თამუნა გრიგალაშვილმა ერთი სემესტრი თურქეთში ისწავლა

თარიღი: 2025-10-04 19:00:35

თამუნა გრიგალაშვილი, რომელიც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თურქეთში, TED University-ში იმყოფებოდა. თამუნასთვის კონკურსის გავლასთან დაკავშირებული სირთულეები წვრილმანი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთ სწავლის დროს მიღებული დადებითი ემოციები გააცნობიერა.

,,საზღვარგარეთ სწავლას უამრავი დადებითი მხარე აქვს. პირადად ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო 5 თვე დამოუკიდებლად ცხოვრება და მოგზაურობაც კი! ყველა აფასებს იმ გამბედაობას, რომელიც ამ უდიდესი ნაბიჯის გადადგმას სჭირდება. ჩემ შემთხვევაში უამრავი კეთილი, კომუნიკაბელური და გულღია ადამიანის წყალობით მოტივაცია არასდროს დამიკარგავს და თითოეული წუთით ბოლომდე ვისიამოვნე. შევიძინე ახალი მეგობრები, გავეცანი უცხო კულტურას, ხალხს და ყველა ის ჩვევა ავითვისე, რომელიც ჩემს აკადემიურ მოსწრებას გააუმჯობესებს. მინდა ვახსენო შესანიშნავი ლექტორები, რომელთაც სხვა თვალით დამანახეს თითოეული კურსი. მათი მიდგომა განსხვავდება თსუ-ს ლექტორებისა თუ პროფესორების მიდგომისგან, რაც აქცენტს ისეთ ასპექტებზე გამახვილებინებს, რომელიც აქამდე დაფარული იყო. დავამატებ, რომ TED-ში სწავლისას განვივითარე დამოუკიდებელი კვლევის უნარი და დავინახე ჩემი სუსტი მხარე, რომლის აღმოფხვრაზე აქტიურად ვიმუშავებ”, – აღნიშნავს თამუნა.

თამუნა გრიგალაშვილი თსუ-საც ემადლიერება, რადგან თვლის, რომ თსუ-ში სწავლამ ძლიერი თეორიული საფუძველი მისცა. ,,თსუ-მ მასწავლა, როგორ ვიპოვო საჭირო რესურსები და როგორ განვვითარდე დამოუკიდებლად. აგრეთვე, თამამად ვიტყვი, რომ თსუ არის ჩემი საწყისი, უმაღლესი განათლების საფუძველი, სადაც პირველად ვისწავლე აკადემიურ გარემოში ორიენტაცია, ადაპტაცია და თავის დამკვიდრება. როგორც TED იყო პირველი უნივერსიტეტი, სადაც სწავლა ახალ გარემოსთან ადაპტაციას მოითხოვდა ჩემგან, თსუ-ზეც ანალოგიურს ვიტყვი. მთავარი განსხვავება ამ ორ უნივერსიტეტს შორის მოქნილობაში გამოიხატა. აღვნიშნავ გამოცდებს, რომლებიც თსუ-ში, ძირითადად, წინასწარ არის ცნობილი და ღრმა თეორიულ ცოდნას ეფუძნება. რაც შეეხება TED-ს, კითხვები ყოველთვის მოულოდნელია და ლოგიკურ აზროვნებას ეფუძნება“, – ასეთია თამუნას შეფასებები, რომელიც მშობლიურ უნივერსიტეტს დაუბრუნდა და ახალი ინიციატივებით აგრძელებს სწავლას.

თამუნა გრიგალაშვილი ორ მთავარ პრობლემას გამოყოფს, რაც, მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება.  ,,პირველი არის პრაქტიკული გამოცდილების ნაკლებობა. მართალია თეორიული კურსები ძლიერია, თუმცა სტუდენტებს დაბალ კურსებზე იშვიათად ეძლევათ შესაძლებლობა – იმუშაონ რეალურ მონაცემებზე, კომპანიებთან ან ინსტიტუტებთან. ვგულისხმობ მოკლევადიან სტაჟირებებსაც, რაც კარიერულ გზაზე გზამკვლევის ფუნქციასაც მოირგებს. რაც შეეხება მეორე პრობლემას,  სტუდენტების ჩართულობა კვლევით პროექტებში დაბალია. სასურველია უნივერსიტეტმა უფრო მეტად წაახალისოს მონაწილეობა მიმდინარე აკადემიურ თუ საზოგადოებრივ კვლევებში“, – ამბობს სტუდენტი, რომელსაც თსუ-სგან უფრო მეტის მოლოდინი აქვს.

Facebook
Twitter
LinkedIn