თამარ ნადირაძე: ,,აუცილებელია საქართველოში სამედიცინოს სტუდენტთა პრაქტიკული მომზადების სისტემის გაძლიერება”
თამარ ნადირაძე თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტია. მისი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანი გამოცდილებით გამდიდრდა, რადგან შესაძლებლობა მიეცა იენაში, ფრიდრიხ შილერის საუნივერსიტეტო კლინიკაში (Friedrich Schiller University) ერთთვიანი გაცვლითი პროგრამა გაევლო.
როგორც თამარი იხსენებს, პროგრამის შესახებ პირველად შეიტყო მეგობრისგან, რომელიც მანამდე გინეკოლოგიის მიმართულებით იმავე უნივერსიტეტში იმყოფებოდა. „მეგობრის რჩევამ დამაფიქრა – ვიცოდი, რომ ეს იყო შანსი, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა“, – აღნიშნავს თამარი.
პროგრამაში მოსახვედრად მან თსუ-ში ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარა, რადგან საერთაშორისო სერტიფიკატი არ გააჩნდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და სათანადო დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ (რეკომენდაციები, სამოტივაციო წერილი და სხვა საჭირო დოკუმენტები) თამარმა გასაუბრება ინგლისურ ენაზე გაიარა და, ორივე ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, გაცვლით პროგრამაში მოხვდა.
იენას საუნივერსიტეტო კლინიკაში გატარებული ერთი თვე თამარისთვის უდიდესი პროფესიული და პიროვნული გამოცდილება აღმოჩნდა. კლინიკის მასშტაბურობამ სტუდენტს მისცა საშუალება – გაცნობოდა მრავალფეროვან შემთხვევებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. „ჩვენი პროგრამა მხოლოდ რენტგენს, MRI-ს, CT-სა და ულტრაბგერას არ მოიცავდა. გვქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდით ინტერვენციული რადიოლოგიის პროცედურებსაც – ყველაფერი საოცრად თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული და საინტერესო იყო“, – ამბობს თამარი.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მისთვის ადამიანური დამოკიდებულება აღმოჩნდა: „ექიმები უდიდესი ყურადღებით გვიხსნიდნენ თითოეულ დეტალს, გვპასუხობდნენ ყველა კითხვაზე და პრაქტიკულ გამოცდილებას გვიზიარებდნენ. სტუდენტი თავს მნიშვნელოვნად გრძნობდა“, – იხსენებს ის.
მიუხედავად არცთუ ისე ხანგრძლივი პროგრამისა, თამარი ორი დღით რადიაციული თერაპიის განყოფილებაშიც მოხვდა, რაც, მისი თქმით, სრულიად ახალი და ინოვაციური გამოცდილება იყო: „იქ ვნახე ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ჯერ საქართველოში არ გვაქვს. ეს იყო უდიდესი მოტივაცია, რომ მომავალში ამ მიმართულებით უფრო სიღრმისეულად ვიმუშაო“.
თამარი აღნიშნავს, რომ თსუ-მ მისცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ერასმუსის გაცვლით პროგრამაში. უნარ-ჩვევების დახვეწასთან ერთად ერთთვიანმა პროგრამამ მას სხვა კუთხით დაანახა საქართველოს სამედიცინო განათლების წინაშე არსებული გამოწვევებიც. „ჩვენთან რადიოლოგიის კურსი საინტერესოა, მაგრამ ძალიან შეზღუდული – სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის დაგროვება უჭირთ. გერმანიაში კი სტუდენტები სრულად არიან ჩართულნი კლინიკურ პროცესებში, რაც მათ პროფესიულად ბევრად უფრო ზრდის“, – ამბობს იგი.
თამარის აზრით, აუცილებელია საქართველოში სამედიცინოს სტუდენტთა პრაქტიკული მომზადების სისტემის გაძლიერება. „უნდა გაიზარდოს კლინიკური საათების რაოდენობა, ჩატარდეს ჯგუფური პრაქტიკული ტრენინგები და სტუდენტებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა რეალურ შემთხვევებთან მუშაობისთვის. ასეთი მიდგომა მათ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ თავდაჯერებულობასაც შესძენს“, – მიიჩნევს თამარ ნადირაძე, რომლის გამოცდილებაც აჩვენებს, რომ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები არა მხოლოდ პროფესიულ უნარებს აძლიერებს, არამედ აჩენს ხედვას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სამედიცინო განათლება საქართველოში პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების გზით.
