თამთა ბერიძეს ჩეხეთში სწავლის გასაგრძელებლად სასიამოვნო გარემო დახვდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი თამთა ბერიძე წლევანდელი გაზაფხულის სემესტრს ჩეხეთში, ქალაქ ოლომოუცის ,,პალაცკის უნივერსიტეტში” ატარებს. თამთა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სოციოლოგიის მიმართულებით სწავლობს. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე ყოველთვის ფიქრობდა და იცოდა, რომ ნებისმიერი შანსი უნდა გამოეყენებინა საზღვარგარეთ სწავლისთვის. ჩეხეთში არასდროს ყოფილა, ამიტომ, ფიქრობდა, რომ უცხო ქვეყანასთან, გარემოსთან შეგუება მისთვის რთული გამოწვევა იქნებოდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, იქ ჩასულს სასიამოვნო გარემო დახვდა. „გარემო დამხვდა შესანიშნავი, ყველა ასპექტში. ლექტორებმა გაგვიმხილეს, რომ სასიამოვნოა ასწავლო ჯგუფს, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების ადამიანია გაერთიანებული და რომ საინტერესოა მათი აზრის მოსმენა ამა თუ იმ საკითხზე. სტუდენტებზეც იგივე შემიძლია ვთქვა – ყველას ერთი სული აქვს, როდის გაიცნობენ ახალ ადამიანებს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ის სასიამოვნო გარემო, რაც დამხვდა“, – ამბობს თამთა.
ერასმუსის გაცვლით პროგრამაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე ათეული სტუდენტი იღებს მონაწილეობას. სხვადასხვა ენის, კულტურისა და ტრადიციების მატარებელი ინდივიდი ერთად იყრის თავს. საინტერესოა, როგორ აცნობენ ისინი ერთმანეთს მშობლიურ მხარეს? „რა თქმა უნდა, ყველას აქვს საშუალება – წარადგინოს საკუთარი ქვეყანა. ამისთვის ეწყობა ე.წ. „კულტურის საღამოები”, რომელზეც სტუდენტები სხვადასხვა გზით წარადგენენ სამშობლოს, იქნება ეს ქორეოგრაფია, ფოლკლორი, კერძები თუ სხვა რამ. თუმცა ეს მხოლოდ წინასწარ მოწყობილ საღამოებზე არ ხდება. თითოეული ქართველი ვცდილობთ, მოვაწონოთ საქართველო ჩვენს ახლად შეძენილ მეგობრებს, გავაცნოთ ჩვენი ენა, ტრადიციები, კულტურა და, რაღა თქმა უნდა, სამზარეულო“, – გვეუბნება თამთა.
სასწავლო სისტემა ქართული უმაღლესი სასწავლებლებისგან არაერთი ასპექტით განსხვავდება. მაგალითად, ჩეხეთის უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამა არ ითვალისწინებს შუალედურ გამოცდებს, რაც, მისი თქმით, არ აისახება სტუდენტების საბოლოო შედეგებზე, რადგან ეს ქულები სხვა აქტივობებით ბალანსდება. ამ სისტემის მიხედვით, ძირითადი აქცენტი პრაქტიკულ სამუშაოებზე კეთდება. „ზოგადად, სასწავლო სისტემა ძალიან განსხვავდება. მაგალითად, შუალედური გამოცდები აქ არ არსებობს, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა სუსტია. მეტიც, შუალედური გამოცდების გარეშე მეტი დრო და ენერგია იხარჯება ლექციებსა და სასემინარო სამუშაოებზე“, – ამბობს იგი.
უნივერსიტეტის გარდა, მნიშვნელოვანია, თუ როგორ პირობებს სთავაზობს ქვეყანა იქ ჩასულ სტუდენტებს. გაცვლითი პროგრამის თითოეული სტუდენტი სრულუფლებიანია და იყენებს ყველა იმ შეთავაზებასა თუ შეღავათს, რასაც მასპინძელი ქვეყანა სთავაზობს თავის სტუდენტს. ჩეხეთი სწორედ ის სახელმწიფოა, რომელიც ცდილობს – სტუდენტებს ისეთი გარემო შეუქმნას, რომელშიც ისინი თავს კომფორტულად იგრძნობენ. „შემიძლია ვთქვა, რომ ჩეხეთი ნამდვილად ცდილობს სტუდენტს კომფორტული გარემო შეუქმნას და გამოსდის კიდეც. სტუდენტი სრულად უზრუნველყოფილია როგორც განათლების, ასევე, განტვირთვის მხრივ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – გვითხრა თამთამ, რომელმაც ყველა იმ სტუდენტისთვის, ვინც გაცვლითი პროგრამით სარგებლობას აპირებს, გზავნილიც დაგვიტოვა: „ვისაც უნდა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, ვურჩევდი, რომ ყველა შანსი გამოიყენონ, რასაც თსუ შესთავაზებს. იმის მიუხედავადაც, თუ ჰგონიათ, რომ შანსი ძალიან მცირეა, მაინც სცადონ, რადგან ცდის და რისკის გარეშე არაფერი გამოვა“, – ურჩევს ის სტუდენტებს.
სოფია ბოლქვაძე
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი