამამ ის 2019 წელსაც მიიწვია და სამხრეთ კაროლინაში მოუწია სწავლა.

ამერიკაში თავის დამკვიდრება თეკლასთვის, ისე, როგორც ბევრისთვის, ადვილი არ ყოფილა. იქ ჩასვლისას ის მხოლოდ 19 წლისა იყო და  ბევრი შრომა მოუწია იმის შესაქმნელად, რაც დღეს აქვს. განსაკუთრებით რთულად იხსენებს „კორონავირუსის“ პერიოდს, 2020 წელს, როცა ნიუ იორკის შტატში გადავიდა საცხოვრებლად.

თეკლა ახლა ნიუ ჯერსის უნივერსიტეტში ბიოლოგიასა (მეიჯორი) და ანალიტიკურ ქიმიას სწავლობს. ჩარიცხვისას უნივერსიტეტისგან ნახევარი დაფინანსება მიიღო, შემდეგ კი უკვე საშტატო და კერძო დაფინანსებები, რისთვისაც ის მადლიერია განსაკუთრებით ინდურ-ამერიკული კომპანიისა („Women’s Rehabilitation Scholarship”), რომელმაც  გასული სემესტრი მთლიანად დაუფინანსა. თეკლა უნივერსიტეტს მიმდინარე წლის მაისში  ამთავრებს და ორ სამსახურს უთავსებს ერთმანეთს. ის არის დამატებითი ინსტრუქციის ლიდერი  (SIL -Supplemental Instruction leader) და სტუდენტებს (უმეტესწილად, პირველ და მეორეკურსელებს)  ბიოლოგიის შესავალს ასწავლის. ამასთან, უკვე ორი წელია Center for Leadership & Engagement-ის დეპარტამენტშიც მუშაობს და, თანამშრომლებთან ერთად, გეგმავს ღონისძიებებს, აორგანიზებს სტუდენტების შეხვედრას უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, დეკანთან და სხვადასხვა დეპარტამენტთან. „2024 წლის გამოსაშვები კლასის ივენთები სულ ჩვენი დაგეგმილია – ძალიან მიხარია, როცა რამეში ვდებ ენერგიას და შემდეგ უკვე იმ ივენთზეც მიწვეული ვარ არა მხოლოდ როგორც თანამშრომელი, არამედ როგორც სტუდენტი ან როგორც „key-note” სპიკერი“, – ამბობს თეკლა.

უნივერსიტეტს ვამთავრებ 3.94  GPA-თ და გამოსაშვებზე, 15 მაისს, სტუდენტების სახელით ვისაუბრებ. ეს პატივი მხოლოდ  ერთადერთ სტუდენტს ეძლევა ხოლმე და მიხარია, რომ ეს ერთადერთი სტუდენტი, საბედნიეროდ, მე აღმოვჩნდი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მინდა, რომ ერთი წელი აკადემიური შვებულება გამოვიყენო კვლევებში მონაწილეობისა და  „MCAT“-ის გამოცდის მაღალ ქულაზე მომზადებისთვის. ვაპირებ – გავაგრძელო სწავლა MD/PhD პროგრამაზე ნიუ-იორკში. სწავლის ხანგრძლივობა 8 წელია, თუმცა დასრულების შემდეგ ექიმის სტატუსიც გეძლევა და მკვლევარ-მეცნიერისაც. მე, რადგანაც მედიცინაც მიყვარს და მეცნიერებაც, ამიტომ ეს კარიერა მაქვს გადაწყვეტილი“, – გაგვიზიარა მომავლის გეგმები თეკლამ.

კითხვაზე – თუ რა სხვაობას ხედავს ამერიკულ და ქართულ უმაღლესი განათლების სისტემებს შორის, თეკლა დეტალურად აღწერს, რა პრინციპებია ძირითადი და გადამწყვეტი წარმატებული სწავლისთვის: „ამერიკაში სრული განაკვეთის სტუდენტად ითვლება 12-15 კრედიტი. მაქსიმუმი, რისი აღებაც ერთ სემესტრში შეგიძლიათ, არის 18 კრედიტი. აქ სემესტრში საგნების რაოდენობა უფრო ცოტაა, თუმცა, თუ მეცნიერებას სწავლობთ, ბევრი რამ ემატება თითოეულ საგანს – გვაქვს ლაბორატორიის საათები, რომლის ფარგლებშიც თითოეულ საგანში კვლევებს ვატარებთ. აქ ნიშნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ნიშნების გარდა, ყურადღება ექცევა აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებასაც. მაგალითად, რამდენ კლუბში ხართ გაწევრიანებული, სტუდენტური თვითმმართველობის წევრი თუ ხართ და ა.შ. ჩვენ, ასევე, გვაქვს „Honors Program”, რომელთა წევრ სტუდენტებსაც მინიმუმ 80 საათი უწევთ იმუშაონ სხვადასხვა კომპანიაში მოხალისეებად (სემესტრში, დაახლოებით, 15-20 საათი). ეს 80 მოხალისეობის საათი აუცილებელია უნივერსიტეტის დასამთავრებლად. ამის გარდა, „Honors”-ის ფარგლებში სტუდენტების მიმართ ბევრი სხვადასხვა სახის მოთხოვნაა – სამეცნიერო შეხვედრებსა და ტრენინგებზე დასწრება, კვლევებში ან სტაჟირებებში მონაწილეობის მიღება და სხვ. ეს ყველაფერი პირად რეზიუმესაც ავსებს, დიპლომშიც გეწერებათ და უნივერსიტეტების ზოგიერთი კონკურენტული პროგრამის ძირითადი მოთხოვნაც არის“, – ამბობს ის.

მომავალი თეკლასთვის უკვე კონკრეტულ კონტურებს იძენს და საუბარში მადლიერებით ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას, რომელმაც ამერიკაში წარმატებული სვლა გაუადვილა: „ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, განსაკუთრებით უჯრედის ბიოლოგიის, გენეტიკისა თუ მიკრობიოლოგიის გავლის დროს, როცა უკვე მასალის 70-80% ვიცოდი მედიცინის ფაკულტეტიდან. ამიტომ, დამიჯერეთ, ნამდვილად პროფესიონალი მასწავლებლები და პროფესორები გვყავს თსუ-ში. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემი საყვარელი პროფესორები – ბატონი თეიმურაზ ლეჟავა (რომლის ნასწავლი გენეტიკა დღესაც  მეხმარება), ბატონი პავლე ჭელიძე და ქალბატონი დიანა ძიძიგური. ეს იმ პროფესორების მცირე ჩამონათვალია, რომელთა უზომო ღვაწლიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება“, – ამბობს თეკლა.

გავა დრო და საქართველო აუცილებლად იამაყებს თეკლა ჭელიძით, რომლის ცოდნა და წარმატებები აუცილებლად იპოვის გზას მის სამშობლოშიც.

Facebook
Twitter
LinkedIn