ახალი წიგნი – „სახელშეკრულებო ურთიერთობათა საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემების შედარებითი კვლევა“
თსუ-ში 27 მაისს წარდგენილი ახალი წიგნი – „სახელშეკრულებო ურთიერთობათა საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემების შედარებითი კვლევა“ – სამართლებრივად რთულ, თუმცა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ საკითხებს პასუხობს. როგორც წიგნის პრეზენტაციაზე აღინიშნა, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, თამარ ჩიტოშვილის მონოგრაფია მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ქართული სამართლის დოქტრინაში, რადგან ის ევროპული, კერძოდ კი გერმანული გამოცდილების ფონზე აანალიზებს ისეთ თემებს, როგორებიცაა სასესხო-საკრედიტო ურთიერთობები, ბინის ქირავნობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინსტიტუტი.
ღონისძიების გახსნაზე სტუმრებს თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა და ხაზი გაუსვა წიგნის როლს ქართული სამართლებრივი სივრცის განვითარებისთვის. რექტორმა ნაშრომის მეცნიერულსა და პრაქტიკულ ღირებულებაზე ისაუბრა და ავტორს შემდგომი წარმატებები უსურვა.
პროფესორ თამარ ჩიტოშვილის განმარტებით, მისი კვლევის მთავარი ინსპირაცია პრაქტიკაში დანახული პრობლემები გახდა. ნაშრომის წინასიტყვაობაში ავტორი ხაზს უსვამს, რომ სამართალი „ცოცხალი ორგანიზმია“, რომელიც მუდმივ ზრუნვასა და განვითარებას საჭიროებს – შესაბამისად, სახელშეკრულებო წესები ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ვერ იქნება. სწორედ ამიტომ, კვლევა აანალიზებს პრაქტიკაში გადასულ იმ საკანონმდებლო ხარვეზებსა და ბუნდოვანებებს, რომლებიც განსაკუთრებით მომხმარებელთა უფლებების დაცვას უკავშირდება.

საბანკო ხელშეკრულებების ხარვეზები და მსესხებელთა უფლებები
კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში პრობლემების წარმოშობის საფუძველი ხშირად კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა ხდება. პროფესორ თამარ ჩიტოშვილის კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბანკო-საკრედიტო ხელშეკრულებებს, სადაც მსესხებელი, როგორც შედარებით „სუსტი მხარე“, ხშირად არათანაბარ პირობებში აღმოჩნდება ხოლმე. ბანკებს უპირატესი, დომინირებული მდგომარეობა უკავიათ, ხელშეკრულების პირობები კი ხშირად ბუნდოვანი ან მომხმარებლის ინტერესებისთვის მიუღებელია. თუმცა, ვინაიდან მათი შეცვლა კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია, მოქალაქეები იძულებულნი არიან, დაეთანხმონ ამ პირობებს პრინციპით: „თუ გინდა მოაწერე, თუ გინდა ნუ მოაწერ“. მსგავსი ფაქტები უცხოური კანონმდებლობითა და დოქტრინით ამორალურად არის შეფასებული.
ავტორი მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბუნდოვანება, რომელიც ჯარიმის დაკისრების წესს ეხება, პრაქტიკაში ბანკების ინტერესებზეა მორგებული და ფულადი ვალდებულების დარღვევისას მომხმარებლის კაბალურ პირობებში მოქცევას უწყობს ხელს. მისი აზრით, გამოსავალი არა კანონმდებლობის მრავალჯერად ცვლილებაში, არამედ ბანკების მიერ შედგენილი ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების მკაცრ საკანონმდებლო კონტროლსა და ზედამხედველობაშია.
გარდა ამისა, ნაშრომში განხილულია ჩვეულებრივი ზეპირი სესხის ხელშეკრულებების რისკები და შემოთავაზებულია გარკვეული ზღვრის ზემოთ წერილობითი ფორმის სავალდებულო დაწესება, რაც დავებს საგრძნობლად შეამცირებს.
ცალკე პრობლემად არის გამოყოფილი გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც ხშირად მოჩვენებითია, ფაქტობრივად სესხს მალავს და, კანონში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, პრაქტიკაში მახინჯი ფორმით დამკვიდრდა და სასამართლო დავები გაზარდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები: როგორ ავიცილოთ თავიდან ფიქტიური ოქმები და თავმჯდომარის თვითნებობა?
მონოგრაფიის მეორე ნაწილი 90-იან წლებში განხორციელებულ სამართლებრივ რეფორმასა და ბინების პრივატიზაციის შემდგომ პერიოდს ეხება, რამაც დღის წესრიგში ახალი ინსტიტუტის – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბება შემოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს მიღებულმა სპეციალურმა კანონმა ეს სფერო დაარეგულირა, პრაქტიკაში უამრავი საკანონმდებლო ხარვეზი გამოიკვეთა. ეს ხარვეზები და ნორმათა არასწორი დანერგვა ხშირად ამხანაგობის თავმჯდომარის მხრიდან თვითნებური მართვისა და წევრთა უფლებების დარღვევის საფუძველი ხდება.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ კანონი მკაფიოდ არ განსაზღვრავს ამხანაგობის აღრიცხვაზე უარის თქმის საფუძვლებს, რის გამოც ავტორს მიაჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, გერმანული კანონმდებლობის მსგავსად, სავალდებულო რეგისტრაციას უნდა დაექვემდებარონ. ასევე, დაზუსტებას საჭიროებს კანონის მე-4 მუხლი, რომელიც წევრთა ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებას შორის ფარგლებს აწესებს, რადგან ნორმის ორაზროვანი გაგება ხშირად დავის საფუძველი ხდება. განსაკუთრებით პრობლემურია საერთო კრების ოქმების შედგენის წესი: დღეს მოქმედი წესით, ოქმზე მხოლოდ თავმჯდომარის ხელმოწერის სანოტარო დადასტურებაა საკმარისი, რაც ფიქტიური ოქმების შედგენის შესაძლებლობას იძლევა. სასამართლოები ხშირად აბათილებენ ასეთ ოქმებს, ამიტომ თამარ ჩიტოშვილის პრაქტიკული რეკომენდაციით, აუცილებელია კანონში ცვლილების შეტანა, რათა კრების ოქმის ნამდვილობისთვის მასზე ამხანაგობის წევრთა ხელმოწერებიც კეთდებოდეს და ნოტარიუსის მიერ დასტურდებოდეს
ბინის ქირავნობის საკითხები: როდის უნდა ჩაერიოს სახელმწიფო მოქალაქის დასაცავად?
მონოგრაფიის მესამე თავი საცხოვრებელი ბინის ქირავნობის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილ პრობლემებს ეთმობა. საცხოვრებელი სახლი ადამიანის სასიცოცხლო საჭიროებაა, ამიტომ, წიგნის ავტორი თვლის, რომ ზოგიერთ საკითხში მოქალაქეების უფლებების დასაცავად სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული იმპერატიული ნორმების შემოტანა აუცილებელია. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, ქირავნობის ხელშეკრულების ფორმის შერჩევა თავისუფალია, თუმცა ზეპირი შეთანხმებები ხშირად მხარეთათვის არასასურველი შედეგებითა და ხანგრძლივი სასამართლო დავებით სრულდება. სასამართლო პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით, ავტორი მიიჩნევს, რომ ბინის ქირავნობისთვის სავალდებულო წერილობითი ფორმა უნდა დაწესდეს, რაც ბევრ უსიამოვნებას ააცილებს მხარეებს თავიდან.
კიდევ ერთი საკითხი ბინის ქირის გაზრდის საფუძვლები და შეზღუდვებია. თამარ ჩიტოშვილი კვლევაში ინიციატივას აყენებს: თუ ხელშეკრულების დადებიდან მცირე დროა გასული (მაგალითად, 1 წლამდე), ქირის გაზრდის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუშვებელი უნდა იყოს. გარდა ამისა, სახელმწიფო სტრუქტურები ვალდებულნი უნდა იყვნენ, შეისწავლონ ბაზარზე არსებული მდგომარეობა, დაასაბუთონ ქირის გაძვირების მიზეზები და მიუთითონ, თუ რა კონკრეტულ ზომებს მიიღებს სახელმწიფო სიტუაციის გამოსასწორებლად. ავტორი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელს მძიმე პირობებში ჩავარდნა არ უნდა უწევდეს მხოლოდ გამქირავებლის საკეთილდღეოდ, რისთვისაც სამოქალაქო კოდექსის 562-ე მუხლი (სპეციალური ნორმა ბინის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების შესახებ) პრაქტიკაში სწორ და მკაფიო ინტერპრეტაციას საჭიროებს.
. . .
მსგავსი სიღრმისეული მიდგომები და კვლევის შედეგები განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს გამოცემას. თამარ ჩიტოშვილის წიგნის პრეზენტაციაზე იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მორის შალიკაშვილმა ნაშრომის შედარებით-სამართლებრივ ღირებულებაზე გაამახვილა ყურადღება და ავტორს წიგნის გამოცემასთან ერთად დაბადების დღეც მიულოცა. მისი თქმით, ეს კვლევა მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის საუკეთესო მაგალითია, რადგან ის გერმანიაში, მაქს პლანკის ინსტიტუტში მოპოვებული არაერთი სტიპენდიისა და დაუღალავი შრომის შედეგს წარმოადგენს.
„ქალბატონი თამარის საქმიანობა ჩვენს ფაკულტეტზე მუდამ გამორჩეული არის ორი რამით – ეს არის შრომისმოყვარეობა და ეს არის ფაკულტეტისადმი ერთგულება. ამისთვის მსურს მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. როდესაც მის ცოდნას მონოგრაფიის სახით გადასცემს მომავალ თაობას, ეს ორმაგად დასაფასებელია“, – აღნიშნა დეკანმა.
საბოლოო ჯამში, მონოგრაფია მნიშვნელოვან და საჭირო რესურსს წარმოადგენს იურიდიულ სივრცეში. წიგნში თავმოყრილი მოსაზრებები და გერმანულ გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკული რჩევები საინტერესო გზამკვლევი იქნება როგორც თეორიტიკოსი, ისე პრაქტიკოსი იურისტებისთვის – მოსამართლეებისთვის, ნოტარიუსებისა და ადვოკატებისთვის. ამასთან, გამოცემა აქტიურად დაეხმარება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სახელშეკრულებო სამართლისა და ყოველდღიური სამოქალაქო ურთიერთობების უკეთ გააზრებაში.
