ტატო ნოზაძემ ერთი სემესტრი ლუქსემბურგის უნივერსიტეტში გაატარა
ტატო ნოზაძე, რომელიც თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკის სკოლის (ISET) მესამე კურსზე სწავლობს, გაცვლითი სემესტრის ფარგლებში ლუქსემბურგში, ლუქსემბურგის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. როგორც ტატო ამბობს, საზღვარგარეთ სწავლა, პირველ რიგში, დამოუკიდებლობას გასწავლის: ,,მიუხედავად იმისა, რამდენად დამოუკიდებლად ცხოვრობ საქართველოში, უცხოეთში ცხოვრებისას სრულიად ახალი გამოწვევები გხვდება გზად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროგრამა სტუდენტს აძლევს არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც ფასდაუდებელია“.
ISET-ში ჩაბარება ტატო ნოზაძისთვის ბუნებრივი არჩევანი ყოფილა, რადგან ბავშვობიდან აინტერესებდა ეკონომიკა და ფინანსები. ტატო თვლის, რომ საქართველოს მასშტაბით ISET-ში ეს პროგრამა უდავოდ საუკეთესო პროგრამაა ამ სფეროში და რომ სწორედ აქ მიღებული სიღრმისეული ცოდნა დაეხმარა საზღვარგარეთ სწავლის დროს ახალ გარემოსთან ადაპტაციაში.
რით განსხვავდებოდა სწავლების მეთოდები აქაური უნივერსიტეტისგან იმ უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა? – ამ კითხვაზე ტატო ნოზაძეს თავისი პასუხი აქვს: ,,ლუქსემბურგში გავდიოდი საგნებს, რომლებიც იქაურ სტუდენტებს მეექვსე სემესტრში ჰქონდათ, მაშინ, როცა მე მეოთხე სემესტრის სტუდენტი ვიყავი. მიუხედავად ამისა, სირთულე დაძლევადი აღმოჩნდა ISET-ში მიღებული ფუნდამენტური ცოდნის წყალობით. მთავარი განსხვავება ის იყო, რომ საქართველოში პროგრამა უფრო თეორიაზეა ორიენტირებული, მაშინ, როცა ლუქსემბურგში მეტი ყურადღება ექცევა გამოყენებით მასალას, რომელსაც პროფესიონალები თავიანთი პრაქტიკული გამოცდილებით გვიზიარებდნენ“.
ტატო თვლის, რომ მთავარი გამოწვევა პროგრამების რეალურ საჭიროებებზე მორგებაა. მისი აზრით, თეორია მნიშვნელოვანია, თუმცა პრაქტიკულ გამოცდილებასთან შერწყმა გაცილებით ეფექტურია.
