თამარ მაზანიშვილმა შემოდგომის სემესტრი კომენიუსის უნივერსიტეტში გაატარა
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა თამარ მაზანიშვილმა შემოდგომის სემესტრი სლოვაკეთში, კომენიუსის უნივერსიტეტში გაატარა – უნივერსიტეტთაშორისი ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
კომენიუსის უნივერსიტეტი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლად ითვლება. „ეს უნივერსიტეტი განსაკუთრებით ინტერდისციპლინარული კვლევებითაა ცნობილი. ჩემთვის აქ სწავლა მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო აკადემიური და პროფესიული განვითარებისთვის. ლექციები, ძირითადად, ინგლისურად მიმდინარეობდა და დატვირთული იყო სადისკუსიო ფორმატით, რაც ხშირად თემის ღრმა ანალიზისკენ გვიბიძგებდა და საშუალებას მაძლევდა შემედარებინა ქართული და ევროპული სამართლის სისტემები“, – ამბობს თამარი.
გაცვლითი სემესტრი მისთვის მხოლოდ სწავლით არ შემოიფარგლა – თამარი აქტიურად იყო ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში: „ძალიან საინტერესო იყო Erasmus Student Network-ის მიერ ორგანიზებული აქტივობები — სტუდენტური ტურები, კულტურული საღამოები, სპორტული თამაშები… განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ,,საერთაშორისო ვახშამი”, რომელიც ყოველკვირეულად იმართებოდა და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გვაცნობდა. ეს ყველაფერი ხელს უწყობდა კულტურათაშორის დიალოგის განვითარებას“.
სლოვაკეთში სწავლის პერიოდიდან თამარ მაზანიშვილი განსაკუთრებულად იხსენებს შედარებითი კონსტიტუციური სამართლის სალექციო კურსს, რომლის ფარგლებშიც მრავალი დისკუსია იმართებოდა: „სტუდენტებმა წარმოვადგინეთ ჩვენ-ჩვენი ქვეყნის საკონსტიტუციო სამართლის განვითარების ისტორია, თანამედროვე ვითარება და ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც დღეს არსებობს. ბევრისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ის რეალობა, რომელიც საქართველოში კონსტიტუციური დემოკრატიის ფორმირების გზაზე შეიქმნა — განსაკუთრებით ისეთი თემები, როგორებიცაა ძალაუფლების ბალანსი, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ადამიანის უფლებების დაცვა. ეს დისკუსია ჩემთვის ღირებული იყო, რადგან უცხოელ სტუდენტებთან მომიწია არა მხოლოდ დღეს მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის გაზიარება, არამედ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციური განვითარების შეფასება კრიტიკული თვალითაც”.
სტუდენტი ასევე ყურადღებას ამახვილებს მოლაპარაკებების სასწავლოს კურსზე: „ეს საგანი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მოდელზე იყო აგებული და პრაქტიკული ამოცანებისგან შედგებოდა – თითოეულ ლექციაზე ვირგებდით სხვადასხვა როლს და ვატარებდით მოლაპარაკებებს რეალური სცენარების მიხედვით, მაგალითად როგორც ამას აკეთებენ საერთაშორისო კომპანიები, მაღალი რანგის მენეჯერები ან იურისტები… ძალიან პრაქტიკული და გამოსადეგი კურსი იყო და სრულიად შემიცვალა ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივუდგე სიტუაციურად მოლაპარაკებებს როგორც პროფესიულ, ისე ყოველდღიურ კონტექსტში”.
კითხვაზე – როგორ განსხვავდება სწავლის პროცესი თსუ-სა და კომენიუსის უნივერსიტეტში, თამარი გვპასუხობს: „ორივე უნივერსიტეტი მაღალი აკადემიური სტანდარტით გამოირჩევა, თუმცა სლოვაკეთში სწავლა ბევრად პრაქტიკულ კომპონენტებზეა ორიენტირებული. იქ სტუდენტებს ხშირად აძლევენ შესაძლებლობას – იმუშაონ ქეისებზე, გამოხატონ განსხვავებული პოზიციები, ჩაერთონ დისკუსიებში. ასევე, განსხვავებულია შეფასების ფორმატიც – იყო ზეპირი გამოცდებიც კი, რაც თსუ-ში იშვიათად გვხვდება“.
გაცვლითი სემესტრი სწავლასთან ერთად თამარისთვის მოგზაურობასთანაც ასოცირდება: „ბრატისლავა იდეალურ ადგილზე მდებარეობს – ერთი საათის გზაზეა ვენა და ბუდაპეშტი. ამიტომ ხშირად ვგეგმავდით სპონტანურ მოგზაურობებს. მოვხვდი პრაღაში, დუბროვნიკში, რომში, მალტაზე, კოპენჰაგენში… ყველა მოგზაურობა თავისებურად განსაკუთრებული იყო. მაგრამ ყველაზე მეტად კოპენჰაგენი მომეწონა – საოცრად მშვიდი და მოწესრიგებული ქალაქია“.
სლოვაკეთში გატარებულმა რამდენიმე თვემ თამარს ბევრი რამ ასწავლა. „ეს პერიოდი დამეხმარა საკუთარი პოტენციალის გაცნობიერებაში. ვისწავლე, როგორ ვიყო დამოუკიდებელი, როგორ დავძლიო სირთულეები და ვიმოქმედო მაშინაც კი, როცა ყველაფერი გეგმით გაწერილი არ არის. მივხვდი, რომ კომფორტის ზონიდან გასვლა აუცილებელია ზრდისთვის. მთავარია, არ შეგეშინდეს ამ გზის“, – გვითხრა თამარ მაზანიშვილმა.
