პროექტი გაამდიდრებს ცოდნას საქართველოს ისლამურ სამყაროსთან და ევრაზიის სტეპის ქვეყნებთან ურთიერთობის შესახებ

თარიღი: 2024-02-26 13:05:18

„საქართველო მუსლიმურ სამყაროსა და ევრაზიის სტეპს შორის (პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები VII-X საუკუნეებში)“ – ასე ჰქვია სამეცნიერო პროექტს, რომელმაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.  პროექტი შესრულდება თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ბაზაზე.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ისტორიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი ლერი თავაძე, ხოლო სხვა ძირითადი შემსრულებლები არიან: თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი ალექსანდრე ბოშიშვილი, თსუ-ს მოწვეული ლექტორი აკაკი ჩიქობავა, თსუ-ს დოქტორანტი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ევგენი ჭანიშვილი. ასევე, პროექტს ჰყავს დამხმარე პერსონალი  – არმენოლოგიის დოქტორი, თსუ-ს მოწვეული ლექტორი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ხათუნა გაფრინდაშვილი.

,,პროექტის მიზანია შევისწავლოთ VII-X საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ისლამურ სამყაროსა და ევრაზიის სტეპის ქვეყნებთან. გრანტის ფარგლებში შესწავლილი იქნება საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება და მუსლიმურ სამყაროსა და ევრაზიული სტეპის იმპერიების გავლენა ქართულ სივრცეზე. VII საუკუნე არის პერიოდი, როდესაც მსოფლიოში გაჩნდა ახალი რელიგია – ისლამი. ისლამის გაძლიერებამ ხალიფატი სამ კონტინენტზე განვრცობილ ზესახელმწიფოდ გადააქცია. ამავე პერიოდში თურქთა ხაკანატის დაშლის შედეგად ევრაზიის სტეპში ჩამოყალიბდა ხაზართა ხაკანატი. ხალიფატის, ხაზარეთისა და, ზოგადად, მუსლიმურ სამყაროსა და ევრაზიის სტეპში მდებარე ქვეყნების ინტერესი საქართველოს მიმართ ძლიერი იყო. ხალიფატისა და ხაზარეთის დასუსტება, ხოლო კავკასიაში მათი გავლენის დასასრული X საუკუნეში ხდება. აღნიშნული ჩვენი პროექტის ქრონოლოგიურ ჩარჩოს VII-X საუკუნეებით განსაზღვრავს.

ჩვენი მიზანია საქართველოზე ისლამურ სამყაროსა და ევრაზიის სტეპის ქვეყნების გავლენის შესწავლა და მათ შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების კვლევა“, – აღნიშნავს ლერი თავაძე.

პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული იქნება მონოგრაფია, რომელშიც ასახული იქნება მეცნიერთა ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად დაგროვილი სამეცნიერო მონაგარი მდიდარი ვიზუალური მასალის ჩათვლით. ასევე, გამოქვეყნებული იქნება ინგლისურენოვანი სტატია, რომელშიც მოცემული იქნება პროექტის ძირითადი შედეგები, ხოლო მიღებული ცოდნის გავრცელება მოხდება არა მხოლოდ გამოქვეყნებული სტატიის ან მონოგრაფიის სახით, არამედ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებების სახითაც. პროექტის შედეგად შექმნილი ცოდნა და მასალა გამოყენებული იქნება როგორც კვლევის პროცესში, ასევე, მისი დასრულების შემდეგ (საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში).

,,ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას საქართველოს ისლამურ სამყაროსთან და ევრაზიის სტეპის ქვეყნებთან ურთიერთობის შესახებ. პოლიტიკურ ურთიერთობებში ეკონომიკის როლის წარმოჩენა პროექტის ერთ-ერთი სიახლეა, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევების გაგრძელებას ამ მიმართულებით. ცოდნა, რომელიც შეიქმნა აღნიშნული პროექტის შედეგად, დაინერგება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რასაც გრძელვადიანი ეფექტი ექნება ახალი ცოდნის გავრცელების თვალსაზრისით. მიღებული ცოდნა აისახება საუნივერსიტეტო კურიკულუმებსა და სილაბუსებში, როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურის დონეზე. პროექტის შედეგი გამოავლენს იმ მასალებს, რომლებიც საქართველოს მუზეუმებშია დაცული VII-X საუკუნეებში ისლამური და ევრაზიული სტეპის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შესახებ საქართველოზე. აღნიშნული დაეხმარება იმ მეცნიერებს, რომლებიც კავკასიასთან მიმართებაში აღმოსავლეთმცოდნეობისა და ევრაზიის კვლევებით არიან დაკავებული. პროექტი, ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების შესწავლისთვის მუსლიმური აღმოსავლეთისა და ევრაზიის სტეპის სამყაროსთან. აღნიშნული ისტორიული კონტექსტი დღევანდელ რეალობაში აქტუალურია, ვინაიდან ის გვიჩვენებს საფუძვლებს იმ ურთიერთობებისა, რომელმაც საქართველო დააკავშირა, ერთის მხრივ, მუსლიმურ სამყაროს, ხოლო, მეორე მხრივ, ევრაზიის სტეპის ქვეყნებს“, – აღნიშნავს ლერი თავაძე.

სამეცნიერო პროექტი სამწლიანია. პროექტის დასრულდება იგეგმება 2026 წლის დეკემბერს.

Facebook
Twitter
LinkedIn