წიგნი იდეების მატერიალურ რესურსად ტრანსფორმაციის გზებზე

თარიღი: 2024-10-21 15:39:23

გამომცემლობა „უნივერსალმა“ გამოსცა თსუ-ს პროფესორის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის თეიმურაზ ბერიძის სამეცნიერო სტატიების კრებული სახელწოდებით   – „ეკონომიკური კვლევების ანთოლოგია“.

კრებულში შესულია ავტორის მიერ ბოლო წლებში საქართველოსა და უცხოეთში ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული სტატიები, რომლებიც ეძღვნება საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის წინააღმდეგობრივ ხასიათს, მის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს და ეფექტიანობას, იმ რეფორმების მიმდინარეობას, რომლებმაც უზრუნველყვეს საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ფორმირება და მისი შეუქცევადობის უზრუნველყოფა, ახალი ეკონომიკური ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაცია. განსაკუთრებით რელიეფურადაა წარმოჩენილი ამ პროცესში მიღწეული წარმატებები (მთლიანი სამამულო პროდუქტის დინამიკა, ინფლაციის დონე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების თანაფარდობა ქვეყნის სამამულო პროდუქტთან და სხვა), განხორციელებულია ბოლო ათწლეულებში საქართველოს ეკონომიკის დინამიზმის ძირითადი ასპექტების, კანონზომიერებისა თუ თავისებურებების შეფასება და თეორიული განზოგადება. ყოველივე ეს გაჯერებულია მდიდარი სტატისტიკური მასალით, მსჯელობით ეკონომიკის გარდამავალი პერიოდის თაობაზე, მის ხანგრძლივობაზე, დამახასიათებელ ნიშნებსა და თავისებურებებზე.

თეიმურაზ ბერიძის აღნიშნული სტატიების კრებული არ მიეკუთვნება ისეთ პუბლიკაციათა კატეგორიას, რომელიც შეიძლება ერთხელ წაიკითხო და მერე გვერდზე გადადო. წერის და აზრის გადმოცემის სიმარტივის, ადვილად გასაგები ენის მიუხედავად, ის გაფიქრებს, გიბიძგებს – შენც ავტორთან ერთად ჩასწვდე  დასმულ პრობლემათა სიღრმეს, დაინახო მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და გაგიჩნდეს მათი ავტორისეული გადაჭრის შემოთავაზებული გზებისადმი თანამონაწილეობის სურვილი. ამ ასპექტით არ შეიძლება არ დაეთანხმო აღიარებულ მეცნიერს, რომ ეროვნული ეკონომიკური მოდელი გლობალიზაციის პირობებში უნდა იყოს: დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, ითვალისწინებდეს მსოფლიო ბაზრის პირობებს, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ კავშირებს, აგრეთვე, არაეკონომიკურ ფაქტორებს (ტრადიცია, რელიგია, კულტურა, მენტალიტეტი და ა.შ.). (გვ. 181).

მდიდარი სტატისტიკური მასალების ანალიზისა და  გარდამავალი პერიოდის წინააღმდეგობრივი ხასიათის რელიეფური წარმოჩენის (კომპლექსურობა, შინაარსობრივი და რაოდენობრივი მხარეები, სტრუქტურა, საბოლოო შედეგები…), მათ შორის უმუშევრობის, სიღარიბის, მოსახლეობის შემოსავლების, განათლების და ა.შ. დონეების დინამიკის წარმოჩენისა და შეფასების ფონზე, ავტორი გვიხასიათებს აღნიშნული პროცესის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს და ამ დროს დაშვებული შეცდომების გამო ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს. ავტორის  დასკვნების ფორმირებასა და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების განზოგადებას ამყარებს ის პრაქტიკული გამოცდილებაც, რომელიც მას დაუგროვდა ხანგრძლივი დროის მანძილზე სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობისას.

რეფორმამდელი ეკონომიკის დახასიათებისას (გვ.34-39), მეცნიერის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არა მარტო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამდელი წინა ორი ათწლეული, არამედ იმ პერიოდში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც, მიუხედავად მათი ორგანიზატორების მცდელობისა, მხოლოდ ლოკალური და მცირე მასშტაბის ეფექტიანობის მომტანნი იყვნენ, ვერ უზრუნველყოფდნენ სისტემურ ცვლილებებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავადაა დახასიათებული ქართული ეკონომიკის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის „შოკური თერაპიის“, აგრეთვე ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ ტალღაზე მოსული ავტორიტარული  ხელისუფლების  განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების მთელი „ბრწყინვალება და სიღატაკე“ (გვ. 41-52). ავტორი მიღწეული შედეგების და დაშვებული შეცდომების ზოგად დეკლარირებას კი არ ახდენს, არამედ კონკრეტულად ასახელებს შესაბამის შედეგებს, ხაზს უსვამს იმ საფრთხეებსაც, რომლებთანაც შეიძლება მიგვიყვანოს არასწორად და არათანმიმდევრულად  განხორციელებულმა რეფორმებმა. ამ ასპექტით თეიმურაზ ბერიძის ნაშრომი, ფაქტობრივად, „ნავიგატორის“ როლსაც კი ასრულებს პირველ რიგში მათთვის, ვინც უშუალოდაა დაკავებული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებითა და წარმართვით.

ნაშრომი, მართალია, ეკონომიკური დატვირთვისაა, თუმცა ეკონომიკური პრობლემების თეორიული და პრაქტიკული საკითხებით დაკავებულ მკითხველთა  გარდა ის უაღრესად საინტერესოა სხვა, „მომიჯნავე“ სპეციალობების წარმომადგენლებისთვისაც.  კერძოდ,  საკუთრების ეკონომიკური და იურიდიული საკითხები აღნიშნულ პუბლიკაციაში გადმოცემულია, როგორც მედლის ორი მხარე და მათი ორგანული ერთიანობა, ეკონომიკური პროცესების დროს დაშვებული შეცდომების ფასი – ის ზარალი, ფაქტობრივი სასჯელი, რასაც ზღვევს ასეთი შეცდომების დამშვები პირი თუ საზოგადოება.

ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენენ. ამ დროს მნიშვნელოვანია არა მარტო უცხოელ ინვესტორთა სურვილი – საკუთარი კაპიტალი დააბანდონ ქვეყნის ეკონომიკაში, არამედ ინვესტიციების მიმღები ქვეყნის შესაბამისი მზაობა, საგადასახადო და საინვესტიციო კლიმატი. ამ ორი ფაქტორის თანხვედრა დიდწილად  განსაზღვრავს ქვეყნის ინვესტიციატევადობას.  ავტორი ცივი გონებით და ობიექტურად  აფასებს ინვესტიციების გამოყენებით ღირებულებას და ხაზს უსვამს, რომ „ქვეყნის ეკონომიკაში გადაჭარბებულმა ინვესტიციებმა შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური გადახურება, ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს საზოგადოებასა და ეკონომიკაში კორუფციის გაჩენას, რაც შეანელებს მის ეკონომიკურ ზრდას“ (გვ. 184, 207-208 და სხვ.).

ჭეშმარიტად,  სისტემური ცოდნისა და მთელი პოტენციალის გასაღები მეცნიერთა ხელშია, რაშიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს პროფესორ თეიმურაზ ბერიძის ეს ღრმაშინაარსიანი და მაღალი გამოყენებითი ღირებულების ნაშრომი.

იოსებ არჩვაძე

ეკონომიკის დოქტორი,

ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი

Facebook
Twitter
LinkedIn