თამაზ ჩხენკელის წარმატებებს საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილებაც განაპირობებს

თარიღი: 2024-05-24 16:16:55

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის მაგისტრატურის სტუდენტს თამაზ ჩხენკელს თავისი პროფესიისადმი სიყვარული სკოლის ასაკიდან მოსდევს. მართალია, თავდაპირველად საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაამთავრა ბაკალავრიატი, მაგრამ ბოლოს ისტორიის სიყვარულმა სძლია. თავად თამაზი მიიჩნევს, რომ ეს ორი სფერო, გარკვეულწილად, მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.

 „სკოლის პერიოდში  განსაკუთრებით მაინტერესებდა  მე-17 საუკუნის საქართველოს ვითარება, ხოლო უცხო ენების ცოდნა (ვგულისხმობ ინგლისურის, რუსულისა და განსაკუთრებით ესპანურის ცოდნას, რომლის სწავლაც ჩემს სკოლაში სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში ყოფნისას დავიწყე) თანამედროვე პოლიტიკის შესწავლისთვის დამატებით სტიმულს მაძლევდა.  ვფიქრობ, რომ ჩემი მაღალი აკადემიური მოსწრება და წითელი დიპლომი უდიდესი შრომის ფასად მოვიპოვე.  ჩემი აზრით,  ნებისმიერ  სფეროში  მაქსიმალური შედეგის დასადებად  საჭიროა  ძალების მობილიზება. გარდა ამისა, პროფესიონალობა გულისხმობს თვითგანათლებასაც – როდესაც საათობით მუშაობ  შენთვის საინტერესო თემაზე, აკვირდები და აანალიზებ თითოეულ დეტალს. რა თქმა უნდა, საყურადღებოა ამ პროცესში ხელმძღვანელის/ლექტორის როლიც, რადგან საკითხის კვლევისას მიმართულებას გაძლევს და გეხმარება პროცესის წარმართვაში“,  – ამბობს თამაზ ჩხენკელი. 

მისი თქმით, საბაკალავო პროგრამის გავლის დროს  უფრო მეტად ევროპული ქვეყნების და საქართველოს მეზობლების საგარეო პოლიტიკა და მოლაპარაკებების ხელოვნება აინტერესებდა. მისი საბაკალავრო ნაშრომი რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თურქეთის საგარეო ურთიერთობებზეა.

„კვლევის დროს მომეწონა იმ პრაქტიკული მეთოდებისა თუ ხერხების გაანალიზება, რასაც თურქეთი აქტიურად იყენებს თავისი ეროვნული ინტერესების გასატარებლად. ჩემთვის თეორიული ცოდნა წარმოუდგენელია პრაქტიკის გარეშე, რისთვისაც ვიყენებ სტაჟირების შესაძლებლობებს როგორც საქართველოს სტუდენტურ პარლამენტში, ასევე, საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდა ასოციაციასა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების პროგრამაში. საკუთარი პროექტების, კერძოდ, ტრენინგ კურსებისა და ვორქშოპების შექმნისას ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და შესაბამისი უნარებიც შევიძინე, რაც მეხმარება პროექტების შექმნისას საკუთარი სტილის შემუშავებაში“,  – ამბობს ახალგაზრდა მომავალი მეცნიერი.

თამაზი ამჟამად მუშაობს მეოცე საუკუნის ევროპის დიმლომატიურ ურთიერთობებზე და ყველაზე მეტად – ცივი ომის დროინდელ და მის შემდგომ პროცესებზე,  მაგალითად ევროკავშირის შექმნის წინაპირობებზე და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგებზე.

როგორც თავად აღნიშნავს, პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, წარმატებისთვის აუცილებელია საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილებაც. „ამ შემთხვევაში მინდა ვახსენო ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი ლონდონში, ასევე, საზაფხულო სკოლები ევროპის ქვეყნებში.  განსაკუთრებით სასიამოვნო იყო  ტალინში (ესტონეთი) მიღებული გამოცდილება, რომელიც ჩატარდა ესტონეთის ისტორიული მეხსიერების ინსტიტუტისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. საზაფხულო სკოლის მანძილზე შევიძინე ბევრი უცხოელი მეგობარი. ევროპული განათლების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. მომეწონა ინფორმაციის გადმოცემის მეთოდებიც, მაგალითად, ვიყავით ექსკურსიაზე იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც მიმდინარეობდა ბრძოლა ნაცისტებსა და ესტონელ პარტიზანებს შორის, შემდეგ კი იქვე მდებარე მუზეუმში ვუყურეთ ფილმს ამ ბრძოლის შესახებ. ვფიქრობ, ამგვარი მეთოდებით გადმოცემული ინფორმაცია ყოველთვის მემახოვრება.  ვისურვებდი, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებშიც დამკვიდრდეს ამგვარი პრაქტიკა,“  – ამბობს თამაზ ჩხენკელი.

Facebook
Twitter
LinkedIn