ქართველი მეცნიერის კიდევ ერთი აღიარება
ცნობილმა საგამომცემლო სახლმა Generis Publishing-მა, რომლის ბეჭდვითი პროდუქცია ვრცელდება პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში, მათ შორის ისეთი მსხვილი კომპანიების ქსელების მეშვეობით, როგორებიცაა Amazon markets, Octavia Books, Walmart, Wellesley Books და ა.შ., ეხლახანს გამოსცა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თეიმურაზ ბერიძის ინგლისურენოვანი მონოგრაფია „ეკონომიკური კვლევების ანთოლოგია“[1]. ნაშრომი მკითხველს აცნობს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე შემდგარი თანამედროვე ქართული ეკონომიკის გარდამავალი პერიოდის თავისებურებებს, განხორციელებული რეფორმების შინაარსსა და სირთულეებს, პრობლემების დაძლევის გზებს და მიღწეულ შედეგებს.
ნაშრომში მაღალ აკადემიურ დონეზე განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა ეკონომიკური ზრდის არსი, საინვესტიციო უნარი და შესაძლებლობა და მასზე მოქმედი ფაქტორები, კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების მდგომარეობა და მის დარეგულირებაში პროფტექნიკური განათლების მქონე სპეციალისტების როლი, აგრეთვე საკუთრების ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტები გარდამავალი პერიოდის რეჟიმში მყოფ საქართველოში. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საერთო კანონზომიერებებისა და ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით ავტორისეული ხედვები, დასკვნები და რეკომენდაციები გლობალიზაციის პირობებში საქართველოს ეკონომიკის განვითარების მოდელის თაობაზე.
შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ მონოგრაფიას ინგლისურენოვანი მკითხველთათვის გააჩნია არა მარტო შემეცნებითი, არამედ გამოყენებითი ღირებულებაც. – ის მათ ნათელ წარმოდგენას უქმნის, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე, მეორე მხრივ კი „შიგნიდან დანახული“ პრობლემების დაძლევის გზებზე, მათ თეორიული განზოგადებაზე და რეკომენდაციებზე.
პროფესორ თეიმურაზ ბერიძის უახლესი და მდიდარი სტატისტიკური მასალით გაჯერებული მონოგრაფია დიდ სამსახურს გაუწევს საქართველოს ეკონომიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ – როგორც მეცნიერებს, ისე ბიზნესმენებს და ინვესტორებს, დაეხმარება მათ, უკეთ გაიცნონ საქართველოს ეკონომიკა და გადადგან თამამი ნაბიჯები მასთან უფრო მჭიდრო აკადემიური და საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად, ისევე როგორც საქართველოს მსგავს გარდამავალი ტიპის ქვეყნებს – წარმოქმნილი პრობლემების შეცნობის, დაძლევისა და განვითარების უზრუნველყოფაში.
იოსებ არჩვაძე, პროფესორი
2024 წლის ივლისი
[1] Teimuraz Beridze. Anthology of Economic Studies. Generis Publishing, 2024.