კომენიუსის უნივერსიტეტში გატარებული ერთი სემესტრი

თარიღი: 2026-11-16 15:34:08

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტი თამარ დევრისაშვილი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბრატისლავაში, კომენიუსის უნივერსიტეტში სწავლობდა.

,,საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემში, ჩემს შეხედულებებსა და დამოკიდებულებებში. სლოვაკები ძალიან ყურადღებიანი, მშრომელი და წესიერი ხალხია. ისინი დიდ პატივს სცემენ კანონს და აფასებენ უსაფრთხოებას. ამგვარ გარემოში ყოფნამ უპირველესად დამანახა, თუ რაოდენ დიდი როლი აქვს ქვეყნის სტაბილურობას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მუდმივი უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განცდა, რომელსაც ეს საზოგადოება ქმნის, ახალ გარემოსთან მარტივად ინტეგრაციაში ძალიან დამეხმარა. ხალხის სითბო განსაკუთრებით ჩანდა პროფესორებთან ურთიერთობაშიც, საქართველოში დაბრუნების შემდეგაც კი რამდენიმე მათგანთან აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებ. დამოუკიდებლობა, ყურადღებიანობა, მოთმინება, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის თამამად აღება და სიახლეების სიხარულით მიღება სწორედ ის თვისებებია, რაც საზღვარგარეთ ცხოვრებამ მასწავლა. ამასთანავე, მობილობის პერიოდში შევძელი მრავალი ევროპული ქვეყნისა და ქალაქის მონახულება, ადგილობრივი ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება, სპექტაკლებზე დასწრება და ევროპული კულტურის უშუალოდ გაცნობა“, – გვიყვება თამარი.

სწორედ თსუ-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გახდა თამარ დევრისაშვილისთვის ის მთავარი საყრდენი, რომელმაც მოტივაცია მისცა – ჯერ გაცვლითი პროგრამის კონკურსში მიეღო მონაწილეობა, ხოლო შემდეგ მიმღებ უნივერსიტეტში ყველა საგანი წარმატებით ჩაებარებინა. ,,ჩემი მაღალი აკადემიური მოსწრება განაპირობა იმანაც, რომ თსუ-ში შესაბამისი აკადემიური სტანდარტებით მიღებული განათლება დიდ სიმპათიას იწვევდა იქაურ პროფესორებში, ხშირად აღნიშნავდნენ კიდეც, რომ ჩემ მიერ ამ ცოდნის აკადემიურ ნაშრომებში გამოყენებას ძალიან აფასებდნენ. ყველაზე საინტერესო კი აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის სწავლის პროცესი იყო, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ ქეისებსაც აქტიურად განვიხილავდით. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო გამეგო უცხოელი კოლეგების აზრი ჩვენი ქვეყნის შესახებ და მათთვის მოვლენები ქართველის თვალითაც დამენახებინა“, – ამბობს სტუდენტი.

თამარ დევრისაშვილი თსუ-სა და მიმღებ უნივერსიტეტში სწავლების ფორმატებს შორის არსებულ განსხვავებებზეც საუბრობს და აღნიშნავს:  ,,კომენიუსის უნივერსიტეტში ლექტორები ცდილობდნენ – საგნები მრავალფეროვანი მეთოდებით ესწავლებინათ. მაგალითად, ერთ-ერთი საგნის სწავლის დროს მრავალი რთული სამართლებრივი ტერმინი გვხვდებოდა, მათ უკეთ დასამახსოვრებლად კი სემინარებზე ვთამაშობდით ინტელექტუალურ თამაშებს. ასევე მქონდა საგანი, სადაც პროფესორი გიტარით მოდიოდა და სხვადასხვა ისტორიული მოვლენისადმი მიძღვნილ სიმღერებს გვიმღეროდა მოვლენების უკეთ დასამახსოვრებლად. ეს პროცესი კი ძალიან სახალისოსთან ერთად უჩვეულო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. თავად მეც, პრეზენტაციებისა და ნაშრომების მომზადებისას, ვცდილობდი შემექმნა ნაკლებად სტანდარტული და მეტად შემოქმედებითი, ემოციური და დასამახსოვრებელი სლაიდები, რაც ჩემთვის განსხვავებული გამოცდილება იყო“.

თამარის სამომავლო გეგმები იმ იდეების ხორცშესხმაა, რომლებიც დიდი ხანია გონებაში უტრიალებს. მას აინტერესებს მრავალი განსხვავებული სფერო, სურს მსოფლიოს მრავალი საოცრების კიდევ სხვა კუთხით აღმოჩენა და პროფესიული საზღვრების გაფართოება.  

Facebook
Twitter
LinkedIn