თამარ ბიბიჩაძის სურვილია – საქართველოს დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების აღმოფხვრაში მიიღოს მონაწილეობა
,,რუსი მიგრანტები და საქართველო: ეკონომიკური გამოწვევა თუ შესაძლებლობა?“ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა თამარ ბიბიჩაძემ ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე (სექცია – რუსეთ-უკრაინის ომის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები საქართველოზე).
რატომ დაინტერესდა ამ თემით და რა დასკვნა გამოიტანა კვლევის შედეგად? – თამარ ბიბიჩაძე, რომლის მეწყვილეც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი ლუკა ტუღუში გახლდათ, საკუთარ ინტერესებზე გვიამბობს და აცხადებს: ,,ამ თემით დავინტერესდი, რადგან საკმაოდ აქტუალურია რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც პირდაპირპროპორციულად ზემოქმედებს პარტნიორ სახელმწიფოებზე. საქართველო, ერთის მხრივ, უახლოესი პარტნიორია უკრაინის, მეორე მხრივ კი – რუსეთის მეზობელი, რომელსაც ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. შესაბამისად, ომის შემდგომ რუსი მიგრანტების მასობრივმა შემოდინებამ გამოიწვია ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციები და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. ჩემი დაინტერესება, ასევე, გამომდინარეობდა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებით, რომლებიც შესაძლებლობებისა და რისკების იდენტიფიცირებასა და წარმოქმნილი პრობლემების რაციონალურად მოგვარებაში მდგომარეობს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ამ რისკების და შესაძლებლობების იდენტიფიცირება საკმაოდ საინტერესო შედეგების მატრიცას იძლევა“, – ამბობს თამარ ბიბიჩაძე.
რა როლს ასრულებს რუსეთის მოქალაქეების მასობრივი მიგრაცია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე? რა უარყოფითი შედეგები და რისკები გაჩნდა მასობრივი მიგრაციით? რა შესაძლებლობები გააჩინა მასობრივმა მიგრაციამ? – ამ ძირითად კითხვებზე პასუხების მოძიების შედეგად ახალგაზრდა მკვლევრებმა დასკვნა წარმოადგინეს და შედეგები აუდიტორიას გააცნეს.
,,ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლით, მართალია, იზრდება საქართველოს ბიუჯეტი, თუმცა მცირდება მოსახლეობის უმრავლესობის კეთილდღეობა. იგი გამოხატულია ფასების სწრაფ ზრდაში, როგორც სამრეწველო ინდუსტრიაში და სოფლის მეურნეობაში, ისე სამომხმარებლო სექტორში. ამასთან, სარგებელი, რომლითაც მოსახლეობის ერთმა ნაწილმა შეიძლება ისარგებლა, მეორე ნაწილისთვის არსებული გამოწვევა სოციალური მდგომარეობის გაუარესების მომტანი გახდა, ისევე, როგორც საფრთხის შემცველი გახდა ეს ყოველივე ქვეყნის ეროვნული პოლიტიკისთვის. მოწყვლადობა, რომელიც გარკვეულ სიტუაციაში გამომჟღავნდა, უარყოფითად აისახება ქვეყნის სამომავლო პერსპექტივაზე და ქმნის პოტენციური შავი ხვრელების გაჩენის შესაძლებლობას“, – ასკვნის სტუდენტი თამარ ბიბიჩაძე, რომლის მოხსენებამაც მოწონება დაიმსახურა.
ბლიც-ინტერვიუ
- რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მიზანია – საქართველოს დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების აღმოფხვრაში მივიღო მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ გამოწვევები, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთობ პრობლემატურია, აუცილებლად უნდა გადაილახოს და ახალგაზრდებმა ამ ყველაფერში აქტიური წვლილი უნდა შევიტანოთ. შესაბამისად, ბავშვობიდანვე ვიყავი დაინტერესებული პოლიტიკური საკითხებით და ჩართული ვიყავი სხვადასხვა სახის ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში. ამასთან, არ მიყვარს ერთფეროვნება, მინდოდა შემესწავლა ისეთი პროფესია, რომელიც მხოლოდ ერთ სფეროში არ მომცემდა ცოდნას. ასე რომ, როცა გადაწყვეტილების მიღების დრო მოვიდა, პირველი და ერთადერთი, რაც ავირჩიე, საერთაშორისო ურთიერთობები იყო. ვფიქრობ, იმედები გამიმართლდა, პროფესიონალი ლექტორები და შესანიშნავი კურსელები ქმნიან იმ გარემოს, რომელშიც განათლების მიღება სასიამოვნოა. ამასთან, მაქვს ფართო არჩევანი და ყველაფრის ზოგადი ცოდნა.
- რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
- უნივერსიტეტი ღირებულ ცოდნას მაძლევს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. პრაქტიკული გამოცდილებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის ჩემი მიმართულების სტუდენტებისთვის ოპტიმალურია სხვადასხვა სახის სტაჟირებებსა და პროექტებში მონაწილეობა. თუკი მსურს – გავხდე ცვლილებების მომტანი, მეც მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული უნდა ვიყო. ამ ეტაპზე კი ვფიქრობ, უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას აუცილებლად უნდა დაემატოს სხვა არანაკლებ ღირებული, რადგან კონკურენცია დიდია და სასწავლო სივრცე მუდმივ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
- რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
- საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ძალიან ბევრი პრობლემაა, თუმცა მათი აღმოფხვრა შესაძლებელია. ბოლო პერიოდში ბევრი გამოწვევა თანდათანობით გვარდება. მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს არ გვაქვს კორპუსი, სადაც ლექციებს მოვუსმენდით. ყველაზე მოძრავად, ზოგადად, ითვლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რადგან შეიძლება ერთი საგანი გქონდეს ფიზიკის ინსტიტუტში და 10 წუთში მეორე საგანი – პირველ კორპუსში. ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს, როგორც დროის, ისე აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით. თუმცა, საბედნიეროდ, ახალმა რექტორმა, ბატონმა ჯაბა სამუშიამ დაძრა ახალი კორპუსის საკითხი და იმედი მაქვს – მალევე დაიწყება მისი აშენება. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე მესამე კურსზე ვარ და ,,აღარ მომესწრება“, ჩემთვის მნიშვნელოვანია – მომავალ თაობას და ჩემს უმცროს კოლეგებს ჰქონდეთ მათზე მორგებული სასწავლო სივრცე. ასევე, არანაკლები პრობლემაა ინფორმაციული ვაკუუმი საჭირო და ღირებული პროექტების შესახებ, კვების ობიექტის არარსებობა, ი-ლერნინგი, LMS და სხვა. ძალიან შორს წაგვიყვანს პრობლემებზე საუბარი, ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უკეთესობა ნამდვილად შეიმჩნევა, თუმცა, როგორც ლექტორებმა, ისე სტუდენტებმა უნდა იაქტიურონ, რომ უნივერსიტეტი მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული იყოს.
- რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
- პირველ რიგში, მინდა, ჩვენი უნივერსიტეტი კვლავ იყოს რეგიონში საუკეთესო განათლების გამცემი; მისდამი დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდოს და საერთაშორისო ასპარეზზეც უნივერსიტეტთა რანჟირებაში წინ წაიწიოს. სტუდენტების სურვილია – გვქონდეს უკეთესი ინფრასტრუქტურა, ტექნიკა; გვქონდეს მეტი შესაძლებლობა პროექტებში მონაწილეობის; გვქონდეს გამჭირვალე და ნაკლებად ბიუროკრატიული უნივერსიტეტი, სადაც როგორც სტუდენტებს, ისე ლექტორებს უსმენენ და ითვალისწინებენ მათ სურვილებს.