კრებული ,,ელენე დარიანის დღიურები” – ახალი კვლევები პაოლო იაშვილის პოეტური ციკლის შესახებ

თარიღი: 2023-12-05 17:24:32

30 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კრებულის – ,,ელენე დარიანის დღიურები – ტექსტი და ავტორი” – წარდგენა.

სააქტო დარბაზში თავი მოიყარეს როგორც სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა, ისე სტუდენტებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეოცე საუკუნის ქართული პოეზიით.

საღამოს უძღვებოდნენ კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი თამარ პაიჭაძე და პროექტის ავტორი, ფილოლოგიის დოქტორი, ფონდის ,,ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის” დამფუძნებელი ნინო ჩხიკვიშვილი.

კრებულს წინ უძღვის ქალბატონი თამარ პაიჭაძის საკმაოდ ვრცელი წინათქმა, რომელშიც ის საუბრობს მოდერნიზმის მიერ დამკვიდრებული ახალი მხატვრულ-ფილოსოფიური აზროვნების დაფუძნებასა და ამ გამოცდილების ქართულ კულტურაზე გავლენის შესახებ. კრებული პასუხს სცემს ყველა იმ კითხვას, რომელიც გაჩნდა მოცემული თემის გარშემო და რომელიც ეჭვქვეშ აყენებს დარიანული ლექსების რეალურ ავტორად პაოლო იაშვილის მოხსენიებას.

თამარ პაიჭაძის თქმით, საკითხი არასდროს კარგავდა აქტუალურობას, დროდადრო იჩენდა თავს ახალი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ დარიანული ლექსების ავტორი იყო არა პაოლო იაშვილი, არამედ ელენე ბაქრაძე. 

თუმცა რეალობა ერთია – ,,ცისფერყანწელთა” ლიდერი პაოლო იაშვილი ელენე დარიანის სახელით აქვეყნებდა ლექსებს. ამ საიდუმლოს დიდხანს ინახავდნენ, თუმცა ყველა კვლევაში, რომელშიც ,,ელენე დარიანის დღიურების” ლირიკული გმირის იდენტიფიკაციას ცდილობდნენ, სხვა ვარიანტი ნამდვილ ავტორობაზე, გარდა პაოლო იაშვილისა, არ არსებობდა.

,,ჩვენი მთავარი მიზანი იყო – ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი სწორედ რომ ლიტერატურული პოზიციებიდან გაგვეანალიზებინა, რადგან საკითხის განხილვამ, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში გადაინაცვლა, სადაც აბსოლუტურად უკონტროლო და ბევრად უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ამ თემის ავთენტური ადგილი სწორედ ლიტერატურული და სამეცნიერო წრეებია” , – ამბობს თამარ პაიჭაძე.

აღსანიშნავია, რომ მთელი ამ ვნებათაღელვის მიზეზი ელენე ბაქრაძე-ბერიშვილი- ქართველიშვილი იყო, რომელმაც, როგორც თამარ პაიჭაძე აფასებს –  ,,უაპელაციოდ სცადა ,,ცისფერყანწელთა” მუზის და კიდევ უფრო ხაზგასმულად  – მათი ლიტერატურული ცხოვრების წევრის, პოეტესა ელენე დარიანის მანტიის მორგება. ამ ისტორიას კარგა ხანს მოჰყვა ,,წაჯექ-უკუჯექობა” ლიტერატურულ და არალიტერატურულ სარბიელზე.”

ამ მეტად საინტერესო, საკამათო და მნიშვნელოვანი ამბის მთავარი მიზეზი ლიტერატურული მისტიფიკაცია გახლავთ. ეს მწერლებისა და პოეტების უძველეს ხრიკს წარმოადგენს. ლიტერატურული მისტიფიკაციის საშუალებით ავტორები ხშირად საპირისპირო სქესის ნიღაბსაც ირგებდნენ, რომ ეთქვათ სათქმელი, რომელსაც თავად ვერ ამბობდნენ, გამოეხატათ ის, რის გამოხატვასაც საკუთარი იდენტობით ვერ გამოხატავდნენ. სწორედ ამ ფენომენის იდეალური გამოხატულებაა ,,ელენე დარიანის დღიურები.”

კრებულის წარდგენაზე აღინიშნა, რომ პაოლო იაშვილი მართლაც წარმოადგენდა მისტიფიკატორ ავტორთა კლასიკურ (უპირველესად) მაგალითს, რომლის ამ ლიტერატურულ ,,თამაშში” ჩაბმაც ნამდვილად აღმოჩნდა უპრეცედენტო ფაქტი იმდროინდელი ქართული პოეზიისათვის.

პროექტის ავტორი ნინო ჩხიკვიშვილი საზოგადოებას უამბობს, რომ თემის ხელახალი განხილვა და პოლემიკა გაიმართა 2021 წლის ბოლოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული კრებულის – ,,ელენე დარიანი” – წარდგენისას, რომელშიც, ფაქტობრივად, მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, რომ დარიანული ლექსების ავტორი ელენე ბაქრაძე გახლდათ.

,,თუმცა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ საკითხი თითქმის ოცდაათი წელია აქტუალურია და სხვადასხვა დროს სხვადასხვა გარემოებამ კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა პოლემიკა”, ­- გვიამბობს ნინო ჩხიკვიშვილი. მისი ნაამბობიდან ვიგებთ, რომ პირველი ტალღა, საკითხისადმი გაურკვევლობისა და, შესაძლოა ითქვას, ხშირად სამეცნიერო ეთიკას გაცდენილი კამათისა, ჯერ კიდევ 1997 წელს გიორგი ჯავახიშვილის პუბლიკაციებს მოჰყვა, რომელიც, როგორც ქალბატონი ნინო წიგნში გამოქვეყნებულ თავის წერილში აღნიშნავს, ,,სენსაციური აღმოჩენის” პრეტენზიას უფრო მიაგავდა. ეს პუბლიკაციები ამტკიცებდა, რომ დარიანული ლექსების ავტორი არა ელენე დარიანი, არამედ ელენე ბაქრაძე იყო. ეს ყოველივე კი შორსაა ისტორიული სიმართლისგან.  

როგორც ხედავთ, დარიანული ლექსების პაოლოს კალმით წერის მოსაზრებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა და ჰყავს, თუმცაღა, ალბათ, მეტად სანდოა პაოლოს თანამედროვე კოლაუ ნადირაძის სიტყვები, რომელთან უშუალო კონტაქტი თავად ნინო ჩხიკვიშვილს ჰქონდა. კოლაუს თქმით, ის გაოცებული იყო პაოლოს ნიჭიერებით და განაცვიფრებდა პაოლოს საოცარი უნარი – ასე ჩასახლებულიყო, ჩასწვდომოდა და გადმოეცა ქალის ფიქრები, შეყვარებული ქალის ვნებანი და ფსიქიკა.

ნინო ჩხიკვიშვილმა კრებულის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ კოლაუ ნადირაძემ მას ფსევდონიმის წარმოშობის შესახებაც უამბო  – ელენე დარიანის სახელი სახეცვლილი ვერსია იყო ,,დორიან გრეის პორტრეტის” პერსონაჟ დორიანისა.

კრებულის ლიტერატურულ და სამეცნიერო მნიშვნელობაზე ისაუბრეს პრეზენტაციაზე მობრძანებულმა სტუმრებმაც. წიგნს ჰყავს რეცენზენტები, თსუ-ს პროფესორები: გაგა ლომიძე და კახაბერ ლორია.

,,პაოლო იაშვილის დარიანული ლექსების ავტორობა ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს მდგარა, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, ბატონი სერგი ჭილაია გვიყვებოდა მისტიფიკაციის ხერხზე და მტკიცებით ფორმაში გვიამბობდა, რომ ამ ხერხის საუკეთესო მაგალითი სწორედ პაოლოს დარიანული ლექსები იყო. მინდა, საუნივერსიტეტო საზოგადოებას მივულოცო ამ ძალიან მნიშვნელოვანი კრებულის გამოქვეყნება”, – განაცხადა ბატონმა კახაბერმა თავის გამოსვლაში და დასძინა, რომ ეს მუდმივი პოლემიკა მხოლოდ დადებით გავლენას ახდენს პაოლო იაშვილის შემოქმედებისა და სახელის უკვდავყოფასა და მისტიფიკაციის ხერხის პოპულარობაზე”.

კრებულის შემქმნელებმა სიტყვა მისცეს ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის პროფესორ თამარ შარაბიძეს, რომელმაც საკმაოდ ვრცლად ჩამოაყალიბა დასკვნები და შეხედულებები, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდეგ შენიშნა. თამარ შარაბიძემ კიდევ ერთი საინტერესო კუთხით წარმოაჩინა კრებულის მნიშვნელობა და ლიტერატურული ღირებულება.

,,მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა კითხვები ამ საკითხის მიმართ აღარ არსებობდეს სამეცნიერო სივრცეში, საზოგადოების გარკვეულ წრეებში კითხვები ისევ პასუხგაუცემელია. წიგნის მთავარი ღირსება შემდეგია – კრებული არ ამტკიცებს მხოლოდ ერთ მოსაზრებას, მასში წარმოდგენილია როგორც მომხრეთა, ისე საკითხის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები”, – ასე შეაფასა ქალბატონმა თამარმა კრებული და ვრცლად წარმოადგინა პაოლო იაშვილის დარიანული ლექსების ავტორობის დამამტკიცებელი არგუმენტები, რომლებიც იმდენად მრავალი აღმოჩნდა, რომ აქცენტები მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებზე გაკეთდა, მოწინააღმდეგეთა არგუმენტთა რაოდენობა კი საგრძნობლად ჩამორჩებოდა მომხრეთა არგუმენტებს. ამასთან, მათი გაბათილება მეტად მარტივი აღმოჩნდა.

პრეზენტაციის მიწურულს სიტყვა გადაეცა ლევან ბრეგაძეს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს. წიგნში ადგილი ეთმობა მის მოსაზრებას საკითხის მიმართ სახელწოდებით – ,,დარიანული ლექსების ავტორობის საკითხისათვის.”

როგორც სხვა გამომსვლელებმაც აღნიშნეს, ბატონი ლევანიც დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ პოლემიკა თემის გარშემო გაცდენილი იყო მეცნიერული ეთიკის ნორმებს და უგულებელყოფილ იქნა ისეთი სანდო და მნიშვნელოვანი წყაროები, რომლებსაც შეეძლო ყველანაირი კამათის გარეშე დაემტკიცებინა პაოლოს ავტორობა.

,,კრებულმა ძალიან ბევრი სიკეთე მოიტანა. მრავალთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვითარდება ტექსტის ანალიზის ტექნიკა და ყურადსაღები გახდა ფილოლოგიის ორი დარგი – ტექსტოლოგია და სტილის ანალიზი, ეს ორი დარგი ხშირად იმაზე უფრო ზუსტი მეცნიერებაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტექნიკური თუ საბუნებისმეტყველო დარგი. ცხადია, სიკეთეს წარმოადგენს პოეზიის მუდმივი ინტერესი, რადგანაც, როგორც მოგეხსენებათ, პოეზია ყოველთვის უმცირესობის საქმეს წარმოადგენდა და მისი არეალის გაფართოება მხოლოდ სასიამოვნო შეიძლება იყოს”, – აღნიშნა ლევან ბრეგაძემ.

შეხვედრის ბოლოს დამსწრე სტუმრებს გადაეცათ კრებული, რომელიც მომზადებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ფონდ ,,ცისფერყანწელთა ხსოვნისთვის”  – მხარდაჭერით.

წიგნი უახლოეს მომავალში ელექტრონული სახითაც გამოქვეყნდება, რათა უფრო ბევრი მკითხველისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

დასასრულ, შესაძლოა ითქვას, რომ პროექტში ჩართული ყველა ადამიანის მიზანს ერთი რამ წარმოადგენს – მკითხველის გაერთიანება. წიგნი არ არის რომელიმე მხარის გამართლების ან გამტყუნების მიზანი, კრებული უნდა იყოს საყოველთაო ხასიათის, რათა აღარ არსებობდეს ორი აზრი მეოცე საუკუნის ქართული კლასიკური ლიტერატურის შესახებ.

ნინო ჯანჯალაშვილი

Facebook
Twitter
LinkedIn