,,თაობის გზავნილი“ – ახალი სიტყვა ივანე ჯავახიშვილზე, რომელიც პრეზენტაციაზე გახმიანდა

თარიღი: 2026-04-29 15:29:22

რა ითქვა ახალი ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეზე? ივანე ჯავახიშვილზე ახალი, ფაქტობრივად, მხოლოდ იმ თაობამ თქვა, რომელთაც პირველად გაახმიანეს თავიანთი შეფასებები დიდ მეცნიერსა და უნივერსიტეტის დამაარსებელზე. ეს ,,თაობა“ თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ შეკრიბა და მისი ხელმძღვანელობით გამოცემული პოპულარული სტუდენტური ჟურნალის – ,,გზავნილის“ საშუალებით თითოეული სტუდენტის ნაფიქრი, ნააზრევი, ნაშრომი მოიტანა ჩვენამდე – მკითხველამდე. ივანე ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ მთავარ საიუბილეო ღონისძიებასთან ერთად, სწორედ ჟურნალ ,,თაობის გზავნილის“ პრეზენტაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა გამოყო რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც ქედი მოუხარა საფუძლიანად შესრულებულ სტუდენტურ ნამუშევარს ივანე ჯავახიშვილზე.

,,საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ ივანე ჯავახიშვილის სამყაროში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ჟურნალი გახდება გზამკვლევი იმ თაობისთვის, ვისაც სურს, კიდევ ერთხელ დაინახოს, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე ერთიან ეროვნულ მიზანს, განათლებას, შრომასა და თავდადებას. ეს ჟურნალი თაობის გზავნილია ივანე ჯავახიშვილისადმი ნიშნად იმისა, რომ გვახსოვს: ისტორია არის უწყვეტი დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის (Edward Hallett Carr) და ერი, რომელსაც თავისი ისტორია არ ახსოვს, მომავალსაც ადვილად კარგავს (ილია ჭავჭავაძე)!“ – ასეთია პათოსი ახალი ჟურნალის იმ რედაქტორებისა (არმაზ შავიძე, ანი მიქავა), რომლებიც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები არიან. მათ კარგად გააცნობიერეს თავიანთი მისია, რომ ახალი თაობის სახელით წარსდგნენ საუნივერსიტეტო (და არა მარტო) საზოგადოების წინაშე ახალი სიტყვით, ახალი შეფასებით, ახალი ახალგაზრდული ხედვით ივანე ჯავახიშვილზე. დიდი ივანე, ალბათ, ასეთი სიყვარულით გაკეთებულ ,,თაობის“ ახალ ჟურნალს დიდი მადლიერებით მოიხსენიებდა, როგორც მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველაზე სანუკვარ დამფასებელთა ნამუშევარს. თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამაც ასე მიმართა  ,,გზავნილის“ მკითხველს: „ისტორია ცხოვრების მასწავლებელია“ – ასე გვასწავლიდნენ რომაელები.  ვისურვებდი, რომ მკითხველმა ამ  ჟურნალის სახით  შეიმეცნოს ის ახალი ინფორმაცია, რომლითაც გაიკვლევს გზას ცხოვრებაში“.

ჟურნალი ,,თაობის გზავნილი“, როგორც აღვნიშნეთ, თსუ-ს ასოცირებული პროფესორის მაია ტორაძის ხელმძღვანელობით მომზადდა, რომელიც წლებია თსუ-ს გაზეთის ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორის მოადგილეა და რომელსაც არაერთი წერილი აქვს მიძღვნილი ივანე ჯავახიშვილის მრავალმხრივ სამეცნიერო მოღვაწეობაზე.

თავისი ჟურნალისტური ოსტატობით იგი საგნის – ,,ბეჭდური მედია – პრაქტიკუმის“ ფარგლებში, ასევე წლებია, გამოსცემს სტუდენტურ ჟურნალ ,,გზავნილს“ და ამჯერად ჩვენ წინაშე წარმოდგენილ ,,თაობის გზავნილს“ ივანე ჯავახიშვილზე ასეთ შესავალს ურთავს: ,,თუ საქართველოში არის ადამიანი, რომელიც მეცნიერებასთან არის დაკავშირებული, ის ვალდებულია, აღიაროს, რომ ივანე ჯავახიშვილი მისი მამაა“, – ამბობდა მიხეილ ქურდიანი და ასაბუთებდა, რომ, სხვებთან ერთად, სწორედ ივანე ჯავახიშვილის ტიტანურმა შრომამ ჩაუყარა საფუძველი ახალი საქართველოს  მშენებლობას, რომელიც სამ ძირითად ბურჯს დაეყრდნო: 1917 წელს აღდგენილ საქართველოს ეკლესიის აკტოკეფალიას, 1917 წელს შექმნილ საქართველოს მწერალთა კავშირს და 1918 წელს დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტს – ანუ რწმენას, კულტურას და მეცნიერებას! ივანე ჯავახიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებით ათონის ივერთა მონასტრის, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, პეტრიწონის მონასტრის, გელათისა და იყალთოს აკადემიების ბრწყინვალე ტრადიციები გააგრძელა და აჩვენა, რომ ქართველი ერი თანასწორია მსოფლიოს პროგრესულ ერთა შორის. ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ჰყავდა! მან თითქმის ყამირ მიწაზე ააღორძინა ქართული მეცნიერება, განავითარა ისტორიოგრაფია, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ქართული სამართლის, ეკონომიკისა და მუსიკის ისტორია; დაადგინა ქართველი ერის განვითარების ისტორიული ეტაპები, დააფუძნა კლასიკური ფილოლოგია და ენათმეცნიერება… იგი დღესაც ერის წინამძღოლია, რომელმაც ისტორიის კვლევით მომავალს დაანახა, რა განძის პატრონნი ვართ, რა ფესვებზე ვდგავართ და საით უნდა ვიაროთ!

რისი თქმა გვინდა ამ ჟურნალით? გვინდა ახალი თაობის დამოკიდებულება ვაჩვენოთ,  გვინდა, კიდევ ერთხელ გავახსენოთ ახალგაზრდებს, ვის მხრებზე დგანან, გვინდა, დავანახოთ, რომ მათი დღევანდელი არჩევანი და ხვალინდელი გზა იმ დიდი ტრადიციის გაგრძელებაა,  რომელიც ერთმა კაცმა, ივანე ჯავახიშვილმა, მეცნიერებად, იდეად და ეროვნულ მისიად აქცია!“ – ეს არის პასუხისმგებლობით გაჯერებული იმ ორგანიზატორის სიტყვა, რომელმაც თავდაპირველად სპეციალური ლექცია წაუკითხა თავისი საგნის – ,,ბეჭდური-მედია-პრაქტიკუმის“ სტუდენტებს ივანე ჯავახიშვილის ნამოღვაწარის კარგად აღსაქმელად და ამის შემდგომ შეუდგა ჟურნალ ,,თაობის გზავნილის“ გამოსაცემად ახალგაზრდების დაკვალიანებას – ჟურნალის რედაქტორებად, საინტერესო სტატიების ავტორებად, ივანე ჯავახიშვილზე თავისი სიტყვის თქმის უფლების ჭეშმარიტად მქონე რესპონდენტების მომძიებელ ახალგაზრდა ჟურნალისტებად რომ მოგვევლინენ ამ ნამუშევარში.

აქ შეხვდებით სტატიებს ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების, მოღვაწეობისა და მემკვიდრეობის შესახებ, მათ შორის: „სამი ოთახიდან დაწყებული საუკუნოვანი ისტორია“ (თათა სულავა, რევაზ მაღრაძე); „ივანე ჯავახიშვილი ნიკო მარის წინააღმდეგ“ (ანი მიქავა); „საბჭოთა რეჟიმის სამიზნე“ (ხათუნა ანდრიაძე, მარიამ კოხრეიძე, დათო გელაძე); „ივანე ჯავახიშვილი ქართული ისტორიოგრაფიის სათავეებთან“ (არმაზ შავიძე, ელენე კაჭკაჭიშვილი); „წარსულის კითხვა“ (მარიამ ხმალაძე) და სხვ. …და რაც ყველაზე მეტად ხმაურობს  წარმოდგენილ ნამუშევარში, ესაა ჟურნალის გარეკანზე მრავალსახედ წარმოჩენილი თაობა, რომელიც ივანე ჯავახიშვილზე ასეთ რამეს წერს:

გიორგი ქაფიანიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:

„ჩემთვის ივანე ჯავახიშვილი იმ დიდი ისტორიის ფუძემდებელია, რომელსაც უნივერსიტეტის კედლები დღემდე ინახავს. მან მთელი ცხოვრება საქართველოს წარსულის კვლევასა და სისტემატიზაციას შეალია, რათა დაგროვილი ცოდნა მომავალი თაობებისთვის გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიოგრაფია სიღრმისეულად არ მისწავლია, ვიცი მისი უდიდესი წვლილი განათლების ეროვნულ საფეხურზე აყვანაში. ივანე ჩემთვის არის სიმბოლო იმისა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ყოველთვის განათლებულმა ხალხმა უნდა მიიღოს”.

მარიამ ხუჯაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულების სტუდენტი:

„ივანე ჯავახიშვილი ყველაზე მასშტაბური პიროვნებაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. მან ათასობით ადამიანს მისცა თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და ახალგაზრდებს გაუხსნა გზა, რათა საქართველო მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ. ჩემთვის ის არის ადამიანი, რომელმაც მოგვცა უმთავრესი იარაღი – ცოდნა, რაც საშუალებას გვაძლევს, ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე”.

ნაზი გაფაროვა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტი:

„ივანე ჩემთვის არა მხოლოდ მეცნიერი, არამედ უზომოდ მამაცი ადამიანია. რუსეთის იმპერიის წნეხის პირობებში მან გაბედა და კავკასიაში პირველი ქართულენოვანი უნივერსიტეტი დააარსა. ამას უდიდესი გამბედაობა სჭირდებოდა. გარდა ისტორიისა, ვიცი მისი წვლილი ენათმეცნიერებაშიც. ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ცოდნა და პრინციპულობა ქვეყნის გადასარჩენად გამოიყენო”.

დავით სვანიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტი:

„ივანე ჯავახიშვილის სახელი ჩემთვის ბავშვობიდანვე განსაკუთრებულია, რადგან ჩემი ოჯახის ბევრი წევრი სწორედ მის დაარსებულ უნივერსიტეტში სწავლობდა. ჩემში დიდ პატივისცემას იწვევს ის ფაქტი, რომ ამდენი წლის შემდეგაც ის კვლავ უდიდესი და უპირობო ავტორიტეტია. მჯერა, რომ მისი სახელი უკვდავი იქნება, რადგან მან შექმნა ღირებულება, რომელიც დროს უძლებს”.

ლიზი გაბელია, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:

„ივანე ჯავახიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში, მისი მოღვაწეობა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერების მთავარ საფუძვლად ითვლება. იგი მხოლოდ ისტორიით არ შემოფარგლულა, მუშაობდა ეკონომიკისა და სამართლის საკითხებზეც. ფაქტი, რომ მან სიცოცხლის ბოლო წამებიც კი ლექციის კითხვაში გაატარა, ნამდვილი პასუხისმგებლობისა და სიყვარულის მაგალითია“.

ნიკოლოზ გაბროშვილი, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი:

„ივანე ჯავახიშვილი არის დიდი ქართველი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში უმაღლეს სამედიცინო განათლებას. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 1918 წელს პირველი მედიცინის ფაკულტეტი გაიხსნა. ჩემთვის ის არის პიროვნება, რომელმაც ქართული ენა მეცნიერების ენად აქცია და გზა გაუხსნა არაერთ დარგს, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი წინგადადგმული ნაბიჯი იყო”.

ნოდარ ჟორჟლიანი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი:

,,ივანე ჯავახიშვილმა დაუღალავი შრომით გამოსცა ისტორიის მრავალტომეულები, რომლებმაც ჩვენი წარსულის მანამდე უცნობი ფურცლები შემოგვინახა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ქართული ისტორიის დიდი მონაკვეთები ასე სრულყოფილად შემოგვრჩა. ივანე ჯავახიშვილი 5 ლარიან კუპიურაზე კი არა, 100 ლარიან კუპიურაზე უნდა იყოს. ის დაგვეხმარა მთელ ქვეყანას, რომ მიგვეღო განათლება, რადგან კარგად იცოდა – ცოდნა ყველაზე ფასეული რამ არის”.

გიორგი სანაია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 1-ელი კურსის სტუდენტი:

,,ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ივანე ჯავახიშვილის პიროვნული მხარე. მაგალითად, მეგობრობა ზაქარია ფალიაშვილთან. სიმბოლურია, რომ ოპერა „დაისი“ პირველად სწორედ ივანე ჯავახიშვილმა მოისმინა. ის იყო როგორც დიდი განათლების მქონე მოღვაწე, ისე გამორჩეული ადამიანი და ერთგული მეგობარი. დღეს ჩვენი ვალია, მივბაძოთ მას, დავაფასოთ მისი შრომა და თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ წვლილი უნივერსიტეტისა და ქვეყნის განვითარებაში”.

მიხეილ გოგიაშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდეტი:

,,ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. როდესაც მასზე ვსაუბრობთ, მხოლოდ უნივერსიტეტის დაარსებით ვერ შემოვიფარგლებით; ის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და იდენტობის გადარჩენის საქმეში უმთავრესი პიროვნებაა. იგი მუდამ მკაფიოდ გამოხატავდა პოზიციას: საქართველო უნდა გადარჩენილიყო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზით. მიხარია, რომ დღევანდელ ახალგაზრდებს კარგად ახსოვთ მისი როლი. თუმცა, ვფიქრობ, ასეთი მასშტაბის ფიგურაზე გაცილებით მეტი უნდა იწერებოდეს, რათა მუდმივად ვადარებდეთ – რას აკეთებდნენ ივანე და მისი მეგობრები მაშინ და რას ვაკეთებთ ჩვენ დღეს ქვეყნის წინსვლისთვის”.

ამ თაობის პოზიციები, რომ დღეს ისინი საკუთარ ქმედებებსა და სათქმელს ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისეული მრწამსის გადმოსახედიდან განიხილავენ, ეს უკვე სიახლეა, რაც ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავის აღსანიშნავ ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებაზე ითქვა. სწორედ ამ პათოსითა და სიახლის მაძიებლობაზე ორიენტირებული სტატიებით, ჟურნალის გაფორმების თანამედროვე სტილით, ინფორმაციული ინტერვიუებითა და მკითხველისადმი შეჯამებულად წარმოჩენილი გზავნილებით წარსდგა პრეზენტაციაზე გუნდი, რომელიც შემოქმედი იყო მთელი ამ ღონისძიებისა.

ღონისძიების შემოქმედნი

პრეზენტაციას უძღვებოდა თსუ-ს მოწვეული ლექტორი ლიანა მარქარიანი – ჟურნალის დიზაინერი და მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტი.

„წელს პირველად მომზადდა ნომერი, რომელიც კონკრეტულ რეგიონს კი არა, თითოეული სტუდენტისთვის და მეცნიერისთვის მნიშვნელოვან ფიგურას – ივანე ჯავახიშვილს მიეძღვნა. ბეჭდური მედიის პრაქტიკუმის ფარგლებში შექმნილი ეს ჟურნალი თავიდანვე განსხვავებული კონცეფციით დაიგეგმა – სწორედ ამიტომ „გზავნილი“ მულტიმედიურ გამოცემად ჩამოყალიბდა, რომელშიც ტელემედიისა და მობილური ჟურნალისტიკის სხვადასხვა კურსის სტუდენტები გაერთიანდნენ“, – აღნიშნა  ლიანა მარქარიანმა.

ამ მასშტაბურ პროექტში ჩართული იყო დაახლოებით 50 სტუდენტი, პროფესორები და მეცნიერები – ადამიანები, რომელთა ერთობლივმა ძალისხმევამ შექმნა არა მხოლოდ გამოცემა, არამედ გამოცდილება. სწორედ ამ გამოცდილებაზე საუბრობდა პროექტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე. განსაკუთრებული სითბოთი გაიხსენა მან ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში ვიზიტიც, რაც ამ პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოცდილებად იქცა: „ჩვენ ვიყავით ხოვლეშიც, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში, სადაც ხელმძღვანელმა მარინე კოშაძე და მუზეუმის თანამშრომელმა ანა ბაისონაშვილმა,  მიუხედავად იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, მაინც შეძლეს 30 სტუდენტის მიღება და საინტერესო მოხსენებების წაკითხვა“. მისი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი ხაზად დარჩა მადლიერება – მკაფიოდ და გააზრებულად გამოხატული: „ჩემი ფაკულტეტის დეკანის სალომე დუნდუას და პროფესორ მანანა შამილიშვილის სურვილები დაემთხვა ჩვენს ენთუზიაზმს და, თსუ-ს რექტორის გვერდში დგომით, ეს პროექტი განხორციელდა“.

ჟურნალის პრეზენტაციას და ღონისძიებას, რომელიც ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტების ორიგანალური ვიდეო-კლიპების ჩვენებითაც იყო დასამახსოვრებელი, აუდიტორია არაერთხელ გამოეხმაურა აპლოდისმენტებით. თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ კი, როგორც აღვნიშნეთ, თავის გამოსვლაში ,,თაობის“ ჟურნალს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა: „თქვენ იცით, რომ ორი კვირის განმავლობაში თსუ-ში დაგეგმილია უამრავი, მასშტაბური ღონისძიება, მაგრამ ამ ციკლიდან მე ორ ღონისძიებას გამოვყოფდი… და ერთ-ერთი სწორედ ეს დღეა – პრეზენტაცია იმ ჟურნალისა, რომელიც ჩვენი სტუდენტების გზავნილია. ეს ჟურნალი საკმაოდ მოცულობითია, რომელსაც ბოლო ფურცლებზე ძალიან საინტერესო პასაჟები აქვს, სადაც ჩანს სტუდენტის თვალით დანახული დიდი ივანე ჯავახიშვილი. სტუდენტის გულიდან გულწრფელი ამოძახილი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის“.

რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პროექტის სულისჩამდგმელს, ასოცირებულ პროფესორს მაია ტორაძეს, სარედაქციო გუნდს და თითოეულ სტუდენტს, რომლებიც ღონისძიებაზე დიდ ივანეზე ახალი სათქმელით იყვნენ მოსულები  – მიკროფონიდანაც  რომ გაეხმიანებინათ ემოციები. „ჟურნალის ამ ნომერზე მუშაობისას მიზნად იმ მასშტაბური სურათის აღდგენა დავისახეთ, რომელიც ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების ადრეული წლებიდან იწყება და მისი უდიდესი ჩანაფიქრით – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებით გრძელდება.  …აქ გაეცნობით მისი ცხოვრების ჩვენი თაობისთვის უცნობ ეპიზოდებსა და დაბრკოლებებსაც“… – აღნიშნავს ჟურნალის მთავარი რედაქტორი არმაზ შავიძე, რომელმაც გამოსვლის დასასრულს განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა პროფესორებისა და მასწავლებლების მიმართ – იმ ადამიანებისადმი, ვინც ამ პროცესის თანაავტორები არიან. ცნობისთვის: ჟურნალი, რომელიც ერთი შეხედვით ბეჭდურია, რეალურად გაცილებით ფართო გამოცდილებას სთავაზობს მკითხველს – QR კოდების საშუალებით ტექსტი ვიზუალურ და ციფრულ სივრცეშიც გადადის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანამედროვე ჟურნალისტიკის დინამიკას.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი გულანთებული ,,თაობის“ შემხედვარემ, პროფესორმა მანანა შამილიშვილმაც დაასკვნა ბოლოს: „თუ ივანე ჯავახიშვილის პრინციპებს ვუერთგულებთ, ნამდვილად დავიცავთ მის ნაანდერძევს“! – ეს სიტყვები  ერთდროულად იყო შეფასებაც და პასუხისმგებლობის გადაცემაც ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ნდობას იმსახურებენ.

ღონისძიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ფოტოგამოფენა „თაობა“, რომელშიც სხვადასხვა თაობის, ეთნიკური ჯგუფების და შშმ სტუდენტების გზავნილები ერთ სივრცეში ერთიანდებოდა. ეს იყო უნივერსიტეტის ის სახე, რომელიც ყველაზე რეალურია – მრავალფეროვანი, ღია და ერთიანი. სტუდენტების: გელა ზარქუას, ციალა ოსმანოვას და ლიდა სარქისიანის სიტყვებში განსაკუთრებულად იგრძნობოდა ის აზრი, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს ადგილი, სადაც განსხვავებულობა კი არ გვყოფს, არამედ გვაერთიანებს. ამ ყველაფრის ფონზე, „გზავნილი“ კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, როგორც ბევრად მეტი, ვიდრე სასწავლო პროექტი. 2013 წლიდან დღემდე  პროექტმა არაერთი ფორმა მიიღო, არაერთ რეგიონში იმოგზაურა, არაერთი თაობა გააერთიანა, მაგრამ მთავარი უცვლელი დარჩა: სურვილი – სტუდენტს მისცეს ხმა. სწორედ ამიტომ, „გზავნილი“ დღეს უკვე თსუ-ს ერთგვარ სიმბოლოდ იქცა – ახალგაზრდული ენერგიისა და პროფესიული ზრდის სინთეზად.

„თაობის გზავნილის“ პრეზენტაციაზე ერთი საინტერესო ინიციატივაც გაახმიანა თსუს მოწვეულმა ლექტორმა ლიანა მარქარიანმა – მოკლე დროში „თაობის გზავნილი“ ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და გავრცელდება ეთნიკური და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

პრეზენტაციაზე ივანე ჯავახიშვილის იუბილეს სპეციალური საკონცერტო ნომერი მიუძღვნა არაერთი მუსიკალური ფესტივალის ლაურეატმა, პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა, რომელმაც სიამოვნებით გაიხსენა მოსწავლეობის წლები, როცა ხოვლეს სახლ-მუზეუმს ხშირად სტუმრობდა.

ივანე ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარდგენილი ჟურნალის – ,,თაობის გზავნილი“ – სარედაქციო ჯგუფში მუშაობდნენ: პროექტის ხელმძღვანელი მაია ტორაძე, დიზაინერ-დამკაბადონებელი  და მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტი – ლიანა მარქარიანი; მთავარი რედაქტორი – არმაზ შავიძე; ნომრის რედაქტორი – ანა მიქავა და სხვები. პროექტის მრჩეველია  თსუ-ს პროფესორი მანანა შამილიშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn