თამთა თათიკიშვილი კრიმინალურ ქცევაზე მოქმედი გარეგანი ფაქტორების კვლევით დაინტერესდა

თარიღი: 2023-05-27 19:17:44

,,კრიმინალურ ქცევაზე მოქმედი გარეგანი ფაქტორები’’ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება თსუ-ს  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაუკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა თამთა თათიკიშვილმა ინტერდისციპლინურ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ორი ფაკულტეტის –  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების ეგიდით ჩატარდა. თამთამ სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება გამოცდილების მიღების მიზნით გადაწყვიტა.

რატომ დაინტერესდა ამ თემით და რა დასკვნა დადო? – ამ კითვაზე თამთა თათიკიშვილი გვპასუხობს: ,,კაცობრიობის არსებობიდან მოყოლებული ადამიანი ჩადის დანაშაულს. როდესაც დანაშაული ცხადდება ფართო საზოგადოებისთვის, სოციუმი თუ მასმედია აყალიბებს თეორიებს დანაშაულის მოტივის შესახებ. ეს უკანასკნელი, ხშირად, დაკავშირებულია დამნაშავის ინტერნალურ თვისებებთან თუ გენეტიკასთან, რის გამოც უგულებელყოფილია მასზე გარემო ფაქტორების გავლენა, რომელიც მნიშვნელოვანი წამახალისებელი ან დეტერმინანტია დანაშაულისა. კრიმინალური ქცევა დიდი ხანია აღარ მიიჩნევა არც მხოლოდ ინტერნალური და არც მხოლოდ ექსტერნალური ფაქტორების შედეგად, არამედ განიხილება, რომ ის ინდივიდისა და გარემოს განზომილებებში არსებული რისკ დამცავი ფაქტორების ურთიერთზემოქმედების შედეგია. ამავდროულად, გარემო ფაქტორების შესწავლა უპირატესია, რადგან მათი პროგნოზი და კონტროლი გაცილებით უფრო მოსახერხებელია და, ამავე დროს, სწორედ გარემო ფაქტორების სიღრმისეული შესწავლა შეიძლება გახდეს დანაშაულის პრევენციის სტრატეგიის ჩამოყალიბების მნიშნელოვანი კომპონენტი. ამ თემის დასამუშავებლად მე და ჩემმა კურსელმა – თინათინ ვაშაკიძემ საკმაოდ ხანგრძლივი გზა გავიარეთ, დაგვჭირდა მრავალი თეორიის, კვლევისა თუ სტატიის დოკუმენტური ანალიზი“,  – აღნიშნავს თამთა და ამბობს: – ,,შედეგად გავედით დასკვნაზე –  კრიმინალურ ქცევაზე ისეთი გარეგანი ფაქტორები ახდენენ გავლენას, როგორებიცაა: ოჯახი, თანატოლები, სკოლა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მასმედია, ძალადობისა თუ შევიწროვების გამოცდილება, საზოგადოებრივი ღირებულებები, მავნე ნივთიერებების მოხმარება და სხვა. მიმოხილული გარემო ფაქტორების ზემოქმედების შემთხვევაში მართალია იზრდება კრიმინალური ქცევის გამოვლენის ალბათობა, თუმცა ამის გარანტია მაინც არ გვეძლევა.     ,,ადამიანი სოციალური არსებაა’’ –  ამბობს არისტოტელე – მაშასადამე, სოციუმი ქმნის არა მხოლოდ სოციალურ კონტექსტს, რომელიც ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს ქცევას, არამედ იგი აყალიბებს პიროვნების იდენტობასაც, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია“.

                                                      ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • პროფესიის არჩევა ბევრისთვის მარტივი არ არის, ასევე იყო ჩემთვისაც. ბევრი ფიქრისა თუ განსჯის შემდეგ ავირჩიე ფსიქოლოგია – ამის მთავარი მიზეზი კი  ამ სფეროსადმი დიდი ინტერესი იყო. ჩემთვის ადამიანის ბუნება, მისი ქცევა და ქცევის მიზეზები ფრიად საინტერესო და მნიშვნელოვანია. დღეს-დღეობით, რაც უფრო მეტს ვიგებ თუ ვსწავლობ, მით უფრო იზრდება ინტერესი და სიყვარული ამ პროფესიისადმი.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • ვფიქრობ,  უნივერსიტეტი მაძლევს ისეთ ცოდნას, რომელიც მყარ საძირკველს უქმნის ჩემს კარიერას.
  • ვინ არის უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორი?
  • საყვარელი ლექტორის გამორჩევა მიჭირს, რადგან, ჩემი აზრით, ბევრი შესანიშნავი ლექტორი გვყავს.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • უნივერსიტეტში, ყველა კორპუსში, სამწუხაროდ, არ არის სტუდენტებისთვის სივრცე, სადაც თავშეყრას შეძლებენ.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • მსურს ისეთი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება, რომელიც პროფესიულ წინსვლაში გამომადგება.
Facebook
Twitter
LinkedIn