თამთა კეკელიძემ ლინკდინის ეფექტები შეისწავლა

თარიღი: 2024-05-28 13:40:00

„ლინკდინი, როგორც ვირტუალურ საზოგადოებაში პროფესიული იდენტობის ჩამოყალიბებისა და დასაქმების პლატფორმა სტუდენტებისთვის“ – ამ თემაზე კონფერენციისთვის იმუშავეს  თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებეთა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტებმა თამთა კეკელიძემ და ნინო კარანაიამ. რატომ დაინტერესდა ამ საკითხით და რა პროცესი გაიარა თემის დასამუშავებლად? – ამ კითხვას თამთა კეკელიძე პასუხობს:

,,ჩემთვის საინტერესო იყო – რას ფიქრობდნენ ჩემივე თანატოლი სტუდენტები ლინკდინზე და როგორ იყენებდნენ მას, იყო თუ არა ეს აპლიკაცია სარგებლის მომტანი მათთვის. დღეს უმრავლესობა ჩვენგანი ყოველდღიურად ადევნებს თვალს სოციალურ ქსელებში მიმდინარე პროცესებს გართობის, კომუნიკაციის, ინფორმაციის მიღების თუ სხვა მიზნით. სხვადასხვა აპლიკაციას განსხვავებული ეფექტი აქვს ადამიანებზე, კონკრეტულ შემთხვევაში  – სტუდენტებზე. მე და ჩემს მეწყვილეს კი გვსურდა, გაგვეგო –  როგორი არის საქართველოში ლინკდინის ეფექტები, რადგან ეს არის პროფესიული პლატფორმა, რომელსაც შეუძლია თავისი როლი ითამაშოს სტუდენტის კარიერულ განვითარებაში“.

სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა სტუდენტების განწყობები ამ პლატფორმის მიმართ.

,,სტუდენტები ლინკდინს ახასიათებენ სიტყვებით: პროგრესი, შესაძლებლობები, განვითრება, წარმატება, მრავალფეროვნება, სოციალური კაპიტალი, კარიერა.

ლინკდინის პროფილი დამატებითი პლუსია დასაქმებისთვის. აქ თავმოყრილი საზოგადოება არის მკვეთრად განსხვავებული, პლატფორმაზე ჩამოყალიბებული კომუნიკაციის ფორმა სრულიად განსხვავდება რეალური ურთიერთობებისგან და არის მხოლოდ საქმიანი ხასიათის.  კვლევამ გვაჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც ამ პლატფორმას იყენებენ, დამატებითი შესაძლებლობების შესახებ იღებენ ინფორმაციას და ეს, კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით, კარიერულ განვითარებაში ეხმარებათ. ასევე, დადგინდა, რომ სტუდენტთა დიდი ნაწილი ლინკდინის არგამოყენების მიზეზად არასაკმარის გამოცდილებას ასახელებს, მაშინ, როცა, ექსპერტთა ხედვით, ეს არ არის გადამწყვეტი და რეალურად ლინკდინზე შეგიძლია  მეტი გაიგო შენთვის საინტერესო სფეროში დასაქმებული ადამიანების ან კომპანიების შესახებ, მიიღო რჩევები. მთავარია არა კარიერული გამოცდილება, არამედ – რაც შეიძლება მეტი ადამიანის დამატება პლატფორმაზე და ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარი თავის წარმოჩენა. საბოლოოდ, გავედით დასკვნაზე, რომ თანამედროვე ვირტუალურ საზოგადოებაში ლინკდინი არის სასარგებლო გზა – უფრო მარტივად დაამყარო კავშირები პროფესიულ სივრცეში და შეიქმნა პროფესიული იდენტობა, იპოვო სასურველი ვაკანსიაც კი“, – ამბობს თამთა კეკელიძე.

                                                         ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაბარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ამ მიმართულების მრავალფეროვნება. მიუხედავად გარკვეული ჩარჩოებისა, ეს დარგი მაძლევს შესაძლებლობას – მრავალი რაკურსით დავინახო მიმდინარე აქტუალური პროცესები და თავადაც მივიღო ცოდნა სხვადასხვა სფეროზე. მომწონს ამ მიმართულებაზე არსებული გარემო და მგონია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?

უნივერსიტეტი, კერძოდ, ჩემი ფაკულტეტი თეორიულ ცოდნასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლის – როგორ ჩამოვყალიბდე აქტიურ და პასუხისმგებლიან მოქალაქედ. ამაში კი უდიდეს როლს ჩემი ლექტორები და კურსელები ასრულებენ.

  • ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?

მიმაჩნია, რომ ყველა ლექტორისგან ვსწავლობ რაღაც ახალს და ვიძენ განსხვავებულ გამოცდილებას – იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი, რაც, საბოლოოდ, პიროვნულ განვითარებაში მეხმარება. სხვადასხვა ნიშნით ბევრი ჩემთვის საყვარელი ლექტორის გამოყოფა შემიძლია და კონკრეტულ სახელებს არ დავასახელებ.

  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?

პრობლემები ბევრია ყველა სფეროში და არც უნივერსიტეტია გამონაკლისი. აქვე აღვნიშნავ, რომ დიდი იმედი მაქვს, სტუდენტების მოთხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, ისინი აღმოიფხვრება. როგორც  სოცპოლის სტუდენტი, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, ზოგადად, კორპუსების განფენილობასა და ერთ დღეს სხვადასხვა ადგილზე ლექციის ქონას დავასახელებ.

  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • მთავარი სურვილი დღეს და ყოველთვის ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, არის ის, რომ უნივერსიტეტი იყოს თავისი სტუდენტების, პროფესურისა და აკადემიური პერსონალის ხმა.
Facebook
Twitter
LinkedIn