85 წელი მათემატიკის სამსახურში
ცნობილ ქართველ მეცნიერს, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებთა დოქტორს, თსუ-ის ემერიტუს პროფესორს, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური მოდელირებისა და რიცხვითი მეთოდების მიმართულების ხელმძღვანელს თამაზ ვაშაყმაძეს 85 წელი შეუსრულდა.
სულ ცოტა ხნის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის და მათემატიკის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თამაზ ვაშაყმაძე რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა. ცხადია, ერთი საგაზეთო მასალა ვერ დაიტევს მეცნიერის უზარმაზარ მემკვიდრეობას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ის დღემდე აქტიური სამეცნიერო ცხოვრებით ცხოვრობს, მონაწილეობს კონფერენციებში, აქვეყნებს ნაშრომებს. ყოველი მისი ახალი მოხსენება და კვლევა კი მნიშვნელოვანი შენაძენია მათემატიკოსთა სამეცნიერო საზოგადოებისთვის. სულ ახლახან, აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარებულ ფორუმებზე თამაზ ვაშაყმაძემ ოთხი მოხსენება წარადგინა, მათგან ერთი – ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის გაფართოებულ სხდომაზე, ხოლო სამი – ბათუმში აგვისტოში ჩატარებულ საქართველოს მექანიკოსთა კავშირის და მათემატიკოსთა კავშირის საერთაშორისო კონფერენციებზე აკად. ვ. მაკაროვთან ერთად.
„დღემდე ვსწავლობ და ვიზრდები. სხვისი კრიტიკა ჩემი საქმე არ არის, ყოველთვის ვფიქრობ – მე როგორ განვვითარდები და რა შემიძლია, რომ გავაკეთო ახალი. უნივერსიტეტში არცერთი დღე არ გამიცდენია და 10-ზე მეტი სილაბუსი მაქვს შექმნილი. მიყვარს ჩემი საქმე. ეს ჯილდო, ფაქტობრივად, არის იმის დადასტურება, თუ ვინ და როგორ ემსახურება ქართველ ხალხს და, შესაბამისად, უნივერსიტეტს.
მე ჩემი თავი შეიძლება უღირსადაც მიმაჩნდეს, რადგან უნივერსიტეტის ოქროს მედალი ძალიან დიდი ჯილდოა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცალსახად არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო საქართველოსთვის. ვცდილობ, ის მათემატიკის დარგში წარმოვაჩინო და ვაჩვენო, რომ თსუ-ს შეუძლია ყველა წამყვანი უნივერსიტეტის და ქვეყნის გვერდით დადგეს“, — გვითხრა თამაზ ვაშაყმაძემ საპატიო ჯილდოს გადაცემის შემდეგ.
აღსანიშნავი და საინტერესოა, რომ პროფესორი თამაზ ვაშაყმაძე 1968 წლიდან დღემდე თსუ-ის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომელია. ამჟამად იგი რიცხვითი მეთოდებისა და მათემატიკური მოდელირების მიმართულების ხელმძღვანელი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. პარალელურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო სრული პროფესორი, ამჟამად თსუ-ის ემერიტუსი და მიწვეული პროფესორია.
მისი კვლევებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი კანონზომიერების მიგნება:
1. უწყვეტი გარემოს უნივერსალობის შესახებ: რაიმე ძალას ან მოვლენას, დამზერილს ან აღმოჩენილს რომელიმე სეპარატულ ნივთიერებაში აქვს უნივერსალური ხასიათი – იგი საერთოა უწყვეტი გარემოს ნებისმიერი ფორმისათვის;
2. დაზუსტებულ იქნა დარსი-პასკალის კანონი იმ აზრით, რომ იგი არ არის სამართლიანი ფორო-დრეკადი გარემოსათვის, რადგან ხორციელდება მათემატიკური მოდელის ტიპის გადაგვარება. ჩვენ მიერ შემოტანილი ახალი ფაზიკური მახასიათებელი აზუსტებს დარსი-პასკალის კანონს.
მისი ინტერესების სფეროა გამოთვლითი მათემატიკა, მყარი დეფორმადი სხეულის მექანიკა, მათემატიკური მოდელირება, ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები; მათემატიკური მოდელირება; კალკულუსი, კომპიუტერული მეცნიერებანი, ინფორმატიკა და სხვ.
განსაკუთრებით ფასეულია ქართველი მათემატიკოსის მონაწილეობა თურქ და ამერიკელ მეცნიერებთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების დარგში. ამ ხაზით მათ ერთობლივად შექმნეს და წარადგინეს პროექტი: „უპილოტო თვითმფრინავებისთვის ფრთის გათვლის თეორია და პრაქტიკა“, რომელიც ნატოს სპეციალისტთა მიერ შეფასდა, როგორც ძალზე ორიგინალური, მაღალი დონის სამეცნიერო-სიანჟინრო პერსპექტიული მიმართულება.
თამაზ ვაშაყმაძე არის 15-ზე მეტი დაცული საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი და მეცნიერ-კონსულტანტი. ხუთ წელზე მეტია, თსუ-ის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, ხელმძღვანელობს და უანგაროდ ემსახურება მოსწავლეთა სკოლას „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“, სადაც მომზადდა და პრაქტიკა გაიარა 400-მდე ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდამ მათემატიკასა და მომიჯნავე დარგებში.
იგი გახლავთ 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, მათ შორის, 10-მდე მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მონაწილეობდა 180-ზე მეტი საერთაშორისო და რესპუბლიკური მნიშვნელობის სამეცნიერო ფორუმის მუშაობაში, წაკითხული აქვს 130-ზე მეტი სექციური და 30-ზე მეტი პლენარული მოხსენება. იყო ორ ათეულზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის და კონგრესის ორგკომიტეტის წევრი, არის ოთხი ჟურნალის, მათ შორის, „Journal of Applied Functional Analysis“ (აშშ, მემფისი) რედკოლეგიის წევრი, იყო 1998-2003 წწ. თსუ-ის შრომების სერიით „გამოყენებითი მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებანი“ მთავარი რედაქტორი. გახლავთ რიგი სამეცნიერო (მათ შორის, თსუ დიდი საბჭოს) და სადისერტაციო საბჭოების წევრი.
თამაზ ვაშაყმაძე დაჯილდოებულია პრეზიდენტის ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით, ივანე ჯავახიშვილისა (1977, 2009) და თსუ-ის მედლებით; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაცემული ილია ვეკუას პრემიით; თურქეთის მათემატიკოსთა საზოგადოების საერთაშორისო პრემიით უცხოელი მათემატიკოსებისათვის: „მთელი ცხოვრება მათემატიკის სამსახურში“.
85 წლის მეცნიერი დღემდე აგრძელებს აქტიურ კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას, რაც წინაპირობაა იმისა, რომ შესაძლოა სულ მალე ახალი და მეტად მნიშვნელოვანი კვლევებით, მიგნებებითა თუ დასკვნებით წარსდგეს სამეცნიერო საზოგადოების წინაშე.