გამოიცა მონოგრაფია „აფხაზეთი საქართველოა. ისტორიულ-ნუმიზმატიკური ნარატივი“
საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ბაზაზე 2024-2025 წლებში განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „აფხაზეთი საქართველოა. ისტორიულ-ნუმიზმატიკური ნარატივი“. საპროექტო წინადადებამ გაიმარჯვა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში“.
პროექტში ჩართული იყვნენ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი თედო დუნდუა და ამავე ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი ნათია ფიფია; აფხაზეთში აღმოჩენილი უახლესი მონეტების შესახებ პროექტს კონსულტირებას უწევდა თსუ-ს დოქტორანტი ევგენი ჭანიშვილი.

აფხაზეთში აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალა შინაარსობრივად იდენტურია დანარჩენ დასავლეთ საქართველოში ნაპოვნი ნუმიზმატიკური მასალის, რაც იმას ნიშნავს, რომ, ისტორიულ პერსპექტივაში, აქაც და იქაც, ერთი ჯგუფის მონეტები მიმოიქცეოდა და რომ დასავლეთ საქართველოს შესაბამისი ფიზიკური სუბსტრატი ყოველთვის ერთ ეკონომიკურ სისტემას ქმნიდა, კოლხეთს, ლაზიკას, ეგრის-აფხაზეთს, ზოგადი საზღვრებით – ბიჭვინთა-შორაპანი-გონიოს. X-XI საუკუნეების მიჯნა უკვე საქართველოს ეკონომიკური სისტემის ფორმირების ხანაა. XIII საუკუნის II ნახევარში ის დროებით დაიშალა. თუ აფხაზეთში აღმოჩენილი XIII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული ნუმიზმატიკური მასალა შინაარსობრივად იდენტურია დანარჩენ დასავლეთ საქართველოში ნაპოვნი XIII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული ნუმიზმატიკური მასალისა, ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთ საქართველო XIII-XVIII საუკუნეებში ეკონომიკურ სისტემას წარმოადგენდა ზოგადი საზღვრებით – ბიჭვინთა-შორაპანი-გონიო.
ცოტა ხნის წინ ამავე პროექტის ფარგლებში გამოიცა მონოგრაფია, რომელშიც მოცემული მასალები ადასტურებს, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო ქართული ეთნოკულტურის ნაწილი და აფხაზეთის ტერიტორიაზე ეპოქის შესაბამისად მუდმივად მიმოიქცეოდა ის ფულები, რომელიც ბრუნვაში იყო დანარჩენ საქართველოში.
მონოგრაფიის ყველა თავს საილუსტრაციოდ დართული აქვს რუკები. წიგნი გამოიცა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
