თაკო ბურნაძე გაცვლითი პროგრამით ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

თარიღი: 2024-10-04 16:51:03

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, ესაა ადგილი, რომელმაც მომცა  პიროვნული და პროფესიული განვითარების საშუალება, სივრცე, სადაც განათლების მისაღებად პირველი ნაბიჯები გადავდგი და შემდგომი წლების განმავლობაში  მუდმივად თავისკენ მიზიდავდა“, –  ასე იხსენებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში გატარებულ წლებს ამჯერად უკვე ინგლისური ფილოლოგიის დოქტორანტი თაკო ბურნაძე, რომელიც გაცვლითი პროგრამით სლოვაკეთში, ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ეს მისი პირველი გაცვლითი პროგრამა იყო. კონკურსში მონაწილეობა აქამდე არ უფიქრია, ახლა კი ამბობს, რომ ეს შესანიშნავი საშუალებაა გამოცდილების შეძენისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. „გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩემთვის პირველი გაცვლითი პროგრამა იყო, საქართველოში შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი. იქ ყოფნის პერიოდშივე ვიგრძენი გარკვეული სინანული იმის გამო, რომ მანამდე უარს ვამბობდი მსგავს კონკურსებში მონაწილეობაზე. ეს არის უდიდესი გამოცდილება, რომელიც ყველა სტუდენტმა უნდა მიიღოს. ახალი ცოდნის დაუფლებასთან ერთად გავეცანი მასპინძელი ქვეყნის ისტორიას, კულტურულ და ენობრივ თავისებურებებს, ვნახე – როგორია მათი ყოველდღიურობა,  როგორ ატარებენ თავისუფალ დროს და ა.შ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სლოვაკეთის თავისებურებების მიღმა, სტუდენტების დახმარებით, საკმაოდ ბევრი გავიგე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურაზე, შევიძინე მეგობრები და დავაგროვე უამრავი ლამაზი მოგონება“, – იხსენებს თაკო.

უცხოეთში განათლების გასაღრმავებლად წასვლას, ბუნებრივია, ახლავს წინააღმდეგობები, მაგრამ თუ ზუსტად იცი, რისი მიღება გსურს, მიზანი გიმარტივებს წინააღმდეგობების დაძლევის უნარებს. შედეგად, საკუთარ თავში აღმოაჩენ იმ დაფარულ თვისებებს, რომელიც შინ – კომფორტულ გარემოში არასოდეს გამოგივლენია. თაკოს ამ მხრივ გაუმართლა, რადგან მასპინძელი უნივერსიტეტი მზად აღმოჩნდა გაცვლითი პროგრამის სტუდენტის დასახმარებლად. ის მადლიერია კომენიუსის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორის, რომელმაც სასწავლო პროცესი და უცხო გარემოს სირთულეები ერთნაირი წარმატებით დააძლევინა: „სლოვაკეთში სწავლის პერიოდში, ვფიქრობ, საკმაოდ გამიმართლა ლექტორში, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნება და ამასთანავე საკუთარი საქმის პროფესიონალია. ენის სწავლების პროცესში იგი იყენებდა თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც ცოდნის მიღების  პროცესს  ჩემთვის მეტად სახალისოსა და საინტერესოს ხდიდა.  რა თქმა უნდა, თსუ-ში მყავდა ლექტორები, რომელთა ლექციაც ნამდვილი სიამოვნებაა და არა მოსაწყენი დროის მონაკვეთი.  ზოგადად, ვფიქრობ, ბევრი რამაა დამოკიდებული ლექტორზე – მის ხელშია  უდიდესი ძალაუფლება – გაგიმარტივოს და შეგაყვაროს სწავლის პროცესი,  ან პირიქით  – დაგაშოროს მას“.

სლოვაკეთში თაკო გაეცნო სლოვაკურ ენას და შეძლო გარკვეულ დონეზე  მისი შესწავლა.  დამატებით, ინტერესიდან გამომდინარე, გაიარა ფოტოგრაფიის მოკლე კურსი და პროფესიონალი ფოტოგრაფისგან მიიღო ცოდნა,  რაც მისთვის საინტერესო და ღირებული გამოცდილება იყო.

გაცვლითი სემესტრიდან თაკო გაცილებით მოტივირებული და თავდაჯერებული ჩამოვიდა, რადგან უცხო გარემოსა და სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში მოხვედრა მშვენიერი შესაძლებლობა იყო პიროვნული განვითარებისთვის. აქამდე კი ის სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და მისმა საგარეო ურთიერთობებმა მიიყვანა. თაკო მიიჩნევს, რომ აქ ჩაბარება მისი ცხოვრების ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან სწორად არჩეულმა პროფესიამ და პროფესორ-მასწავლებლებმა არაერთი წარმატება განაპირობეს. „თსუ ჩემთვის ის ლექტორებია, რომლებმაც ეს ადგილი შემაყვარეს, მომცეს უდიდესი მოტივაცია და მასწავლეს, რომ საკმარისი არაა – გახდე შენი საქმის პროფესიონალი, მთავარია შეინარჩუნო ადამიანური ღირებულებები.

თსუ ჩემთვის იქ შეძენილი მეგობრებია, გამოცდების წინ უცნაური ღელვაა, ბიბლიოთეკაში ათასობით წიგნის სურნელია, რომლებიც ფურცლებით დიდებული ადამიანების  აზრებს დაატარებენ.

უნივერსიტეტი ჩემთვის ის ადამიანებია, რომლებმაც ბევრი იბრძოლეს ამ სივრცის შექმნისა და განვითარებისთვის“, – ამბობს იგი.   

Facebook
Twitter
LinkedIn