დევნილობის უხილავი ტვირთი –ახალი კვლევა თაობებს შორის გადაცემულ მეხსიერებაზე

თარიღი: 2026-04-03 13:38:09

2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთა შორის მოხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროექტი „დევნილობის მეხსიერების რეპრეზენტაცია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოცდილებაში“. პროექტს ხელმძღვანელობს პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულების ასოცირებული პროფესორი თამარ ქარაია და იგი მიზნად ისახავს დევნილობის როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური გამოცდილების სიღრმისეულ კვლევას.

პროექტის იდეა რეალური ცხოვრებისეული ისტორიებიდან დაიბადა. როგორც თამარ ქარაია იხსენებს, წლების წინ ყოფილ სტუდენტებთან შეხვედრისას, მოისმინა, რომ დევნილობა მათ ყოველდღიურობას უხილავად, მაგრამ მუდმივად თან სდევს. „გარეგნულად არაფერი ჩანს, თუმცა საკმარისია პირადი ნომრის დასახელება, რომ პასუხად გაიგონ: „დევნილი ხარ“? – ამბობს თამარი.

მისივე თქმით, დევნილობის გამოცდილება განსაკუთრებით მძაფრად ვლინდება ბავშვობის მოგონებებში. მისი ერთ-ერთი რესპონდენტი იხსენებდა, რომ სკოლაში თითქოს არაფრით გამოირჩეოდა თანატოლებისგან, თუმცა მაინც არჩევდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ დევნილი იყო. დამატებით, კიდევ ერთმა ისტორიამ ნათლად წარმოაჩინა დევნილობის სოციალური აღქმის მრავალფეროვნება: აფხაზეთიდან წამოსული ოჯახი მამის სოფელში „საკუთრად“ მიიღეს, ხოლო თბილისში უკვე „დევნილებად“ აღიქვეს. ეს გარემოება ხაზს უსვამს იმას, რომ დევნილობა მხოლოდ სამართლებრივი სტატუსი არ არის – იგი სოციალური იდენტობაა, რომელიც კონტექსტის მიხედვით იცვლება.

სწორედ ამგვარმა ამბებმა და მეხსიერების პოლიტიკისადმი ინტერესმა გაუჩინა მკვლევარს იდეა – შეესწავლა ტრანსგენერაციული დევნილობა, როცა იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული ტრავმა და ფსიქოლოგიური ტვირთი თაობიდან თაობას გადაეცემა.

კვლევა მოიცავს დევნილობის ნარატივების შესწავლას მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის ფარგლებში იგეგმება სიღრმისეული ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები და რაოდენობრივი კვლევის ელემენტების გამოყენება. მისი მიზანია, დადგინდეს, როგორ ფორმირდება დევნილობის გამოცდილება, როგორ გადადის თაობებს შორის და რა რჩება ან იკარგება ამ მეხსიერებაში.

პროექტი სამწლიანია და მისი შედეგები მოიცავს ორ საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიას, საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგენას და მონოგრაფიის მომზადებას.

კვლევაში ჩართულია ინტერდისციპლინური გუნდი: პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულების ასოცირებული პროფესორი სალომე დუნდუა, პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორანტი ლიკა კვინჩია და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ფირცხალავა. პროექტს საერთაშორისო აკადემიური მხარდაჭერაც აქვს – მასში მონაწილეობენ უცხოელი კონსულტანტები, მათ შორის, მარკო პულერი (ბოლონიის უნივერსიტეტს პროფესორი, ევროპისა და ევრაზიის კვლევების პროგრამის თანახელმძღვანელი) და კორნელიუს კონინგი (ზაარლანდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც იკვლევს ტრავმას). დაგეგმილია, ასევე, თბილისში ვორქშოპების ჩატარება კვლევის მეთოდოლოგიაზე.

როგორც თამარ ქარაია აღნიშნავს, დევნილობის საკითხი მხოლოდ წარსულის თემა არ არის – იგი დღემდე მოქმედი სოციალური რეალობაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების თვითაღქმასა და საზოგადოებრივ ურთიერთობებზე. სწორედ ამიტომ, მსგავსი კვლევები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც აკადემიური, ისე საზოგადოებრივი თვალსაზრისით.

Facebook
Twitter
LinkedIn