ქართველი მეცნიერი საერთაშორისო კონფერენციაზე
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრის პროფესორ თეიმურაზ ბერიძის ვიზიტი ლა ვალეტას უნივერსიტეტში, მალტაზე.
მიმდინარე წლის 3-5 ივნისს, სტატისტიკის საერთაშორისო ინსტიტუტის (დაარსდა ქ.ლონდონში, 1885 წელს) მიწვევით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრის პროფესორი თეიმურაზ ბერიძე იმყოფებოდა ლა ვალეტას უნივერსიტეტში (დაარსდა ქ.ლა ვალეტაში, 1592 წელს), მალტაზე, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენციის –„რეგიონული სტატისტიკა“ – მუშაობაში. კონფერენციის დღის წესრიგი საკმაოდ ფართე სპექტრით იყო წარმოდგენილი: მიკრო-მაკროეკონომიკური, რეალური სექტორის, საგარეო ვაჭრობის, ხელოვნური ინტელექტის, სოციალური-ეკონომიკური, საგარეო და შიდა ინვესტიციების და სხვა სტატისტიკა.
პროფესორი თეიმურაზ ბერიძე კონფერენციაზე წარსდგა მოხსენებით – „საქართველოს ეკონომიკის საინვესტიციო პოტენციალი“. მოხსენებაში ხაზგასმული იყო ინვესტიციების (მათი ოპტიმიზაციის) მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისათვის. წამოყენებული იყო ჰიპოთეზა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში გადაჭარბებულმა ინვესტიციებმა შეიძლება ეკონომიკის გადახურება (the overheating of the economy) გამოიწვიოს, აგრეთვე ხელი შეუწყოს საზოგადოებასა და ეკონომიკაში კორუფციის გაჩენას (corruption in economy), რაც შეაჩერებს მის ეკონომიკურ ზრდას, ე.წ. „წარმოების შესაძლებლობების მრუდმა“ შეიძლება პირობითად იმოქმედოს ეკონომიკაში გადაჭარბებული ინვესტიციების შემზღუდველად. ზედა წერტილი, რომელიც მდებარეობს საწარმოო შესაძლებლობების მრუდის გარეთ (მიუწვდომლობა), პირობითად შეიძლება ჩაითვალოს გადაჭარბებული ინვესტიციის მიზანშეწონილობის მანიშნებელ წერტილად.

