თამაზ ზერეკიძის გახსენება
გარდაიცვალა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ ზერეკიძე.
თამაზ ზერეკიძე დაიბადა 1953 წლის 5 იანვარს გორის რაიონის სოფელ ტირძნისში. მან დაამთავრა ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნეტი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. 1980 და 2004 წლებში დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. იყო 2 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და 7 საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი. იგი მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში აქვეყნებდა სამეცნიერო შრომებს, იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში.
პროფესორი თამაზ ზერეკიძე არის ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი და რეცენზენტი მათემატიკის მთელი რიგი სახელმძღვანელოებისა. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციების კურსს შემდეგ საგნებში: „მათემატიკური ანალიზი“, „ფუნქციონალური ანალიზი“, „მრავალგანზომილებიან სივრცეებში ინტეგრალთა დიფერენცირება“, „უმაღლესი მათემატიკა“ და „მათემატიკა ეკონომიკისა და ბიზნესისათვის“ I და II.
ბატონი თამაზ ზერეკიძის კალამს ეკუთვნის შესანიშნავი წიგნები: „რვეულში ჩარჩენილი სიყვარული“, „შემოდგომის ნადარდალი“, „მოგზაურობა ფრინველთა სამეფოში“, „სინათლე სიმართლისა“ და „ბავშვობიდან გამოქცეული ბიჭის ნაამბობი“. აღნიშნულ წიგნებში შესულია: ლექსები, ნოველები და ჩანახატები, რომელთა მთავარი თემებია სოციალური და ზნეობრივი პრობლემები, რიგი ჩანახატებისა გაჯერებულია იუმორით. ამისათვის ავტორი დიდი ოსტატობით იყენებს ქართული ენის უკიდეგანო სიმდიდრეს, იგი ერთ-ერთ ლექსში წერს: „მე ასე მჯერა — კაცის გამზომი დაბლა სინდისი, მაღლა ღმერთიაო“! დიახ ამ პრინციპით იცხოვრა მან მთელი შეგნებული ცხოვრება, რომლის მაგალითები მის წიგნებში უამრავია, თუმც ერთიც კმარა „სინდისო, შე უსინდისო“.
პროფესორი თამაზ ზერეკიძე ოთხ ათეულ წელზე მეტია, თსუ-ის ათასობით სტუდენტისათვის შეუვალობისა და სამართლიანობის სიმბოლოდ იქცა, იგი ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დაჯილდოებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით.
პროფესორი თამაზ ზერეკიძე ქართულ მწერლობაში შეტანილი წვლილისათვის აირჩიეს საქართველოს მწერალთა და შემოქმედებითი კავშირის წევრად.
პროფესორი თამაზ ზერეკიძე ნათელი (კლასიკური) მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს და იღვაწოს ადამიანმა თავისი ქვეყნის სამსახურში! — თუ ამას გაითავისებს ჩვენი ერი, საქართველოს გადაშენება არ უწერია.